ხელოვნება

ბაბუა რობი

29 მაისი, 2013 • 2181
ბაბუა რობი

სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ ბარში შეკრებილი ახალგაზრდები სცენაზე მის გამოსვლას მოუთმენლად ელოდნენ. მოვიდა. სცენასთან ჩამოჯდა, ერთი ჭიქა არაყი გადაჰკრა და დაიწყო. ხრიწიანი ხმით ნაცნობი სიმღერის ახალი ვერსია გვიმღერა, ამბავი მოყვა რობიზე, რომელსაც ნერვები აღარ აქვს, აღარ შერჩა.

„ჩემში სისხლი გაშრა, თქვენთვის რა გევიღო? მე არა მაქვს ნერვები არა, აღარ დამრჩა ნერვები, არა, აღარა მაქვს ნერვები არა.“

 რობი? ვინ არის რობი? რობი ბევრი მეგობრის მეგობარია. მეტი არაფერი არაა. ხან ვუკრავ, ხან რაღაც, მარა არა, მთელი ჩემი მცდელობა, ცხოვრების აზრი და არსი არის ვიყო მეგობრებთან ერთად. ამისთვის არც ფული გჭირდება, არც არაფერი არ გჭირდება. ცხოვრების რა ეტაპზე ვარ, გეტყვით. სამ დღეში არის ჩემი შვილიშვილის დაბადების დღე და ვარ იქ. ბაბუობაში ვბანაობ. ყველაზე უბედნიერესი ადამიანი ვარ, მე ვარ ბაბუა რობი. ჯერ ჩემი შვილიშვილი ძლივს ამბობს ბაბუს, მაგრამ ბევრი მეძახის ბაბუა რობის. უბედნიერესი ადამიანი ვარ. აქედან გამომდინარე, ალბათ, რაღაცები ჩემს ტვინში დატრიალდება, დავწერ სიმღერებს და ასი წლის მერე ჩემი შვილიშვილი ნახავს. საცხა შევინახავ იმ სიმღერებს და დიდი ბიჭი რომ იქნება, მას ექნება მხოლოდ გახსნის უფლება, პირველი მოსმენის უფლება. მე ფულს რომ ვერ დავუტოვებ, ვიცი. დავტოვებ დასატოვებელს. მეც არ მოვუსმენ, ვერავინ ვერ მოუსმენს, ჩემი ალექსანდრეს გარდა.

მუსიკოსი? ვიცი არანჟირება ძაან მაგრად. შემიძლია ერთი სიმღერა ვატრიალო სხვადასხვანაირად. რაღაცა 30 სიმღერამდე კი დავწერე 47 წლის ასაკამდე, მაგრამ სანამ იმას არ გეიგებენ, არ მეწერება. მე ვერ დავჯდები ახლა და არ შემიძლია რაღაც პერფორმანსი დავდგა. მე არ შემიძლია ვიოხუნჯო, ნერვები მოვუშალო ვიღაცას. ახალი რა, რამე შენ გარშემო შეიცვალა, რაც ცოცხლობ? მე ახლა რატომ უნდა შევცვალო, შეცვალონ პრეზიდენტებმა, პრემიერებმა, პარლამენტარებმა.
სატელევიზიო პროდუქტი არ არის ჩემი. რაღაცა ჩემს ბავშვობაში ჩარჩა ტვინში, ვიღაცები გვეუბნებოდნენ, ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ვინ მოგისმენთ, ამას რომ მღერიხართ, მოდი, იმღერეთ ეს.

„სიყვარული ძნელია“ „ორერას“ ნამღერია, რობერტ ბარძიმაშვილის. უბრალოდ, ვიმღერეთ და აღმოჩნდა, რომ ყველა ქართველს უყვარს მაგ სიმღერა. ჩვენ რომ არ გვემღერა, არ ახსოვდათ. ამას მოყვა ის, რომ ტელესერიალში აღმოჩნდა. მის მერე თავს ვიცავ, არ არის ჩემი. უბრალოდ, მე ქუთაისურად ვიმღერე.

მე ვაფშე სხვა მუსიკა მიყვარს. აგრესიული და მძიმე მუსიკა მომწონს. ადამიანი კონცერტზე რომ შემოდის, დაგრუზული, იმას უნდა ეჩხუბო, უყვირო მუსიკით, რომ გავა გარეთ განეიტრალდეს, ის აგრესია და ცუდი აურა დახარჯოს.

„ძუძუ“ – უფრო არის საბჭოური. ჩემს ბავშვობაში რუსეთში მომიწია ყოფნა, იქ ამფითეატრები იყო, დუმტამტამ, დუმტამტამ, აი, ეს არის. გონებაში ჩამრჩა.

ყველასათვის საყვარელი არა ვარ. ვისაც წიგნი აქვს გადაშლილი ცხოვრებაში და რამე წაუკითხავს, ყველა მიყვარს და ყველას პატივს ვცემ.

ხანდახან მეძახიან მამიკოს. მეძახიან ბაბულის, იმიტომ, რომ იციან, მაგენის გულისთვის ყველაფრის ჩამდენი ვარ. ბავშვებს ვუყვარვარ, კი. ბავშვს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციო. ვერ წარმომიდგენია ცუდი ბავშვი. როგორ მოექცევი, რას მისცემ, რას ჩანერგავ, იმას მიიღებ. მოდიან ხოლმე პატარა ბავშვები და მეხუტებიან.

თანამედროვე მუსიკა? ცხრა წელი თუ ათი წელი მონობის წლები იყო. დანარჩენ წლებზე აღარ ვილაპარაკოთ. დანარჩენი წლები ჩემი ბავშვობის წლებია. ლადო ბურდულის, დადა დადიანის, ირაკლი ჩარკვიანის. ჩვენ მუსიკაში სინამდვილე იყო, ჩვენ ვიცოდით, რომ არ ვცხოვრობდით კარგად, ვხედავდით, რომ ხელოვნების გულისთვის ხელებს მოგვატეხავდნენ, გვაშინებდნენ, მაგრამ კარგად ვერ გვაშინებდნენ. ეს ბოლო ათი წელი იყო მონური ხელოვნება. ვიღაცა ტიპს, რომელსაც ხელოვნება არ ესმის, იმის გემოვნებაზე ასაწყობი რაღაცები ხდებოდა. მთელი ხელოვნება ერთი კაცის ღიპამდე იყო დასული.

თვითონ ხელოვანმა უნდა იბრძოლო, შენ უნდა შექმნა. მე ეს ათი წელი არ მომეწონა. რაღაცები როგორ არ მომეწონა, ძაან ბევრი მომეწონა, მობილურის გულისთვის არავინ არ დაგარტყამს, თბილისიდან ბათუმში უფრო ჩქარა ჩამოდიხარ – ეგ მომეწონა. ახლა თბილი წყალიც აქვთ სახლში. მე სახლი არა მაქვს, თორემ თბილი წყალიც მექნებოდა. მაგრამ გაღორდნენ. ათი სახლი აქვთ, დაკეტილები. ხალხს კი შია. სიღარიბეა. ერთი წელიწადია სკამი არ მაქვს სახლში. მეზიზღება სკამი. სკამს შეიძლება გადაგაყოლონ. ყველაზე არა მაქვს საუბარი. გაბრაზებული თუ ვიყო ვინმეზე, მე მოვკვდე. ჩემ თავზეც აღარ ვბრაზდები.

დღეს კონცერტი მაქვს. აქედან წამღები არაფრის არ ვარ. თუ რამეს მომცემენ, დავხარჯავ, ერთ ოც ლარს დავიტოვებ, აქედან რომ ქუთაისში ჩავიდე. მერე ქუთაისში ვიშოვი ერთ ათ ლარს, ამოვყოფ თბილისში თავს და ვიქნები ბედნიერი.

ქუთაისი? დედაჩემის საფლავია ქუთაისში. ხომ იცი, იციან კითხვა, რომელი სკოლელი ხარ, რომელი უბნელი ხარ, მე მიყვარს ასე, რომელ სამშობიაროელი ხარ? სიმბოლურია, ნომერ პირველ სამშობიაროში სადაც დავიბადე, კბილები დამაძვრეს სტომატოლოგებმა იქ ბოლოს. ქუთაისი დედულეთია ჩემი. ჩემი იმერეთია. მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ასეთ ქალაქში, ისეთი ადამიანების გვერდით ვიცხოვრე. თავისუფლების ჟინი, აი, რა არის ქუთაისში. ყველაფერი მოუფიქრებელი, დაუგეგმავია. ქუთაისში იმნაირ რამეს ამბობენ ხანდახან, ვერ გებულობენ, მასხრობენ თუ მართალია. ანეკდოტში გადადის ყველა სიტუაცია. რაღაცას გიყვებიან, და კითხვა გიჩნდება, ემგვანები კითხვის ნიშანს, ეგი ახლა მაბოლებს მე თუ მართალია. ქუთაისს კულტურის გარდა ვერაფერი ვერ უშველის. ვერც ინდუსტრია ვერ უშველის,
ვერც პარლამენტი ვერ უშველის, ვერც შენ უშველი და ვერც მე. საუკუნეში ერთხელ აქვს ქუთაისს წამოწევის დრო, საუკუნეში ოცი წელი ცხოვრობს ქუთაისი. დინოზავრებმა რამდენი იცხოვრეს არ ვიცი, მაგრამ მე გეუბნებით ადამიანობაზე.

საყვარელი ადგილი ქუთაისში არის ქუთაისი. „აუტსაიდერი“ როცა იწყებოდა, ხან სად ვიკრიბებოდით, ხან – სად. გალერეასთან, ოპერის წინ, ოპერის უკან, ტიტანიკის ბაღი იცი? ჩვენ დავარქვით მაგ ბაღს ეგ სახელი და ახლაც
ეგრე ეძახიან, მიხარია. ქუთაისში ალტერნატიული მუსიკის ბუდე იყო. ნებისმიერი მუსიკის, თუ გინდა რეპი იყოს, თუ გინდა პანკი იყოს, თუნდაც პაპსა. ქუთაისში ადვილია მაგი იკადრო. ხელოვნებაში ქუთაისელი და იმერელი კაცი ნაგლია. არ უტყდება, იმნაირი დებილობა შეიძლება თქვას, მაგრამ იცი, რომ ასე იცი ლაპარაკი. რობერტიას ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო ქუთაისელი.

ყოველდღე ვოცნებობ იმაზე, რომ სცენაზე მოვხვდე. სარკე არ მაქვს. არასოდეს ვუყურებ საკუთარ თავს სარკეში. ეგ კი არა ტელევიზიებში რომ მიწვევენ, იმასაც არ ვუყურებ. ერთი პერიოდი ტელევიზორიც არ მქონდა, მაგრამ მერე კომპიუტერთან აღარ მსვამდნენ და გევიმეტე ფული. ჩემი ოჯახის წევრები იმას კი არ უყურებენ, როგორ გამოვედი, არამედ იმას, რამე სისულელე ხომ არ გააკეთაო. მე როცა ვარ ტელევიზორში, იმ დროს სულ ტუალეტში მივდივარ და ვიმალები.

მე მინდა მსმენელი ვიყო, მე კი არ უნდა ვუკრავდე, მინდა შევამჩნიო სხვა, ახალი და მას მოვუსმინო. მე არ ვიცი მუსიკა როგორ გავყიდო. ცოლი რაფერ გავყიდო? შვილი რაფერ გავყიდო? ძმაკაცს რა მივყიდო? ფული რაფერ გასესხო და მერე რაფერ გითხრა, დავაი, მომეცი ჩემი ვალი. მიეცი და საცხა შემოგიბრუნდება. თუ წაართმევ, იგიც შემოგიბრუნდება. ამას
ვერ გებულობს ბევრი. ეგი კი ვიცით, „რასაცა გასცემ შენია“ – კონსტიტუციის დონეზე გვყავს აყვანილი. სიკეთე ყველაზე დიდი სასწაულია.

ოჯახის გარდა არაფერი გამაჩნია. ძაან მაგარი მეუღლე მყავს. იციან, რომ მე არაფერს გავაფუჭებ, საკუთარი თავის გარდა არაფერს გავაფუჭებ. რომ ჩავალ სახლში, ვეტყვი ჩემს ცოლს მიყვარხარ-თქვა.

პოლიტიკა მეზიზღება. პოლიტიკოსი რობის დედა… პოლიტიკა მკიდია. პოლიტიკოსების კი არ არის პოლიტიკა. ჩვენ რაფერა ვართ იცი? დაჭერილი ვყავართ ყურებით ამ ჩემაალებს. მე არც მიშისტი ვყოფილვარ, არც ზვიადისტი და არც ბიძინისტი. მე არ მინდა ასე მიყვარდეს სამშობლო, რომ ვიღაცა პიროვნებაზე იყოს ჩემი ბედ-იღბალი ჩამოკიდებული.

ოცნებები მქონდა. ბევრი ამიხდა. ზოგი ისეთი ამიხდა, რომ არ მიოცნებია. სულ ვფიქრობ, უნდა იარო რობი, უნდა იარო, არ უნდა გაჩერდე“.

რობი კუხიანიძე. ფოტო მუსიკოსის ფეისბუქის გვერდიდან.

რობი კუხიანიძე. ფოტო მუსიკოსის ფეისბუქის გვერდიდან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი