ხელოვნება

თბილისის არქეოლოგიური ძეგლების მოვლისთვის შესაძლოა თანხა გაიზარდოს

12 აგვისტო, 2013 • 1612
თბილისის არქეოლოგიური ძეგლების მოვლისთვის შესაძლოა თანხა გაიზარდოს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ამ წუთებში იმ ჯგუფს ხვდება, რომელიც თბილისის არქეოლოგიური ძეგლებს სწავლობდა, შეხვედრის თემა თბილისის არქეოლოგიური ძეგლების მდგომარეობაა. შეხვედრაზე თბილისის ბიუჯეტში ქალაქის არქეოლოგური ძეგლების მოვლა-პატრონობისთვის თანხის გამოყოფა და მათზე არსებული პრობლემების მოგვარების გზები განიხილება.

 

პრეზენტაციას არქეოლოგი, ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი, მერაბ ძნელაძე წარმოადგენს. ძნელაძე თბილისის ძველი გალავნისა და 40 სებასტიელი მოწამის ეკლესიასთან აღმოჩენილი თბილისის უძველესი გალავნის მკვლევარია. მისი თმით, თბილისს უდიდესი ისტორია აქვს, რომელმაც ქალაქის არაერთი არქეოლოგიური ძეგლი შემოინახა. არქეოლოგის თქმით, ამ ძეგლებს კონსერვაცია და გამაგრება სჭირდება. 

 

“საბედნიერო ის არის, რომ ბევრი ძეგლი დაგვიგროვდა. კარგი საქმე გაკეთდა, რომ გამოჩნდა გალავანი [პუშკინის ქუჩაზე], მაგრამ იმას დროული კონსერვაცია სჭირდება, როსტომ მეფის სასახლის აბანო უნიკალური ძეგლია, ადგილი, სადაც ზარაფხანა იყო. იქვე პირველი ქართული სტამბა იყო. დღეს მასში არის რესტორანი. შეიძლება?!”- განაცხადა ძნელაძემ. 

 

ძნელაძის თქმით, ნარიყალას, აბანოთუბანს, ვახტაბგ გორგასლის დროინდელ გალავანსა და აბანოებს უფრო მეტი მოვლა-პატრონობა უნდა. ძნელაძეს მიაჩნია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ცალკე უნდა იყოს გამოყოფილი თანხა არქეოლოგიური ძეგლებისთვის, “რომელიც ქალაქს მისცემს საშუალებას, უპატრონოს თავის ძეგლებს, უპატრონოს თავის კულტურულ მემკვიდრეობას.” 

 

საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი შიხიაშვილის თქმით, საკრებულომ თბილისის ისტორია უნდა შეისწავლოს და ამისთვის ბიუჯეტიდან ფულს გამოყოფს. 

 

“დედაქალაქი არის მიმართული იმისაკენ, რომ გახდეს ტურიზმისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი ქალაქი. ამისათვის მიგვაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ჩვენი კულტურის, ჩვენი წარსულის ჯეროვანი შესწავლისა და მისი წარმოჩინებით, ტურისტებისთვის უფრო მეტად საინტერესო იყოს ჩვენი ქალაქი,”- განაცხადა შიხიაშვილმა. 

 

შიხიაშვილის თქმით, ამ შეხვედრაზე შეისწავლიან, თუ რა პრობლემები აქვს არქეოლოგიურ ძეგლებს და რაში სჭირდებათ დახმარება. ასევე, განიხილავენ ძეგლების მოვლისთვის საჭირო თანხასა და ბიუჯეტის შესაძლებლობებს. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, არქეოლოგიური ძეგლების მოვლისთვის დღესდღეობით ბიუჯეტიდან 50 ათას ლარამდე იხარჯება, რაც, მისი თმით, მცირე თანხაა. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი