ხელოვნება

„ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან“

29 ივნისი, 2013 • 8488
„ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან“

დარიანული ციკლის ლექსები პირველად 1915 წელს პაოლო იაშვილის წიგნის კრებულში გამოქვეყნდა.  საზოგადოებამ ის უარყოფითად მიიღო სითამამისა და ეროტიკულობის გამო. ცნობილია ისიც, რომ ქალაქ ქუთაისში ამ ლექსების წაკითხვის დროს მაყურებელმა დარბაზი დატოვა.

 

გასული საუკუნის მიწურულს ლიტერატურათმცოდნე გიორგი ჯავახიშვილმა პირველმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დარიანული ციკლის ავტორი არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძე არის.  

 

დაახლოებით ამ პერიოდში გაზეთ „კალმასობაში“ დაიბეჭდა პუბლიკაციები, რომლებიც  პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის სასიყვარულო ისტორიებს ააშკარავებენ. გარდა ამისა, ამ მასალით დასტურდება, რომ დარიანული ციკლის ლექსები არ ეკუთვნის მხოლოდ პაოლოს და მისი დიდი ნაწილი ელენეს შექმნილია.  

 

როგორც გაზეთ „კალმასობის“ რედაქტორი შარლოტა კვანტალიანი ამბობს, კულუარებში ყოველთვის იცოდნენ ამ სიყვარულის შესახებ, მაგრამ ამის  გამოაშკარავება არავის სურდა და ელენესაც არავინ სცნობდა, განსაკუთრებით  წინააღმდეგი პაოლოს ოჯახის წევრები იყვნენ.

 

„გიორგი ჯავახიშვილმა მომიტანა „კალმასობაში“ ის მასალა, რომელიც არქივში უნახავს. ეს იყო ლექსები, სურათები, პირადი წერილები. 1997 წელი იყო, ბეჭვდა დავიწყე. ეს იყო, დაახლოებით 20-მდე პუბლიკაცია, რომლებიც სიყვარულის ისტორიების თავგადასავლებს თვითონვე ჰყვებოდნენ.“

 

პირად წერილებში ელენე იგონებს, რომ პაოლოს პირველად დორიანი შეარქვა. თუმცა პაოლოს ეს სახელი არ მოეწონა, ამიტომ ერთობლივი შეთანხმებით გაჩნდა ახალი სახელი „დარიანი“.შემდგომში ისინი ერთმანეთს ამ ფსევდონიმით მიმართავდნენ და სახელიც შესაბამისად საერთო იყო. სწორედ ამიტომ არის რთული გასარჩევი, რომელი ლექსის ავტორია ელენე და რომლის -პაოლო. შარლოტა კვანტალიანის თქმით, შეიძლება ფსევდონიმი იყო გამოსავალი, რომ პაოლოს ელენე, როგორც ქალი, დაეცვა საზოგადოების ქილიკისგან. ის იმასაც არ გამორიცხავს, რომ პაოლო ელენეს ლექსებს რედაქტირებას უწევდა, როგორც პროფესიონალი და მათ ჩვენამდე სწორედ ამ სახით მოაღწიეს.

 

ელენე ბაქრაძე მიღებული და აღიარებული იყო ცისფერყანწელთა წრეში, თუმცა მათი წევრების ცოლებს არ უყვარდათ და უარყოფდნენ  მის არსებობას, რადგან „ქართველი კოკო შანელი, შარვლით და სიგარეტით ხელში, არ ჯდებოდა იმდროინდელი საზოგადოების ცხოვრების წესების ნორმებში და ამგვარი ფორმით გამოჩენა სირცხვილი იყო,“ – ამბობს შარლოტა კვანტალიანი.

 

ელენე ბაქრაძის  მისამართი გალაქტიონს თავის ბლოკნოტში აქვს მითითებული. ეს გამოფენაზეც არის წარმოდგენილი. ლიტერატურის მუზუმის ხელმძღვანელის ლაშა ბაქრაძის თქმით, ეს არის საუკეთესო საბუთი იმისა, რომ ელენე მართლაც არსებობდა.

 

„არსებობენ ლიტერატურმცოდნეები, რომლებმაც ვერ გადაუხვიეს ერთხელ დადგენილ გზას. ჩვენ ამ გამოფენით ლიტერატურული არქეოლოგია გამოგვაქვს, რომლითაც ვტოვებთ საფიქრალს. საინტერესოა, როგორ მიიღებს ამას კონვენციური და კონსერვატიული საზოგადოება. ჩვენ ყოველგვარი კომენტარისგან თავი შევიკავეთ, ვტოვებთ საფიქრალს და საბაბს სერიოზული დისკუსიებისა.“ – ამბობს ლაშა ბაქრაძე.

 

„პაოლოსა და ელენეს განცალკავება არ არის საჭირო, ისინი ერთადაც გააგრძელებენ ცხოვრებას ლიტერატურულ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ელენე პაოლოს უკან, როგორც საინტერესო ქალი და საინტერესო პოეტი,“ – ამბობს შორენა კვანტალიანი.

 

გამოფენა საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის „რადიქსი“ და „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდამჭერით მოწყო და  ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი