ხელოვნება

დააკმაყოფილებენ თუ არა მოშიმშილე რეჟისორის მოთხოვნას?

25 ივნისი, 2013 • 1543
დააკმაყოფილებენ თუ არა მოშიმშილე რეჟისორის მოთხოვნას?

ლევან ანჯაფარიძემ შიმშილობა კულტურის სამინისტროსთან 8 დღის წინ, 18 ივნისს დაიწყო. მან საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს უნდობლობა გამოუხადა. რეჟისორს მიაჩნია, რომ მისი პროექტი, რომელიც სრულმეტრიაჟიანი მხატვრული ფილმის კონკურსში მონაწილეობდა, დაუმსახურებლად არ დააფინანსეს.

 

შიმშილობიდან მერვე დღეს რეჟისორმა პრესკონფერენცია მოიწვია. დღესვე იგი კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილს შეხვდა. კულტურის სამინისტრო დაჰპირდა, რომ მის საკითხს მინისტრთან არსებული კომისია უკვე მეორედ მოისმენს.

 

ლევან ანჯაფარიძემ, რომელიც იმ წუთის გამოსული იყო სამინისტროს შენობიდან, განაცხადა, რომ შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. მას რვაპუნქტიანი მოთხოვნა აქვს:

 

  1. შეისწავლონ კინოცენტრის ჟიურის წევრების კომპეტენტურობა.
  2. გათავისუფლდეს კინოცენტრი არაპროფესიონალი კადრებისგან. 
  3. გადაიხედოს კინოცენტრის კონკურსის შეფასების კრიტერიუმები.
  4. საჯარო გახდეს მეორე ტურში გადასული ყველა ლიტერატურული სცენარი.
  5. შესაბამისმა ორგანოებმა ეროვნული კინოცენტრის საქმიანობა შეისწავლონ.
  6. გაბათილდეს სრულმეტრაჟიანი კონკურსის შედეგი
  7. სახელმწიფო პრიორიტეტად მიჩნეული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი პრიორიტეტული გახდეს ქართულ კინოში.
  8. განისაზღვროს კინემატოგრაფის როლი სახალხო დიპლომატიის განვითარებაში.

 

ეროვნულმა კინოცენტრმა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსი 2013 წლის 14 ივნისს დახურულად გამოაცხადა. ლევან ანჯაფარიძის პროექტი ციცინათელები მეათე ადგილზე გავიდა. ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ ლევან ანჯაფარიძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

 

ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეროვნული კინოცენტრი ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ რჩება. ამას აპროტესტებს მისი კარვის წინ დადგმულ საპროტესტო ბანერზეც: “განთავისუფლდეს ქართული კულტურა ნაცების და ქაჯების შემოსევისგან!!!” რეჟისორი ამბობს, რომ კინოცენტრს ჯერ გადახალისების ხელი არ შეხებია. იგი კონკურსის ჟიურის კომპეტენტურობასაც ეჭვქვეშ აყენებს და ეროვნულ კინოცენტრში ინტერესთა კონფლიქტის არსებობაზე მიუთითებს.

 

“მე სერიოზული ბრალდებები მაქვს კინოცენტრთან დაკავშირებით. კონკურსში გამარჯვებული თითქმის ყველა ფილმის ავტორი მონაწილეობდა სხვადასხვა კომისიის სხვადასხვა ჟიურის წევრად. ეს უკვე დიდი დარღვევა არის,” – განაცხადა ლევან ანჯაფარიძემ.

 

ლელა მაქაცარია ამბობს, რომ მისი ფილმის პროექტი საქართველოსთვის მნიშვნელოვან თემას – აფხაზეთს ეხება. ლელა მაქაცარია პროექტის პროდიუსერია და მიაჩნია, რომ ამ ფილმს კონფლიქტის გადაწყვეტაში დადებითი მუხტის შეტანა შეეძლო. მისი თქმით, ფილმის სცენარი 2003 წელს დაიწერა და 2005 წლის შემდეგ ოთხჯერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსში ჩართეს, თუმცა, უშედეგოდ.

 

ლელა იხსენებს, რომ მამუკა არეშიძემ, კავკასიის საკითხების სპეციალისტმა, რომელიც ფილმის კონსულტანტი იყო, პროექტი აფხაზეთში ჩაიტანა და აფხაზები დაინტერესდნენ.

 

“ძალიან ბევრი ცუდი და კარგი რაღაცებია, რომელიც სინამდვილეში მოხდა,”– აცხადებს ლელა. მისი თქმით, კინოცენტრი გამარჯვებულ პროექტებს არ ასაჯაროებს.

 

კულტურის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ჟურნალისტებს დღეს, ლევან ანჯაფარიძესთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. ბერიკაშვილი ამბობს, რომ ლევან ანჯაფარიძის მიერ მოწოდებულ მასალებს იურისტები იხილავენ და საბოლოო დასკვნას პარასკევს, 28 ივნისს წარმოადნენ:

 

“ჯერ განხილვა იქნება იურიდიულ დონეზე, შემდგომ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები,” – აცხადებს მანანა ბერიკაშვილი.

 

ბერიკაშვილი კინოცენტრში ნაციონალური მოძრაობის გავლენის არსებობას გამორიცხავს და ამბობს, რომ სცენარების შერჩევა ძალიან რთული, შემოქმედებითი პროცესია, “აქ არის სხვადასხვა მოსაზრება სცენარებთან დაკავშირებით.”

 

მანანა ბერიკაშვილი ლევან ანჯაფარიძის ჯანმრთელობაზე დარდობს, რადგან მოშიმშილე რეჟისორი, ბერიკაშვილის თქმით, გუშინ ცუდად გახდა. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ანჯაფარიძემ შიმშილობა შეწყვიტოს. მინისტრის მოადგილე იურისტების გადაწყვეტილებას დაელოდება და ლევან ანჯაფარიძის მოთხოვნებთან დაკავშირებით ვერაფერ კონკრეტულს ამბობს ამ ეტაპზე.

 

“ნეტგაზეთი” საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო კუხალაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ეროვნული კინოცენტრი პროექტის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას საექსპერტო დასკვნის მიხედვით იღებს. სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის 9- წევრიანი ჟიურის თავმჯდომარე 2013 წელს ლანა ღოღობერიძე იყო.

 

ნინო კუხაკაშვილის თქმით, ანჯაფარიძის წარმომადგენლის მოთხოვნილი ინფრომაცია კინოცენტრმა გასცა, გარდა იმ ინფორმაციისა, რომელიც საავტორო უფლებებს ლახავს:

 

“რა ინფორმაციაზეც მისმა წარმომადგენელმა შემოიტანა განცხადება, ჩვენ ყველა ინფორმაცია გავეცით, რასაც ვფლობდით. რაც შეეხება სცენარების გასაჯაროებას, ჩვენი პრეროგატოვა არ არის, საავტორო უფლებები შეიძლება დაირღვეს ამ შემთხვევაში.”

 

ეროვნულმა კინოცენტრმა 2013 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, მოკლე და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის, სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ქართულ–უცხოური ფილმის, მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დასაფინანსებლად ან ნაწილობრივ დასაფინანსებლად კონკურსები გამოაცხადა.

 

ლელა მაქაცარიას მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კინოცენტრის მიერ 2013 წელს გამოცხადებული კონკურსების საექსპერტო კომისიაში იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვინც სხვა კონკურსში მონაწილე ფილმებთან დაკავშირებული იყო (მისი საავტორო პროექტი/მისი დამსაქმებელი კომპანიის წარმოდგენილი პროექტი სხვა კონკურსში მონაწილეობდა). თუმცა, არც ერთი მათგანი არ იყო იმ კონკურსის საექსპერტო კომისიის წევრი, რომელშიც მასთან რამენაირად დაკავშირებული ფილმი მონაწილეობდა. მაქაცარია ამგვარ კავშირს კინოცენტრში ინტერსთა კონფლიქტად განიხილავს.

 

კონკურსების ჟიურის შემადგენლობას კინოცენტრის საექსპერტო კომისიის დებულება განსაზღვრავს, სადაც წერია, რომ “საექსპერტო კომისიის წევრი ტოვებს კომისიის შემადგენლობას, თუ მისი ავტორობით ან სხვა სახის მონაწილეობით შექმნილი კინოპროექტი განიხილება საექსპერტო კომისიის მიერ (მუხლი 2, 4).”

 

ნინო კუხალაშვილი ამბობს, რომ კონკურსების საექსპერტო კომისია კანონის მიხედვით მოქმედებდა:

 

“მე, როგორც კინოცენტრის წარმომადგენელი, ვთვლი, რომ არანაირი ბათილობა არ შეიძლება დადგეს ბრძანებისა და ვთვლი, კანონიერად იყო ბრძანება შექმნილი.”

 

ლევან ანჯაფარიძე შიმშილობას აგრძელებს და აცხადებს:

 

“52 წლის ასაკში წამოსვლა სახლიდან და დაბანაკება ნამდვილად არ მეხალისება. მე სხვანაირად ყურადღებას ვეღარ მივიქცევდი. ამიტომ გავაგრძელებ შიმშილობას, ვიქნები აქ, 28 რიცხვში დავლოდები კომისიის დადგენილებას და შემდგომ უკვე მივიღებ გადაწყვეტილებას, რა სახით და რა ფორმით გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას,”– აცხადებს ლევან ანჯაფარიძე, რომელიც სრულმეტრაჟიანი კონკურსის შედეგის გაუქმებას 28 ივნისს ჩანიშნულ შეხვედრაზე ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი