საზოგადოებახელოვნება

ქეთევან დედოფლის ნეშტის დროებითი და ძვირი მოგზაურობა სამშობლოში

23 სექტემბერი, 2017 • 9526
ქეთევან დედოფლის ნეშტის დროებითი და ძვირი მოგზაურობა სამშობლოში

ქეთევან დედოფლის ნეშტის ინდოეთიდან საქართველოში ჩამოტანასა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ნახევარი წლით მოგზაურობაზე მთავრობა 343 310 ლარს ხარჯავს. საპატრიარქოსა და კულტურის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ნეშტის ნახევარი წლით სამშობლოში დაბრუნება მნიშვნელოვანი საკითხია და ღირს ასობით ათასის დახარჯვა, თუმცა კულტურის სპეციალისტები და თეოლოგები საპირისპიროს ამტკიცებენ.

კულტურის მინისტრი ამბობს, რომ ინდოეთი მის საკუთრებაში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლებს არ ყიდის, ამიტომ ქეთევან დედოფლის ნეშტის საქართველოში სამუდამოდ დატოვება შეუძლებელია. მიხეილ გიორგაძის თქმით, ინდოეთი საქართველოს მიმართ მხოლოდ კეთილ ნებას გამოხატავს და დედოფლის ნეშტს დროებით, უსასყიდლოდ აბრუნებს სამშობლოში. მინისტრი ამის გამოც კი მადლიერია ინდური მხარის, ხოლო საქართველოს საპატრიარქო წუხს, რადგან ნეშტი ინდოეთს ეკუთვნის და არა საქართველოს.

“ასეთი ტანჯული, ღვთისა და ქვეყნისათვის ასეთი თავდადებული დედოფალი მსოფლიო ისტორიაშიც კი იშვიათია. ფრიად სამწუხაროა, რომ მისი ნეშტი ჩვენ არა გვაქვს. კვირას (24 სექტემბერს) წმინდა ნაწილებს მუზეუმიდან სამების საკათედრო ტაძარში გადავაბრძანებთ და გეძლევათ უნიკალური საშუალება, თქვენი სიყვარული და პატივისცემა გამოხატოთ მისდამი,” – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ნეტგაზეთმა კულტურის მინისტრს ჰკითხა, კონკრეტულად, როგორ უნდა დაიხარჯოს ქეთევან დედოფლის ნეშტის მოგზაურობისთვის გამოყოფილი თანხები, რაზეც გვპასუხობს, რომ 343 ათასიდან დაახლოებით 90% მივლინებებზე დაიხარჯება.

“თანხა ყველაფერზეა გადანაწილებული, მათ შორის, ტრანსპორტირებაზე და სამივლინებო ხარჯებზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა იმოგზაუროს ნეშტმა და თითოეულ ეპარქიაში საშუალოდ 2-3 დღე გაჩერდეს. ლომის წვლილი, ეს არის სამივლინებო ხარჯები. ბუნებრივია, ადამიანები უნდა გაჰყვნენ ნეშტს – როგორც სპეციალისტები ეროვნული მუზეუმიდან, ისე გამყოლი პირები უსაფრთხოების ნაწილში,” – ამბობს გიორგაძე.

კულტურის მკვლევარი, სოფიო კილასონია მიიჩნევს, რომ ქვეყანას ისეთი კულტურული კრიზისი აქვს, არასწორია ამხელა თანხის დახარჯვა ქეთევან დედოფლის ნეშტის ჩამოსატანად და ამ ყველაფერის ისე წარმოჩენა, თითქოს ეს არის კულტურული პროცესი. მისი შეფასებით, ფინანსური თვალსაზრისით, ეს არის საქართველოს მთავრობის მორიგი მცდარი და გაუმართლებელი ნაბიჯი, ხოლო ბიუჯეტის თანხები არარაციონალურად იხარჯება ამოცანებთან დაკავშირებით.

“როგორც მოქალაქესა და კულტურის მკვლევარს, არ მგონია, რომ ეს არის ისეთი მნიშვნელობის საკითხი თუნდაც მორწმუნე საზოგადოებისთვის, რა მნიშვნელობასაც ხელისუფლება თუ საპატრიარქო ანიჭებს. რწმენა და თუნდაც მოწამე ადამიანისადმი პატივისცემა არ უნდა განისაზღვრებოდეს და კავშირში არ უნდა იყოს ამ პროცესთან, რომელიც უფრო ჰგავს კერპთაყვანისმცემლურ და ცოტათი ნეკროფილურ პროცესს, რაც გამოიკვეთა ბერი გაბრიელის ნეშტთან მიმართებაშიც. თუმცა, არ მგონია, რომ აქ რაღაც კულტურის კრიზისთან და საზოგადოების სტრესთან გვქონდეს საქმე,” – ამბობს კილასონია.

კულტურის სპეციალისტის თქმით, ხელისუფლება მუდმივად იგონებს ისეთ მოვლენებს ან აფინანსებს ღონისძიებებს, რომლებმაც ამ საზოგადოებაში უნდა შეიტანოს აღფრთოვანებისა და ეგზალტირების განცდა:

“ეს შემთხვევა, მგონია, რომ საზოგადოების არასწორი მიმართულებით აღგზნებას უწყობს ხელს. ამავდროულად, ეს არის ეკლესიისთვის მომგებიანი პროცესი. სხვადასხვა სტატიები და კვლევები არსებობს, თუ რამდენად მომგებიანია ეს ეკლესიისთვის. ამ ინსტიტუციისთვის თუ ფინანსურად მომგებიანია ნეშტის საკითხი, კულტურის სამინისტროსთვის ეს არის მორიგი ღონისძიება, რომელიც საზოგადოების ფასეულობების გაყალბებას და გაუფასურებას უწყობს ხელს.”

სოფიო კილასონია ამბობს, რომ სწორედ მსგავსი სასაცილო და კვაზიკულტურული ღონისძიებებისადმი აღფრთოვანებითა და მნიშვნელობის მინიჭებით ხდება საზოგადოებაში რწმენისა და კულტურული ფასეულობების გაყალბება.

კულტურის სპეციალისტის თქმით, ქეთევან დედოფლის ნეშტის ჩამოტანით რწმენა და კულტურა არ ვლინდება, მით უფრო, იმ საზოგადოებაში, რომელსაც ჰუმანიზმის ძალიან დიდი პრობლემა აქვს.

“ოდნავ განსხვავებულ ადამიანებს ხშირად ფიზიკურად უსწორდებიან, თუმცა არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას აქვს შემუშავებული სტრატეგიული ხედვა, როგორ დაიძლიოს ძალადობა და სხვადასხვა ტიპის ჰომოფობიური ტენდენციები. ამისადმი აბსოლუტურად გულგრილია ხელისუფლება, მათ შორის, კულტურის სამინისტრო. მას საერთოდ არაფრის ხედვა აქვს – როგორ მოერიოს განათლების პრობლემას, როგორ მოერიოს ეთნიკური უმცირესეობების, კულტურული მრავალფეროვნების კრიზისებს. სამაგიეროდ, იცლიან იმისთვის, რომ 6 თვით ამოგზაურონ ნეშტი, თუნდაც წმინდა ნაწილები,” – ამბობს კულტურის სპეციალისტი სოფო კილასონია.

დედოფლის ნეშტის საკითხს კულტურის მკვლევარი ქვეყანაში მიმდინარე კიდევ ერთ პროცესს უპირისპირებს, რომელიც ე.წ. ქართველთა მარშს უკავშირდება, როცა მოსახლეობის ნაწილს თეთრი კანის ფერის ტურისტი მოსწონს, ხოლო ოდნავ მუქი კანის ფერის არა. მისი თქმით, ასეთი კულტურული კრიზისის ფონზე, ნეშტის საკითხს საერთოდ არ აქვს კავშირი რწმენასთან და ღირებულ კულტურულ ფასეულობებთან, თუმცა ავითარებს საპირისპიროს – ცრურწმენასა და ფანატიზმს:

“თან ამას ავითარებენ და წინასაარჩევნოდ ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის გულსაც იგებენ, რომლისთვისაც მომგებიანი უნდა იყოს ეს პროცესი არ ამხოლოდ ფინანსურად. ეკლესია ამით ამტკიცებს საკუთარ ძალაუფლებას – მას  შეუძლია, რომ ამ კულტურულად და ეკონომიკურად გაჭირვებულ ქვეყანაში დაიხარჯოს უზარმაზარი თანხა და 6 თვის განმავლობაში ყურადღების ცენტრში იყოს.”

კულტურის მინისტრს ვკითხეთ, თუ ვისი იდეა იყო ქეთევან დედოფლის ნეშტის ჩამოტანა ინდოეთიდან და რატომ გადაწყვიტეს დღეს ამ ღონისძიებაში ფულის დახარჯვა, რაზეც გვიპასუხა, რომ არ იცის, როგორ დაიძრა ეს საკითხი. მიხეილ გიორგაძის თქმით, მის წინამორბედებს უკვე დაძრული ჰქონდათ ეს საკითხი

“სულ თავიდან, რამდენიმე წლის წინ, სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი, ვისი იდეა იყო ქეთევან დედოფლის ნეშტის ჩამოსვენება. კულტურის მინისტრად დანიშვნის დღიდან დამხვდა ღია საკითხი. სამინისტროში ჩემს წინამორბედებს უკვე ჰქონდათ დაძრული ეს საკითხი და საპატრიარქოც ჩართული იყო იმიტომ, რომ წმინდანის ნეშტის ნაწილზე გვაქვს საუბარი, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებები სწორედ კულტურის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიჰყავდა,” – გვპასუხობს კულტურის მინისტრი.

სანამ მიხეილ გიორგაძე დაინიშნებოდა კულტურის მინისტრად, ამ თანამდებობას გურამ ოდიშარია [ქართული ოცნება] იკავებდა, ხოლო მანამდე, ნიკა რურუა [ნაციონალური მოძრაობა]. ჩვენ რურუას ვკითხეთ, იყო თუ არა დაინტერესებული ყოფილი ხელისუფლება ქეთევან დედოფლის ნეშტის ჩამოტანის საკითხით, რაზეც გვიპასუხა, რომ მსგავსი არაფერი ახსენდება.

როგორც სოფიო კილასონია ამბობს, ქეთევან დედოფლის ნეშტის ჩამოტანის გარდა, მიხეილ გიორგაძეს ბევრი კარგი პროექტი/საკითხი დახვდა სამინისტროში, რომელიც შეწყვიტა, რის გამოც მისი წინამორბედი მინისტრების პასუხისმგებლობაზე საუბარი ღირებული არგუმენტი არ არის.

“ბევრი კარგი პროექტი შეწყვიტეს, მაგრამ ათმაგად არღვევენ კანონს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. ამის პრეცედენტები დახვდათ მათ წინა ხელისუფლების, მაგრამ დარღვევების მასშტაბით ესენი აღემატებიან. საზოგადოებაში, სადაც ქრისტიანობის ფუნდამენტური და ჰუმანური ფასეულობები უზარმაზარ კრიზისშია, ეკლესიაც და კულტურის სამინისტროც იცლიან მოქალაქეების ეგზალტირებისთვის – მორწმუნე თუ არამორწმუნე საზოგადოების,” – ამბობს სპეციალისტი.

ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად გაფლანგვაზე საუბრობს თეოლოგი, მირიან გამრეკელაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ ქართულ კულტურულ სივრცეში უამრავი სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემაა. მისი თქმით, დღეს ქვეყანა იმაზე გაცილებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე ბიუჯეტის ხარჯზე ქეთევან დედოფლის ნეშტის ნახევარი წლით დაქირავებაა. როგორც თეოლოგი ამბობს, სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ ქვეყნის ბიუჯეტიდან თანხების ასე დაუსაბუთებლად განკარგვა უდიერებისა და ძალმომრეობის ყოველგვარ ზღვარს სცდება.

“საოცარია, რომ სწორედ ეკლესიის მფლობელობაში მყოფი კულტურული ძეგლები ან შეგნებულად ზიანდება, ან სასწრაფო მიხედვას საჭიროებს. მათი გადარჩენისათვის თანხების მოძიება ვერასოდეს ხერხდება. უფრო მეტიც, თვითნებური დაზიანებების წინ, ეკლესია სრულიად უგულებელყოფს კულტურის სამინისტროსთან რაიმეს შეთანხმებას, ხოლო როდესაც საქმე ბიუჯეტიდან უპირობოდ თანხის გამოყოფაზეა საუბარი, მაშინ პირველივე მისამართი კულტურის სამინისტროა. სამწუხაროდ, ერთიცა და მეორეც ქვეყნის ხაზინასა თუ მოსახლეობას პირად საკუთრებად განიხილავენ,” – ამბობს თეოლოგი.

სხვადსხვა ქართველი მოღვაწის მიერ ქეთევან დედოფლის ნეშტიდან შემორჩენილი ნაწილების ძიების პროცესი უკვე საუკუნეებს ითვლის, ხოლო მას შემდეგ, რაც 2006 წელს მათი ნამდვილობა საბოლოოდ დადგინდა, პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა. მირიან გამრეკელაშვილის ინფორმაციით, დედოფლის ნეშტის საქართველოში ჩამოტანა ეკლესიის დიდი სურვილია, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე აშკარად ორმაგი სარგებლიანობის პრინციპთან გვაქვს:

“სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ქირაობს წმინდა ნაწილებს, ეკლესია იმაღლებს გავლენებსა და შემოსავლებს მომლოცველობის წყალობით, ხოლო ამ “შემოტარებაში” ჩართული მთავრობა თუ კონკრეტული პოლიტიკური პირი რეიტინგს იზრდის. ამ ყველაფერს კი ისევ გადასახადების გადამხდელები დააფინანსებენ. კარგი გეგმაა, ღმერთმანი…”

კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია რელიგიური თვალსაზრისით დედოფლის ნეშტის ჩამოტანა, თეოლოგი გვპასუხობს, რომ არქაული საზოგადოების დიდ ნაწილს ახასიათებს გარდაცვლილთა კულტის ფორმები. მისი თქმით, ქრისტიანობაში მოწამეობა უმაღლესი სიქველეა, რაც კი ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს, ხოლო ნეშტის ნაწილები მოწამეობის ფაქტობრივი დადასტურებაა:

“რამდენადაც ქეთევან დედოფალი ჩვენი ეკლესიის დიდმოწამეა, მის ნაწილებთან მიახლება მორწმუნეთათვის მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს ბიუჯეტის ხარჯზე. საპატრიარქოს შეეძლო დაეარსებინა შესაბამისი ფონდი და შეეგროვებინა ამ აქციისთვის საჭირო თანხა.”

თუმცა, მეორე მხრივ, როგორც მირიან გამრეკელაშვილი ამბობს, ქრისტიანობა არაა მხოლოდ წმინდა ნაწილებისა და უხრწნელი ნეშტების რელიგია, რადაც ის იქცა საქართველოში.

“რწმენით საზრისებს სწორება უპირველესად სიცოცხლეზე აქვთ. მაგალითად, ქალაქი მცხეთის მთავარი გზავნილი საუკუნეების განმავლობაში ქრისტეს რწმენით კვდომისადმი სიცოცხლის მინიჭების ამბავი იყო, თუმცა დღესდღეობით იქ ხალხი საფლავის მოსალოცად მიედინება. ანუ, სიცოცხლის საზრისი, ავად თუ კარგად, კვდომის საზრისმა ჩაანაცვლა, მიუხედავად იმისა, რომ იქ შესვენებული წმინდანი, სავარაუდოდ, უხრწნელია,” – ამბობს თეოლოგი.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ქეთევან დედოფლის ნეშტის სამშობლოში მოგზაურობის საკითხს სოციალურ ქსელში არაერთი კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მორწრმუნეთა ნაწილს დედოფლის ნაწილების  საქართველოში დროებით ჩამოტანა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზეც უხარია და არა ეკლესიის ან რომელიმე კერძო პირის ფინანსებით. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარი ქვეყნისთვის გაცილებით მნიშვნელოვან საქმეს უნდა მოხმარდეს, თუმცა, როგორც კულტურის მინისტრი ამბობს, მას არ ესმის, თუ რა არის ისეთი მოსაზრების არსებობის საფუძველი, რომ არაადეკვატურად იხარჯება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხები.

ქეთევან დედოფალი © კულტურის სამინისტრო

ისტორიული წყაროების თანახმად, კახეთის დედოფალი ქეთევან მუხრანბატონი (დაახლოებით 1570-1624), რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, 1624 წელს ირანის ქალაქ შირაზში შაჰ-აბასის ბრძანებით წამებით მოკლეს, რადგან უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე.

ისტორიული წყაროების მიხედვით, დედოფლის წამების მოწმე პორტუგალიელმა მისიონერებმა ნეშტი ფარულად ამოთხარეს და ისპაჰანის ავგუსტინელთა მონასტერში წაიღეს დასაკრძალად. მოგვიანებით, მისიონერებმა ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილები საქართველოში ჩამოიტანეს, სადაც 1723 წლამდე ინახებოდა, შემდგომ კი დაიკარგა.

2013 წელს ჟურნალმა ARCHEOLOGY–მ გაავრცელა განცხადება, რომელიც ამტკიცებდა, რომ გოაში მდებარე ეკლესიის ნანგრევებში აღმოჩენილი ძვლები, სავარაუდოდ, ქეთევან დედოფალს ეკუთვნოდა. მათი ინფორმაციით, ქვის სარკოფაგში აღმოჩენილი მკლავის ძვლების დნმ–ის ანალიზმა აჩვენა, რომ დიდი ალბათობით ძვლებს ინდოეთთან კავშირი არ აქვს და ქართული წარმოშობის იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი