“A2A” – ახალი ჟურნალი ავიაციის შესახებ

5 სექტემბერს ჟურნალის “Air to Air” მეორე ნომერი გამოდის. ჟურნალის მთავრი თემა მსოფლიო ავიაციაა. 

“A2A”-ის ავიაკომპანია შპს “ავიასერვისი” გამოსცემს. ჟურნალის გამომცემლების თქმით, გამოცემა ყურადღებას უთმობს კომერციას, დიზაინს, არქიტექტურას, ხელოვნებას, მხოლოდ ავიაციასთან კავშირში. 

 

ჟურნალი საქართველოში მოქმედი ავიაკომპანიების ბორტზე უფასოდ დარიგდება, ხოლო აეროპორტებში, მაღაზიებსა და პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში 7 ლარი ეღირება. გამომცემლები სამენოვანი (ქართული, ინგლისური, რუსული) ჟურნალის საზღვარგარეთ გატანასაც გეგმავენ. ირინა ხაბეიშვილი, “ავიასერვისის” საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელი, ვინც ჟურნალის რედაქტორი არის, ამბობს, რომ ჟურნალს მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის აქვს. “A2A”-ის პირველი ნომერი ივნისში გამოვიდა.

 

“ჟურნალი მკითხველებს სთავაზობს არაერთ სიახლესა და მნიშვნელოვან ინფორმაციას ავიაციის, ბიზნესის, კომერციის, ისტორიის, კულტურის, ხელოვნების შესახებ. მსოფლიოს მოწინავე საწარმოები, საავიაციო ბიზნესის პროფესიონალები, არქიტექტორები, ბრენდები, ინოვაციური მომსახურება, ექსკლუზიური ფოტოსესია – ამ თემატიკით ჟურნალს ქართულ მედიასივრცეში ანალოგი არ ჰყავს. ჟურნალმა დიდი მოწონება დაიმსახურე ევროპულ და ამერიკულ გამომცემლობებში,”- ნათქვამია “ავიასერვისის” განცხადებაში.

 

ირინა ხაბეიშვილის თქმით, “A2A”-ის რედაქციას ავიაციის სფეროში გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის SKYTRAX–ის მასალების გამოქვეყნების ექსკლუზიური უფლება აქვს. 

ჟურნალი A2A
ჟურნალი A2A

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


მიხეილ მეფარიშვილი