ხელოვნება

გამოტოვებულები და იღბლიანები: კანი 2013 [Photo]

15 მაისი, 2013 • 1674
გამოტოვებულები და იღბლიანები: კანი 2013 [Photo]

შედარებით ნაკლებად ცნობილია ჩვენი მაყურებლისთვის დახურვის ფილმის რეჟისორი, ფრანგი ჟერომ სალი. ფილმი ინგლისურენოვანია, ფორესტ უაითეკერით და ორლანდო ბლუმით მთავარ როლებში. ჟიურის თავმჯდომარეც ამერიკელია და საერთოდ, წლევანდელი კანი ინგლისურში ენის გასატეხად არის ზედგამოჭრილი. თუმცა ამ მხრივ არც ფრანგულად მოლაპარაკეებმა უნდა დაიჩივლონ: საფრანგეთი წელს ხუთ ეროვნულ კინოპროდუქციას წარმოადგენს მთავარ კონკურსში. გადა ამისა, ფრანგულ ფილმებს სხვა სექციებშიც აჩვენებენ (განსაკუთრებული ხედვა, კონკურსგარეშე ჩვენება, რეჟისორთა ორკვირეული).

 

სავარაუდოდ, წელს ფესტივალი შედარებით მშვიდად ჩაივლის: ლაჟვარდოვან სანაპიროს ლარს ფონ ტრიერი არ ეწვევა. მართალია, მისი “ნიმფომანიაკის” არჩვენების მიზეზი ფესტივალზე განაცხადის შეტანის ვადის გადაცილება იყო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სინამდვილეში ტრიერმა ფილმის დასრულება მოასწრო, სხვანაირად  30 მაისს დანიაში “ნიმფომანიაკის” პრემიერა ვერ დაიგეგმებოდა. 2011 წელს “მელანქოლიის” პრესკონფერენციაზე წარმოთქმული ხუმრობის შემდეგ დანიელი რეჟისორი კანში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, თუმცა ფესტივალის დირექცია ოფიციალურად ელოდებოდა მის ახალ ფილმს. ასეა თუ ისე, ტრიერის კანში არყოფნა დირექციისთვის ნაკლებ თავის ტკივილს და ხმაურს ნიშნავს. 

 

ე.წ. გამოტოვებულ ფილმებს შორის წელს ლუკ ბესონის “მალავიტაც” არის. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორი იმედოვნებდა მისი ფილმის კონკურსში ჩასმას და მიუხედავად კინოკრიტიკოსების წრეში ამასთან დაკავშირებული მოლოდინის არსებობისა, კანში ფილმი არ იქნება. იგივე ბედი ეწიათ ბერტრან ტავერნიეს, კატრინ ბრიას, რიად სატუფის და ტერენს მალიკის ნამუშევრებსაც. არადა, ტიერი ფრემოს, ფესტივალის სამხატრო ხელმძღვანელს, ნამდვილად უყვარს ამ უკანასკნელის ფილმები. 2011 წელს “სიცოცხლის ხემ” ოქროს პალმის რტო აიღო. ფესტივალის უფროსების სამხატვრო-შემოქმედებით გადაწყვეტილებებთან ერთად დედლაინებიც და შიდა სამზარეულოც არსებობს.   

 

სხვათა შორის, რიად სატუფმა ფილმი საქართველოში გადაიღო (ალბათ, ფეისბუქიდან გემახსოვრებათ შარლოტ გინსბურგის ფოტოები – გრიბოედოვის ქუჩაზე სახინკლესთან, რუსთაველზე “სმარტში” და ფრანგი მსახიობის საქართველოში ყოფნის სხვა სამოყვარულო ფოტოდოკუმენტაცია. როგორც მაშინ აღმოჩნდა, მას ყველაზე მეტად ჯეინ ეარიდან იცნობენ ჩვენში).    

 

ცნობილ იღბლიანებს შორის კი არიან: ფრანსუა ოზონი, სტივენ სოდერბერგი, ალექს ვან ვარვერდამი, ჟოელ და ეთან კოენები, პაოლო სორენტინო, ტაკაში მიიკე, ჯონი ტო, ჯიმ ჯარმუში, ჟან ლუკ გოდარი, პიტერ გრინუეი. ის კი არა, ზოგს ისე გაუმართლა, რომ რომ ორ ფილმს აჩვენებს. თუმცა, ამაზე და დანარჩენზე მოგვიანებით… 

მასალების გადაბეჭდვის წესი