ხელოვნება

ფესტივალი ასურეთში ადგილობრივმა გამგეობამ და სამღვდელოებამ ჩაშალა

17 ივლისი, 2013 • 2597
ფესტივალი ასურეთში ადგილობრივმა გამგეობამ და სამღვდელოებამ ჩაშალა

თეთრიწყაროს რაიონის კულტურის სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა დაადასტურა, რომ ფესტივალის ასურეთში ჩატარების წინააღმდეგი მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი სამღვდელოება და საპატრიარქო არიან.

სულხანიშვილის თქმით, ფესტივალი სატანისტური და არაქართულია. იგი ფესტივალის ლოგოზე დაყრდნობით ამბობს, რომ მასზე გამოსახული თვალი და ინგლისურენოვანი წარწერა “We are the world” (ჩვენ ვართ მსოფლიო) ანტიმართლმადიდებლურ გზავნილად მიიჩნია.

ვაჟა სულხანიშვილი
ვაჟა სულხანიშვილი

სულხანიშვილის თქმით, მსგავსი აზრი აქვს ადგილობრივ სამღვდელოებას.

“ესენი [ფესტივალის ორგანიზატორები] არიან, რაღაცა ნაწილი – სატანისტები, რაღაცა ნაწილი – ანტირელიგიური… აქ მამაოებისგან რაღაც სხვანაირი გამოიწვია… მაგ იმან. ინსპირირებულია, სავარაუდოდ, ესეთი ეჭვები ჩნდება, ყოფილი ხელისუფლების მხრიდან.”

სულხანიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ფესტივალში ლგბტ თემის ადამიანებიც მონაწილეობენ და 17 მაისს თბილისში გამართულ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციას უკავშირებს. იგი ამბობს, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე პირებს “დიდგორის მიწაზე” სოფელი არ შეუშვებს.


“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე – საიდან იცის ორგანიზატორების ან მონაწილეების სექსუალური ორიენტაციის შესახებ, იგი მათ გარეგნობაზე მიანიშნებს.

ჩვენს შეკითხვაზე, რა პოზიცია უკავია მანგლისისა და წალკის ეპისკოპოს ანანიას, სულხანიშვილის თქმით, მთელი საპატრიარქო წინააღმდეგი იყო ამ ფესტივალის ჩატარების.


“მეუფე ესე ხომ არ გამოვა და… მე არ მინახია მეუფე, მაგრამ ყველა სამღვდელოების წარმომადგენელი ჩვენი საპატრიარქოსი…. ასეთი საუბრები მიდის, რომ ეს არის დასაგმობი და ამის ხელშეწყობა არ შეიძლება,”– ამბობს ვაჟა სულხანიშვილი.

სულხანიშვილმა განმარტა, ადგილობრივი თვითმმართველობა მზად არის ტურიზმის განვითარებისთვის ფესტივალებს მხარი დაუჭიროს, მაგრამ, მისი თქმით, ანტიქართულ საქმეს – არა, ამიტომ “გამგეობიდან წერილი უარყოფითი გავაგაზავნეთ: ვერ დაეხმარებით-თქო”.


სულხანიშვილი გაზეთ “ქრონიკის” ივნისის ნომერს იხსენებს, სადაც, მისი თქმით, საქართველოში განსახვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების ჩამოყვანაზე იყო საუბარი. ხოლო ერთი კვირის შემდეგ მასთან მივიდნენ ფესტივალის ორგანიზატორები და ფესტივალის ჩატარების შესახებ აცნობეს.

მისი აზრით, მსგავს აქტივობებს “ნაციონალური მოძრაობა” უმაგრებს ზურგს და მიაჩნია, რომ ამ ბრძოლაში უკან არ უნდა დაიხიონ.

