ხელოვნება

ქართული ფოტოგრაფიის უახლესი წლების ისტორია ერთ წიგნად

7 ივნისი, 2013 • 1808
ქართული ფოტოგრაფიის უახლესი წლების ისტორია ერთ წიგნად

“თიბისი ბანკის” სათაო ოფისში წიგნის “ქართული ფოტოგრაფია” პრეზენტაცია მოეწყო. წიგნზე 20 ადამიანისგან შემდგარი კოლექტივი მუშაობდა. კრებულის მთავარი რედაქტორი და თანაავტორი თამარ სულამანიძეა, იური მეჩითოვი წიგნის მეორე თანაავტორია. 

 

პროექტზე 3,5 წელი მუშაობდნენ. 2000 ფოტო 760 გვერდად გაერთიანდა. 90 ლარად შეფასებულ წიგნში 1955-2012 წლებში გადაღებული ფოტოებია თავმოყრილი. იური მეჩითოვის თქმით, ფოტოები უმეტესად კერძო კოლექციიდან და ასევე, “საქინფორმის”, საბჭოთა საქართველოს მთავარი საინფორმაციო ბიუროს, არქივში არსებული ფოტოები.

 

მეჩითოვის თქმით,  კერძო კოლექციაში არსებული ძველი ფოტოების ნაწილი გაქრობის პირას იყო და მათი შეკრება აუცილებელი იყო.

 

“სამწუხაროდ, ბევრი წავიდა ამ ქვეყნიდან და ამის მოძიება დაგვჭირდა სხვადასხვა ხერხებით.” 

 

თამარ სულამანიძემ წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ ქართული ფოტოგრაფიის ერთ წიგნად გაერთიანებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ერთ წიგნად გაერთიანება, მისი აზრით, ფოტოგრაფიის ისტორიის  განვითარებაზე დაკვირვების საშუალებას იძლევა:

“ღირებულება არის, გამოგვეკვლია ფოტოგრაფიას როგორი ისტორია აქვს საქართველოში.”  

 

წიგნის პრეზენტაციას ავტორთა ჯგუფმა “თიბისი ბანკთან” თანამშრომლობით გამოფენაც მოაწყვეს, სახელწოდებით “საბჭოთა საქართველო”. თიბისის ცენტრალურ ფილიალში გამართული გამოფენაზე “საქინფორმის” ფოტოები იყო გამოფენილი. 

 

საბჭოთა პერიოდის შავ-თეთრი და რამდენიმე ფერადი ფოტოსურათი: ქარხნის ღუმელში მადნის გამოწვას, საბჭოთა საქართველოს მშრომელების პროტესტს ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, სპორტულ შეჯიბრებებს,  მშრომელების სახეებს და სხვა პროპაგანდისტულ თემატიკას ასახავს. 

 

პრეზენტაციაზე, დამთვალიერებლებით გადაჭედილ დარბაზში სიტყვით თეონა იაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორი, გამოვიდა. მან დიდი მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებმაც ეროვნული ფოტოარქივიდან წიგნში შესული ფოტოების შერჩევაში მონაწილეობა მიიღეს. 

 

“ფოტოარქივი გახლავთ უნიკალური ფონდი, რომელიც ჩვენთან არის დაცული. ნებისმიერ თქვენგანს, ვინც დაინტერესდებით უნიკალური დოკუმენტური მასალით, რომელიც საინტერესოდ ასახავს ჩვენი ქვეყნის, ჩვენს საბჭოთა ეპოქას,”– თეონა იაშვილი

 

თამარ ზაქარიაძემ, თიბისის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, ნეტგაზეთს განუცხადა, რომ იური მეჩითოვმა და თამარ სულამანიძემ თიბისი ბანკს პრეზენტაციის მოწყობაში დახმარების თხოვნით მიმართეს: 

“მერე ერთობლივად დაიბადა ეს იდეა, რომ გაგვეკეთებინა გამოფენა და თიბისი ბანკში ყოფილიყო. თიბისი ბანკი არის ერთ-ერთი ორგანიზატორი წიგნის პრეზენტაციის და გამოფენის.”

 

პრეზენტაცია მუსიკოს რობი კუხიანიძის ცოცხლად შესრულებული წარმოდგენით დასრულდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი