კინოხელოვნება

თბილისში დოკუმენტური კინოს ფესტივალი იწყება

14 ოქტომბერი, 2013 • 1467
თბილისში დოკუმენტური კინოს ფესტივალი იწყება

ხუთდღიანი კინოფესტივალი დოკუმენტური კინოს პირველი ფესტივალია კავკასიაში და მის პროგრამაში კინოსეანსების პარალელურად მასტერკლასები, ვორქშოფის სესიები, კონფერენციები და საბავშვო სექცია შედის. კინოჩვენები კინოთეატრებში “ამირანი,” “რუსთაველი” და კინოს სახლში “ქოლგა” გაიმართება. 

 

კინოფესტივალის საერთაშორისო პროგრამაში 15 ქვეყნიდან (ჩილე, ესპანეთი, იამაიკა, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, მაროკო) შერჩეული ფილმები მონაწილეობს. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, წარდგენილი ფილმების რეჟისორების უმეტესობა მოწვეული იქნება და თავად წარადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.

 

ფილმების წარდგენის პარალელურად გაიმართება დისკუსიები, რომლებსაც გამოცდილი მოდერატორები წარუძღვებიან და მათში აუდიტორიაც ჩაერთვება. ფესტივალის დასკვნით ნაწილში გაიმართება საუკეთესო ფილმების დაჯილდოება.

 

საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრები- პოლ პოველსი, ტუე შტეენ მიულერი, ვიქტორია ბელოპოლსკაია არიან. სექციის “Focus Caucasus” ჟიურის წევრბეი პეტრ კოსტორხიზი, ლელა ოჩიაური და მარინა დროზდოვა არიან. 

 

გამარჯვებული ფილმები ოთხ ნომინაციაში გამოვლინდება: ჟურის სპეციალური პრიზი, საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის, “Focus Caucasus” გამარჯვებული ფილმი და მაყურებლის რჩეული ფილმი. 

 

კინოფესტივალის პროგრამაში ორი საკონკურსო სექციის- “საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა” და “Focus Caucasus”- გარდა იქენება “CinéDOC Young”, რომლის ფარგლებშიც უმცროს მაყურებელს სპეციალურ საბავშვო პროგრამას წარუდგენენ და საშუალება მიეცემათ, დოკუმენტური კინოს ხელოვნებას გაეცნონ. 

 

ქართული პროგრამის ფარგლებში საქართველოში გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს აჩვენებენ. ვორქშოფებისთვის განკუთვნილი სექციაში “Docstories Georgia” ქართველი რეჟისორები და პროდიუსერები მიიღებენ მონაწილეობას. მათ საშუალება მიეცემათ, წარადგინონ და განავითარონ თავიანთი პროექტები მოწვეული უცხოელი ტუტორების დახმარებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი