ხელოვნება

“ქართული მელანქოლიის ანატომია”- ლადო ფოჩხუას ფოტოგამოფენა

14 ოქტომბერი, 2013 • • 1627
“ქართული მელანქოლიის ანატომია”- ლადო ფოჩხუას ფოტოგამოფენა

დღეავნდელი ფოტოგამოფენა პირად არქივს მოიცავს და წყნეთში, დევნილთა დასახლებაში, ცხოვრების 11- წლიან პერიოდს ასახავს.

 

„წყნეთში ყველაფერი სპექტაკლად გარდაიქმნება. ნებისმიერ მოვლენას მაყურებელი ჰყავს. ცხოვრება, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, თავადაა შიშისა და მოწყენილობის წამალი. სცენა. სოფლის მაწანწალა ფოტოგრაფი (არ ვიცი, ეს პროფესია დღესაც თუ არსებობს) ჩემს მეზობლებს იღებს. ფოტოს და ფოტოგრაფირებას ამ შემთხვევაში ყოვლად უტილიტარული მნიშვნელობა აქვს. ეს პატარა ფოტო იქნება, პორტრეტი ცისფერი ცის ფონზე, საპასპორტო ფოტო. რატომ ვიღებ ამ სცენის ფოტოს, ვერც ფოტოგრაფს გაუგია და ვერც მეზობლებს. მართლაც, მე ვისთვის ვიღებ? ეს ხელოვნებაა? ვსწავლობ? ეს მასალა მომავალში გამომადგება? ამ კითხვებზე პასუხი არ მაქვს. უბრალოდ, ჩემ გარშემო ცხოვრებას ვიღებ“ – გვიამბობს ფოტოგრაფი ამ ფოტოს ისტორიის შესახებ.

 

რიგით მეექვსე არტისტერიუმი თბილისის სხვადასხვა გალერეასა და მუზეუმში ათი დღის მანძილზე მიმდინარეობდა და მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალი იყო. არტისტერიუმი 2013–ის მთავარი თემა „მე ვარ შენ?“ იყო და განსხვავებულად მოაზროვნეთა, უმცირესობათა მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას ასახავდა. კერძოდ კი იმას, თუ როგორ მივიღოთ ის ყველაფერი, რაც განსხვავებულია. ლადო ფოჩხუას “ქართული მელანქოლიის ანატომია“ ეროვნულ გალერეაში 14 თებერვლამდე გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი