ხელოვნება

როგორია თბილისის წიგნის მუზეუმი, სადაც უძველესი ნაბეჭდი წიგნები ინახება [ფოტო]

17 ნოემბერი, 2017 • 5325
როგორია თბილისის წიგნის მუზეუმი, სადაც უძველესი ნაბეჭდი წიგნები ინახება [ფოტო]

დღეს 17 ნოემბერს თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში წიგნის მუზეუმი გაიხსნა, სადაც იმ იშვიათი გამოცემების დათვალიერება შეეძლება მნახველს, რომელიც მანამდე საცავში იყო მოთავსებული.

წიგნის მუზეუმში სულ 20 ათასამდე წიგნია თავმოყრილი. აქედან 5 ათასამდე წიგნი მოთავსებულია მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში, რომლის დათვალიერება მნახველებს შეუძლიათ, ხოლო დანარჩენი საცავშია დაცული.

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის თქმით, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა აპირებს, რომ მუზეუმში პერიოდული გამოფენები გაიმართოს, სადაც საცავში არსებულ წიგნებს გამოიტანენ. ასევე აპირებენ, რომ იშვიათი გამოცემები ციფრული სახით გახდეს ხელმისაწვდომი.

გიორგი კეკელიძის თქმით, წიგნების გამოფენა ნიშანია იმისა, თუ რა მნიშვნელოვანი კულტურული საგანძური აქვს საქართველოს, რა არის მისი იდენტობის ძირითადი განმაპირობებელი.

“ეს ყველაფერი დაცული იყო საცავებში. ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი ვნახოთ ღია ექსპოზიციის სახით”, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

პირველ დარბაზი რუსთაველის სახელობისაა, რომლის ცენტრში მოთავსებულია 1888 წელს გიორგი ქართველიშვილის ორგანიზებითა და მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული გამოცემული “ვეფხისტყაოსანი”.

ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა განყოფილების ხელმძღვანელმა შორენა ოსიპოვამ გვითხრა, რომ იგი “ვეფხისტყაოსნის” პირველი აკადემიური გამოცემაა, რომლის რედაქტორთა კოლეგიამ (ივანე მაჩაბელი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი, ილია ჭავჭავაძე, იონა მეუნარგია, რაფიელ ერისთავი) დაადგინა ვეფხისტყაოსნის ტექსტი. ამავე დარბაზში თაროებზე მოთავსებულია ვეფხისტყაოსნის თარგმანები, დაახლოებით 50 ენაზე.

მეორე ოთახში, რომელიც ძირითადი საგამოფენო დარბაზია გამოფენილი არის იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში დაცული წიგნები. როგორც ოსიპოვა გვეუბნება, ამ დარბაზში განთავსებული წიგნებიდან ყველა აღსანიშნავი გამოცემაა, მათ შორისაა 1629 წელს რომში დაბეჭდილი წიგნი იტალიურ-ქართული ლექსიკონი, სადაც გამოყენებულია პირველი ნაბეჭდი ქართული შრიფტი.

ამავე დარბაზში გამოფენილია საქართველოში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნი – 1709 წლით დათარიღებული “სახარება” რომელიც ვახტანგ მეექვსის სტამბაში დაიბეჭდა.

შორენა ოსიპოვას თქმით, ეს წიგნები საცავში იყო, ახლა ისინი საგამოფენო სივრცეში არიან მოთავსებული. მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური კლიმატური პირობები – არის მუდმივი ტემპერატურული რეჟიმი და ტენიანობის რეჟიმი.

მეორე მესამე დარბაზში ნახავთ ილია ჭავჭავაძის არქივში დაცული წიგნებს, ხოლო კედლის მეორე მხარეს სხვა ოთახში ილია ჭავჭავაძის კაბინეტია მოთავსებული, პირადი ნივთებითა და ილიას ეპოქის მაგიდით. ოსიპოვას თქმით, ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის შენობაში საადგილმამულო ბანკი ფუნქციონირებდა,სადაც ილია ჭავჭავაძე წლების განმავლობაში მუშაობდა.

“[ილია ჭავჭავაძე] ამ სივრცეში მოღვაწეობდა და არ შეიძლებოდა მისი ასე დატოვება, რომ მისი კაბინეტი არ ყოფილიყო, მის მამულიშვილურ საქმიანობას, რომ თავი დავანებოთ”, – განაცხადა ოსიპოვამ.

მუზეუმის მეოთხე სივრცე – საცავი, მკითხველისთვის დახურულია, სადაც ინახება განსაკუთრებით იშვიათი გამოცემები, რომლებსაც დღის შუქი საფრთხეს უქმნის.

წიგნის მუზეუმის გახსნაზე, რომელიც დღეს, 17 ნოემბერს გაიმართა ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ-ს, პოლონეთისა და იტალიის ელჩებიც ესწრებოდნენ. გახსნას ასევე დაესწრნენ გელა და დავით ბეჟუაშვილები. გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადეს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს, რომელმაც დააფინანსა მუზეუმის შექმნა.

კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ მაღალი დონის პროექტები განხორციელდება, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის სწორი მოდელი მოიძებნება. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მუზეუმი თავშეყრის სივრცე იქნება არაერთი ადამიანისთვის.

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკის თანამშრომლებს, რომელმაც სამოქალაქო ომის პერიოდშიც კი შეინახეს ბიბლიოთეკა, ასევე მადლობა გადაუხადა დავით ბეჟუაშვილს

“თქვენი მთელი ოჯახი ხართ განათლების სისტემის გაძლიერების საქმეში”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დავით ბეჟუაშვილმა აღნიშნა, წიგნებს, რომლებიც არავის არ უნახავს აქამდე ნახავს არამარტო ქართველი, არამედ ტურისტები ნახავენ.

“ხედავთ, რომ ის წიგნები, რომლებიც საუკუნეობით ინახებოდა დაცულ პირობებში დღეს არის გამოტანილი და ყველა მნახველს შეუძლია ნახოს და დაათვალიეროს”, – განაცხადა დავით ბეჟუაშვილმა.

დავით ბეჟუაშვილი საქართველოს მე-5, მე-5, მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2013 წლის ნოემბერში მან დატოვა საპარლამენტო უმცირესობა, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა. რაც შეეხება გელა ბეჟუაშვილს იგი 2005-2008 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

დავით ბეჟუაშვილი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. “ინდუსტრიული ჯგუფი” ფლობს “საქნახშირს”, რომელიც ტყიბულში მოიპოვებს ქვანახშირს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” მიერ კომპანიის შესახებ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ინდუსტრიული ჯგუფი “საქნახშირის” გარდა ფლობს: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას, შპს „მტკვარი ენერჯის“, შპს „სიპაუერს“, უძრავი ქონების მართვის კომპანია “ტიფლის სითის”, შპს “ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანას”, სს “ქართული ლუდის კომპანიას”, შპს „გლობალტრანსს“, „ნეოგაზს“, “ევროპული სკოლა”, სს “ქართული ლუდის კომპანია”, “კიოტო”, შპს „გლობალ ტრანსი”, შპს “საქინვესტი”, შპს ,,ინდუსტრია კირი“.

პრეზენტაციაზე მადლობა გადაუხადეს აშშ-ს, იტალიისა და პოლონეთის საელჩოებსაც. გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, რომ აშშ-ს საელჩომ 80 000 აშშ დოლარის ღირებულების წიგნები გადასცა მუზეუმს, ხოლო პოლონეთი მონაწილეობს, პირველი კორპუსის შესავლელის ჭერის მოხატულობის აღდგენაში, რომელიც ქართველ, წარმოშობით პოლონელ მხატვარ ჰრინევსკის შესრულებულია.

გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკა პირველ კორპუსში, წიგნის მუზეუმის ქვემოთ მდებარე სივრცეში სტამბის მუზეუმის მოსაწყობისთვის მუშაობს, სტამბის მუზეუმი საქართველოში სტამბის განვითარების შესახებ იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი