ხელოვნება

დისკში “საქართველოს მარგალიტები” ქართველი საოპერო მომღერლების არიები გაერთიანდება

25 ოქტომბერი, 2013 • • 1656
დისკში “საქართველოს მარგალიტები” ქართველი საოპერო მომღერლების არიები გაერთიანდება

“ბრავო რეკორდსის” პრეზიდენტმა ზაზა შეგნელიამ დღეს გამართულ პრესკონერენციაზე განაცხადა, რომ პროექტს ხმის ჩამწერი სტუდია კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. 

 

“ხელოვნება არის ერთ-ერთი დარგი, რომლითაც ჭეშმარიტად უნდა იამაყოს ჩვენმა ქვეყანამ. გადავწყვიტეთ გამოვუშვათ ალბომი ჩვენი საოპერო მომღერლების მონაწილეობით. ალბომი იქნება ჩვენი საგანძური,”- განაცხადა ზაზა შენგელიამ. 

 

“ეს არის პროექტი, რომლის საშუალებით უფრო მეტად გავაცნობთ ხალხს ქართველ საოპერო მომღერლებს. იმ დროს, როცა კოსმოსში დაფრინავს თანამგზავრი და ყველას აუწყებს, რომ ჩვენ იმ პლანეტიდან ვართ, სადაც ჩაკრულოს მღერიან, ამგვარი გზავნილის ფუნქცია ექნება  ამ პირველ ნაბიჯს,”- განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ. 

პროექტის იდეის ავტორია ლელა მჭედლიძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი კონცერტმაისტერი.

 

“ყველა მომღერალთან ცალ-ცალკე გვიწევს მოლაპარაკება, მათი აზრის გათვალისწინება. რეპერტუარი უნდა შეირჩეს: ეფექტურიც უნდა იყოს და გათვალისწინებულიც უნდა იყოს ყველა მომღერლის სურვილი,”- განაცხადა ლელა მჭედლიძემ. 

 

ალბომში საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო მომღერლების მიერ შესრულებული ნაწარმოებები მოხვდება. მათ აკომპანიმენტს თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი გაუწევს. პროექტს დირიჟორი ჯან ლუკა მარჩიანო უხელმძღვანელებს, რომელიც დღევანდელ პრესკონფერენციას “სკაიპის საშუალებით ჩაერთო. 

 

“ეს არის ფანტასტიკური იდეა. მე მადლობას ვუხდი ყველა ადამიანს, ვინც ამ იდეას მხარი დაუჭირა და გვერდში დაგვიდგა. საკუთარ თავს ამ პროექტის და საქართველოს ნაწილად მივიჩნევ, რადგან საქართველოში დიდი ხანია ვმუშაობ,”- განაცხადა ჯან ლუკა მარჩიანომ. 

 

პროექტში მონაწილეობას საოპერო მომღერლები: ნინო სურგულაძე, პაატა ბურჭულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, ანიტა რაჭველიშვილი, გიორგი გაგნიძე, ლადო ათანელი, გია ონიანი, ნინო მაჩაიძე, თამრიკო ჯავახიშვილი, იანო ალიბეგაშვილი, ნუგზარ გამგებელი, მზია ნიორაძე, თეა დემურიშვილი, ზურაბ სოტკილავა, ბადრი მაისურაძე, მაყვალა ქასრაშვილი მიიღებენ. 

 

ალბომში ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, როჯერო ლეონკავალოს, ჯოაკინო როსინის, ზაქარია ფალიაშვილისა და სხვა კომპოზიტორების მუსიკალური ნაწარმოებები შევა. 

 

დისკის პრეზენტაცია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაციის დასრულებასთან ერთად შედგება. კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის, მარინა ბერიძის თქმით, სამინისტროს სურს, რომ დიდი კონცეტრი გამართოს ღია ცის ქვეშ ამ ალბომის პრეზენტაციაზე.

 

პროექტის ბიუჯეტი 100 ათას დოლარს შეადგენს. ზაზა შენგელიას თქმით, აქ შედის ორკესტრის ჰონორარები, მარკეტინგული ხარჯები, დიზანის შემუშავება. საოპერო მომღერლები ჰონორარის გარეშე შეასრულებენ საოპერო ნაწარმოებებს. 

 

ზაზა შენგელიას თქმით, დისკის საზღვარგარეთ გაყიდვა სასურველია, თუ კულტურის სამინისტრო მისცემთ მათ ნებართვას, რადგან არსებული კაონმდებლობით საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსებული პროექტი არ შეიძება კომერციული იყოს. მისი თქმით, პროექტი არაკომერციული ხასიათის, სასაჩუქრე იქნება.

 

“ჯერჯერობით კანონმდებლობა არ იძლევა ამის საშუალებას, ალბათ მომდევნო პერიოდში მოხდება, ეს იურიდიული მომენტებია,”- განაცხადა ზაზა შენგელიამ. 

 

კულტურის მინისტრის, გურამ ოდიშარიას თქმით, აუცილებლად უნდა გაიყიდოს, მაგრამ აქ არის საკანონმდებლო შეზღუდვები. ოდიშარიას თქმით, თუ პროექტს კერძო თანადამფინანსებელი გამოუჩნდება, მაშინ შესაძლებელია დისკი გაიყიდოს.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი