ხელოვნება

კონსერვატორიას მიზანდარების საგვარეულო ნივთები გადაეცა

3 ივლისი, 2013 • 2651
კონსერვატორიას მიზანდარების საგვარეულო ნივთები გადაეცა

2 ივლისს ლევან მიზანდარმა მუზეუმს საგვარეულო ნივთები და როიალი გადასცა, აგრეთვე, პროექტორი და ეკრანი, რისი საშუალებითაც მუსიკალური საღამოს დაწყებამდე აჩვენეს მიზანდარების ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ვიდეომასალა.

 

ვალერიან მიზანდარი (1894-1926), პირველი საერთაშორისო მნიშვნელობის ქართველი პიანისტი, კომპოზიტორი, ქართული სამუსიკო სკოლის ფუძმდებელია. იგი კონცერტებს მართავდა პეტერბურგში, პარიზსა და ვენაში. მისი მეგობრები იყვნენ ჩაიკოვსკი, ლისტი, ბრამსი. გადმოცემის თანახმად მიზანდარი და ლისტი ხშირად უკრავდნენ ერთ როიალზე.

 

ვალერიან მიზანდარის საფორტეპიანო ნაწარმოებები ქართული პროფესიული მუსიკის პირველი ნიმუშებია. მან დიდი წვლილი შეიტანა კონსერვატორიის დაარსებაში. მიზანდარები-ამ გვარის ყველაზე უმცროსი წარმომადგენლის, ლევან მიზანდარის ჩათვლით- მუსიკალურ სფეროში მოღვაწეობდნენ. სწორედ მისი სურვილით გადაეცა როიალი კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმს.

 

„დღევანდელი საჩუქრები მუზეუმის განსაკუთრებული შენაძენია,“– ამბობს კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის დირექტორი მარინე ჩიხლაძე.

 

სადირიჟორო ჯოხი, ფლეიტა, სამხრეები, ნოტები და როიალი, რომელზეც ოდესღაც ლისტი, ბრამსი და სხვა ძალიან ცნობილი პიანისტები უკრავდნენ, თავდაპირველად მათი მფლობელი ალიოზ მიზანდარის უმცროსი ძმა და ვალერიან მიზანდარის მამა, ფელიქს მიზანდარი იყო. ფელიქსი სწორედ ამ როიალზე ასწავლიდა დაკვრას ზაქარია და ივანე ფალიაშვილებს, ევგენი მიქელაძეს. 1983 წლიდან როიალი მემკვიდრეობით ერგო მიზანდარების მუსიკალური დინასტიის თანამედროვე წარმომადგენელს, კომპოზიტორ ლევან მიზანდარს.  

 

„კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელოვნებო განათლების ხელშეწყობაა, ამიტომ ისეთი კერების არსებობა, როგორიც კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმია, სტუდენტებს გაუადვილებს წარსულის მაგალითებით ხელმძღვანელობას. პირადად ჩემთვის დიდი სტიმულის და მაგალითის მომცემია ვალერიან ფელიქსის ძე მიზანდარის ცხოვრება და საქმისადმი ერთგულება,“– ამბობს კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი.

 

საღამოს დასკვნით ნაწილში კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა შეასრულეს ფელიქს, ალიოზ, ვალერიან და დაგმარა მიზანდარების  შექმნილი საფორტეპიანო, კამერული და ვოკალური ნაწარმოებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი