პარხალის სამონასტრო კომპლექსის და ძველი ქართული ძეგლების მდებარეობა თურქეთში. რუკა: dzeglebi.ge

თურქეთში ქართული ძეგლების აღდგენის პროცესში ქართველი ექსპერტებიც ჩაერთვებიან

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2017-2021 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა ამოქმედდა, რასაც ქართველი ხელოვნებათმცოდნეები დადებითად აფასებენ. საქართველოსთვის დიდი ხნის განმავლობაში თურქეთში არსებული ქართული ძეგლების სავალალო მდგომარეობა პრობლემას წარმოადგენდა, რომლის მოვლის უფლებაც ქართულ მხარეს არ ეძლეოდა. დადებული ხელშეკრულების თანახმად, ქართველი სპეციალისტები უკვე შეძლებენ ძეგლების სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში მონაწილეობას.

კულტურის სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარხალის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყება, ხოლო სამუშაოებში, თურქ სპეციალისტებთან ერთად, ქართველი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და კოორდინაციით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ჩართულობით, ქართველი საექსპერტო ჯგუფი 15 სექტემბერიდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაემგზავრება თურქეთში (ართვინის რეგიონი, იუსუფელი), როგორც მეთოდოლოგიის გაცნობის და ზედამხედველობის, ასევე სამუშაოებში უშუალო მონაწილეობის მიზნით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნანა კუპრაშვილი, ალექსანდრე რუბაშვილი და გიორგი ნავროზაშვილი. ჯგუფს თან ახლდება თარჯიმანი ბებური გოზალიშვილი.

ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილის შეფასებით, თურქეთში ქართული ძელგები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს, რაც დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, სპეციალისტი დადებითად აფასებს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რაც ქართველი სპეციალისტების ჩართულობასაც ითვალისწინებს სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში.

“რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ თანამშრომლობა. ძალიან რთული და პრობლემური საკითხია, რომელიც ნელ-ნელა დაიძრა. ახლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ თურქეთთან ეს თანამშრომლობა არ დავკარგოთ. ძეგლები არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს. თურქეთის ძეგლთა დაცვითი სისტემა ახლა ცოტა გამოსწორდა, მაგრამ ადრე საკუთარ ძეგლებზეც კი დიდი შეცდომები დაუშვეს. ჩვენც არ ვართ დიდად გათვითცნობიერებულები, მაგრამ ქართლ ძეგლებს უკეთესად ვიცნობთ, ვიდრე ისინი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გამოცდილი სპეციალისტების მეთვალყურებოა და დაშვება, რომ ვიცოდეთ, რა ხდება ადგილზე, განსაკუთრებით მიმდინარე სამუშაოების პროცესში,” – ამბობს ჩაჩხუნაშვილი.

სპეციალისტის თქმით, როცა იხსნება ძეგლი, რჩება ძველი ფენები, რასაც შეიძლება სათანადო ყურადღება არ მიექცეს და ისტორიული კვალი წაიშალოს, რის გამოც თურქულ მხარესთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება.

კულტურულ ძეგლებთან თანამშრომლობის საკითხში მხარეებს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის მაისში, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თურქეთში ვიზიტისას გაფორმდა. გასულ კვირას კი თურქეთს ქართული დელეგაცია კულტურის მინისტრის ხელმძღვანელობით კიდევ ერთხელ ეწვია და სწორედ მაშინ შეთანხმდნენ მხარეები პარხალის ძეგლის საკითხზეც.

პარხალის სამონასტრო კომპლექსის და ძველი ქართული ძეგლების მდებარეობა თურქეთში. რუკა: dzeglebi.ge

პარხალის სამონასტრო კომპლექსის და ძველი ქართული ძეგლების მდებარეობა თურქეთში. რუკა: dzeglebi.ge

პარხალის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფელის (Yusufeli) ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ–ში მდებარე ისტორიულ სოფელ პარხალთან, (ალთიპარმაქ) (Altiparmak), მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში. პარხალის ეკლესია დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე) ააგო. ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს სახარება შესწირა, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა “შუშანიკის წამება”, უძველესი ნუსხა X საუკუნისა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პარხალის გარდა, ქართულმა დელეგაციამ თურქეთში არსებული სხვა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც მოინახულა, მათ შორის: ხახულის, ოშკის, იშხნის, ოთხთას მონასტრები, ასევე, კაპადოკიის მხარე. ქართველმა ექსპერტებმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობა შეაფასეს, განსაზღვრეს ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოები და მოამზადეს შესაბამისი რეკომენდაციები.

თანამშრომლობის პროგრამის მიხედვით, მხარეები განახორციელებენ შერჩეული ძეგლების რეაბილიტაციას. ისინი თანხმდებიან, რომ ამ ძეგლების ფიზიკური რეაბილიტაციის დაწყებამდე აუცილებლად განახორციელებენ ძეგლების წინასწარულ კომპლექსურ (არქეოლოგიური, გეოლოგიური, სახელოვნებათმცოდნეო და კონსტრუქციული) კვლევებს ICOMOS-ის (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიერ განსაზღვრული მეთოდოლოგიური პრინციპებისა და სფეროში მოქმედი საერთაშორისო დოკუმენტებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც ძალაშია ორივე მხარისათვის და, ამ კვლევების პროცესში უზრუნველყოფენ მეორე მხარის შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობას.

როგორც თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ამბობს, მხარეები დიდი მონდომებით მუშაობენ ამ საკითხზე. მისი თქმით, თავდაპირველად აუცილებელია ძეგლების აღნუსხვა, ხოლო მომდევნო ეპატზე საქართველომ და თურქეთმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ ითანამშრომლონ მათ აღდგენასთან დაკავშირებით.

გუმრუქჩუს თქმით, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის, რადგან ძეგლები არის როგორც საქართველოს, ისე თურქეთის კულტურული მემკვიდრეობა: “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი შევინარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს.”

საქართველოს და თურქეთის მთავრობებს შორის 2017-2021 წლებისათვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა 2017 წლის 23 მაისს მომზადდა, ხოლო ძალაში 8 სექტემბერს შევიდა. საერთაშორისო ხელშეკრულება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე 13 სექტემბერს გამოქვეყნდა, სადაც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ, ძეგლთა დაცვის გარდა, რა საკითხებზე აპირებენ თანამშრომლობას მხარეები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.