ხელოვნება

ოდიშარია: კულტურის სამინისტრო ლევან ანჯაფარიძის საჩივარს სწავლობს

1 ივლისი, 2013 • 1282
ოდიშარია: კულტურის სამინისტრო ლევან ანჯაფარიძის საჩივარს სწავლობს

“როცა წავიკითხე მისი ახალი წერილი, მანდ იყო ფაქტები, თუ ეს ფაქტები დასტურდება, ეს ძალიან სერიოზული ფაქტებია. გამოვყავი სასწრაფოდ კომისია, და ეს კომისია ფაქტებს სწავლობს,”–განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გურამ ოდიშარიამ.

 

მინისტრის თქმით, მან გამოყო კომისია, რომელიც ლევან ანჯაფარიძის მიერ მოხმობილი ფაქტების აუთენტურობას შეისწავლის. კულტურის მინისტრი ამბობს, რომ კომისიამ 5 დღეში უნდა დადოს დასკვნა.

 

“მას მიაჩნია, რომ ფინანსური დარღვევები არის და არის პროცედურული დარღვევები უშუალოდ ამ კონკურსთან დაკავშირებით. დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ შენ ზევიდან არ მბრძანებლობ, ჩვენ ვცდილობთ, რომ ადგილზე თვითონ მოაგვარონ.

 

მინისტრს მიაჩნია, რომ “ეს არის კინოცენტრისა და მისი დაპირისპირება.”

 

გურამ ოდიშარიას თქმით, აფხაზეთი არის ყველას ტკივილი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კინოცენტრი სამინისტროზე დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, კულტურის სამინისტრო კინოცენტრის საქმიანობაში ვერ ჩაერევა.

 

ოდიაშარიას თქმით, ლევან ანჯაფარიძე ნიჭიერი რეჟისორია, თუმცა სახელმწიფოს არ აქვს იმდენი ფინანსური რესურსი, რომ ყველა რეჟისორი დააფინანსოს.

 

ლევან ანჯაფარიძის ფილმი “ციცინათელები” საქართველოსა და აფხაზეთის კონფლიქტს შეეეხებოდა. მან თავისი პროექტი ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ “სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების” კონკურსში შეიტანა, თუმცა არ დაუფინანსეს. გურამ ოდიშარიას იმედი აქვს, რომ ლევან ანჯაფარიძე შიმშილობას შეწყვეტს. ლევან ანჯაფარიძე კულტურის სამინისტროს წინ კიდევ შიმშილობს.

 

ლევან ანჯაფარიძემ შიმშილობა 18 ივნისს დაიწყო და მოითხოვს: შეისწავლონ კინოცენტრის ჟიურის წევრების კომპეტენტურობა; გათავისუფლდეს კინოცენტრი არაპროფესიონალი კადრებისგან; გადაიხედოს კინოცენტრის კონკურსის შეფასების კრიტერიუმები, საჯარო გახდეს მეორე ტურში გადასული ყველა ლიტერატურული სცენარი; შესაბამისმა ორგანოებმა ეროვნული კინოცენტრის საქმიანობა შეისწავლონ; გაბათილდეს სრულმეტრაჟიანი კონკურსის შედეგი; სახელმწიფო პრიორიტეტად მიჩნეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი პრიორიტეტული გახდეს ქართულ კინოში; განისაზღვროს კინემატოგრაფის როლი სახალხო დიპლომატიის განვითარებაში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი