ხელოვნება

თოჯინების სახელმწიფო თეატრი შენობის გარეშე

26 სექტემბერი, 2013 • 2628
თოჯინების სახელმწიფო თეატრი შენობის გარეშე

ორი წლის წინ, როდესაც “თბილისის განვითარების ფონდმა” აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო, თოჯინების თეატრმა აღმაშენებლის #103-ში მდებარე შენობა დაცალა. როგორც თეატრში აცხადებენ, ფონდის მაშინდელმა დირექტორმა გიორგი საბანაძემ პირობა დადო, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, 2012 წლის მაისისათვის დასი გარემონტებულ შენობაში დაბრუნებოდა, რაც დღემდე არ განხორციელებულა.

თოჯინების თეატრის შენობაში აღმაშენებლის #103-ში
თოჯინების თეატრის შენობაში აღმაშენებლის #103-ში

 

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შენობა 2012 წლის 4 აპრილიდან გადავიდა “თბილისის განვითარების ფონდიდან” მერიის საკუთრებაში. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ელენე მაცხონაშვილმა თბილისის მერიას უკვე მიმართა შენობის საკითხთან დაკავშირებით, რაზეც უპასუხეს, რომ შენობის გარემონტებაზე ზრუნვა კულტურის სამინისტროს კომპეტენციაშია. თბილისის მერიის პრესსამსახურში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ მერიას მხოლოდ გარე ფასადის გაკეთება ევალებოდა, რაც შესრულებულია კიდეც.

 

კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღმაშენებლის #103-ში მდებარე შენობის გარემონტება, იმის მიუხედავად, რომ იქ წლების მანძილზე თოჯინების თეატრი მუშაობდა, მათ კომპეტენციაში არ შედის. მათი განცხადებით, აღნიშნულ შენობას ძეგლის სტატუსი არ გააჩნია და, შესაბამისად, მის რეკონსტრუქციაზე თბილისის მერიაა პასუხისმგებელი. 

 

თეატრის დირექტორის მოადგილე აზა საჯაია “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ შენობის დაცლასთან დაკავშირებით თეატრის ადმინისტრაციას თავის დროზე მერიის წარმომადგენლებთან არანაირი წერილობითი ხელშეკრულება არ გაუფორმებიათ:

 

“ხშირად დადიოდნენ არქიტექტორები და მერიის წარმომადგენლები. თეატრის ადმინისტრაცია მოხარული იყო, რომ შენობას არემონტებდნენ, რადგან სცენა საშინელ მდგომარეობაში იყო და გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებოდა. დღეს მხოლოდ გარე ფასადია გარემონტებლი. შიგნით კი შავი კარკასიც არ არის, სადაც რეპეტიციებს ჩავატარებდით.” 

 

დღესდღეობით თოჯინების თეატრი მეტრო „მარჯანიშვილის“ უკან მდებარე საპროექტოს შენობაშია განლაგებული და რვა ოთახი უჭირავს. იქ რეპეტიციის დროს მივედით, როცა 22 კვ/მ ფართობის მქონე ოთახში ექვსი მსახიობი რიგრიგობით ადიოდა სცენაზე საკუთარი როლის შესასრულებლად. 

 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი ამბობს, რომ მათთვის ყველაზე პრობლემურია სპეციალური სარეპეტიციო ოთახისა და დარბაზის უქონლობა:

 

“სარეპეტიციო ოთახში, სადაც სცენა საკუთარი ძალებით მოვაწყვეთ, არათუ თოჯინები და საჭირო ინვენტარი, ათიოდე ადამიანი ძლივს ეტევა. წარმოდგენების ჩასატარებლად დარბაზი საერთოდ არ გვაქვს”.

თოჯინების თეატრის ამჟამინდელი სარეპეტიციო
თოჯინების თეატრის ამჟამინდელი სარეპეტიციო

 

წარმოდგენების გასამართად თოჯინების თეატრი კულტურის ცენტრ “მუზას” დარბაზს ქირაობს, სადაც თითო წარმოდგენის საფასურს, ორას ლარს იხდის. სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ თეატრს ეს ხარჯი მძიმე ტვირთად აწევს და სადადგმო ხარჯებისთვის თანხა არ რჩება.

 

ამჟამად თეატრის რეპერტუარში 19 სპექტაკლია, თუმცა, თანხის უქონლობის გამო, სცენაზე მხოლოდ 10 სპექტაკლი გადის. ახალ სეზონს გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრი ოქტომბრის დასაწყისში პრემიერით “სახურავის ბინადარი კარლსონით” გახსნის, თუმცა ისევ საკუთარი შენობის გარეშე.

მასალების გადაბეჭდვის წესი