“ნეტგაზეთია” კითხვაზე, მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურად მიაჩნია თუ არა, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორია – სულხანიშვილმა უპასუხა, რომ იგი მზად არის სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს, რადგან ვერ დაუშვებს ილია მეორის მმართველობის წლებში მსგავსი ფესტივალის თეთრიწყაროს რაიონის ტერიტორიაზე მხარდაჭერას.


“[კანონის წინაშე] თანასწორი არიან, მაგას ვინ უარყოფს… მამაოები ხომ უნდა დასაჯონ?! ჩვენი ხელისუფლება ხომ სჯის?! იმ მამაოებთან ერთად მეც და ჩვენებიც დაგვსაჯონ! კანონი იმიტომ გამოდის, რომ იქ სალავირებო სიტუაციაც უნდა იყოს. მე ამათ ლოიალურობას ვერ გავუწევ. მე მზადა ვარ ხვალვე დავჯდე… ჩვენ ქართველებად უნდა ჩავიდეთ მიწაში,”– ამბობს სულხანიშვილი.

Misterika Festival-ის ორგანიზატორებმა ფესტივალის ჩატარების ადგილი შეცვალეს. მათ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ნაციონალურ პარკში გადაინაცვლეს

 

“სამწუხაროდ, ასურეთში ვერ ჩავატარეთ, პრობლემები შეგვექმნა და მოგვიწია ადგილის შეცვლა,” – განაცხადა თემურ ბესელიამ, ფესტივალის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა. ბესელიას თქმით, ისინი ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ და ამბობენ, რომ შეკითხვებს ფესტივალის დასრულების შემდეგ უპასუხებენ.


ნეტგაზეთი სოფელ ასურეთის სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარ გიორგი ფეიქრიშვილს ტელეფონით დაუკავშირდა. მან ჩვენს შეკითხვას, ეწინაამდეგებოდა თუ არა ასურეთში ფესტივალის ჩატარებას, უპასუხა:


“ახლა კომენტარის მიცემა ტელეფონით შეიძლება, შვილო? ეგ უნდა შევხვდეთ, თუ ახსნა გინდათ. თუ გაინტერესებთ–უნდა განგიმარტოთ. ტელეფონით სასაუბრო ეს არ არის, იმხელა ღრმა თემა არის, ესე ორი სიტყვით ვერ აიხსნება,”– განაცხადა გიორგი ფეიქრიშვილმა.

 
 
Asureti OPEN Air “Misterika Festival” ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ასურეთში უნდა გამართულიყო. მასში  ქართველი, უკრაინელი, რუსი, პოლონელი, ბრიტანელი, ჩეხი, ლიტველი, ფინელი, ბერძენი, შვედი შემსრულებლები მონაწილეობენ. ფესტივალი 18–22 ივლისს გაიმართება. დანიშნულების ადგილამდე მეტრო სარაჯიშვილიდან ავტობუსები გავლენ, რომელთა ფასი 1.50 ლარი იქნება. 
 
 
ფესტივალის ორგანიზატორია Chrono, რომლისთვისაც ეს პირველი მასშტაბური ღონისძიებაა. ფესტივალის ტერიტორიაზე ნაღმების, სასმელის შეტანა აკრძალულია. 
 
 
ფესტივალის ფეისბუქის გვერდზე წერია, რომ “ქართველები მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხია. ტკბებიან ცხოვრებით და აფასებენ წყლის სისუფთავეს, რაც აქ უხვადაა.” ორგანიზატორები ელექტრონული მუსიკის უცხოელ მსმენელებს ეპატიჟებიან ქვეყანაში, სადაც აფასებენ მეგობრობას, სადაც გულღია და მხირული ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც მეგობრის გამო ყველაფერს გააკეთებენ. ორგანიზატორების თქმით, Asureti OPEN Air “Misterika Festival” იქნება ადგილი, სადაც ადამიანები ერთმანეთს გაიცნობენ და დამეგობრდებიან. 
 
ფესტივალის ლოგო
ფესტივალის ლოგო

მასალების გადაბეჭდვის წესი