ხელოვნება

ღამბაშიძე: საყდრისის მკვლევრები პოლიციაში დაიბარეს

10 აგვისტო, 2013 • 1551
ღამბაშიძე: საყდრისის მკვლევრები პოლიციაში დაიბარეს

პროფესორი ირინე ღამბაშიძე, ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელი, რომელიც საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს იკვლევს, აცხადებს, რომ იგი კაზრეთის პოლიციაში დაკითხვაზე იყო. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საყდრისი ტერიტორიაზე არქეოლოგიური შესწავლის ლიცენზიას არ აძლევს, ხოლო “RMG Gold”-მა პროკურატურაში უჩივლა. 

 

საყდრისის მადნეულით მდიდარი ტერიტორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკუთრებაშია. ხოლო კომპანია “RMG Gold” ამ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოძიება-მოპოვების ლიცენზიას ფლობს. 

 

ღამბაშიძის თქმით, საყდრისის უძველესი მაღაროს ტერიტორიაზე აზომვითი სამუშაოების ჩასატარებლად იყო მისული, რომელსაც ნებართვა არ სჭირდება, როდესაც პოლიციელები მივიდნენ და განუცხადეს, რომ მათ საყდრისის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ ჰქონდათ. 

 

“შემდეგ აღნმოჩნდა, რომ “RMG Gold”-ს აქვს შეტანილი საჩივარი პროკურატურაში, რომ ჩვენ უნებართვოდ გათხრებს ვაწარმოებთ. ჩვენ იქ გათხრები არ ჩაგვიტარებია. გუშინწინ სამი საათი ვიჯექი და დღეს ჩვენი სტუმრები იყვნენ სამი საათი კიდევ პოლიციაში, გამოკითხვა გვქონდა, რომ იქ არქეოლოგიური გათხრები არ ჩაგვიტარებია, როცა ასეთი გართულებული მდგომარეობაა, პროვოცირებას არ გავაკეთებინებთ,” – განაცხადა ღამბაშიძემ. 

 

ღამბაშიძის თქმით, პროკურორმა დაურეკა პოლიციას, პოლიციამ კი მეცნიერთა ჯგუფი საყდრისის ტერიტორიიდან გამოიყვანა. მარინე მიზანდარის, კულტურის მინისტრის მოადგილის ჩარევის შემდეგ ისევ მისცეს შესვლის უფლება. ღამბაშიძე ეკონომიკის სამინისტროსგან ნებართვას ელის, რომლის საშუალებითაც საყდრისის ტერიტორიაზე შესვლის უფლება ოფიციალურად ექნება. 

 

“ოფიციალური ნებართვის მოთხოვნა პირველ აპრილს მაქვს შეტანილი და ვერ ვეღირსე მაგის მოცემას. როცა 10 დღეში უნდა მოეცა ეკონომიკის სამინისტროს, მომცა ორ თვეში და მეორე დღესვე “RMG Gold”-მა შეიტანა საჩივარი, რომ ჩემს ტერიტორიაზე რატომ აძლევთ ამას არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების უფლებასო და დაიწყო სამართლებრივი კვლევა, რომელიც თვენახევარია გრძელდება და კიდევ არ მაქვს ხელში არაფერი,”- განაცხადა ღამბაშიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი