ხელოვნება

“ჯიმ მორისონის დაკარგული ჩანაწერები” ქართულ ენაზე

30 აპრილი, 2013 • • 3664
“ჯიმ მორისონის დაკარგული ჩანაწერები” ქართულ ენაზე

ცნობილი მუსიკოსების პოეტური და პროზაული ტექსტების გამოცემა „არტანუჯის“ ახალი პროექტია, რომელიც მკითხველს საშუალებას აძლევს პოეტისა და ლეგენდარულ ჯგუფ “დორსის” სოლისტის ჩანაწერებს ქართულ ენაზე გაეცნოს. “არტანუჯის” მიერ გამოცემული ერთ–ერთ პირველ წიგნთა შორისაა ჯონ ლენონის „როგორც მეწერებას“ ქართული თარგმანიც.

 

ჯიმ მორისონის გაბნეული ლექსები, ჩანაწერები, ესსები მისმა მეგობარმა ფრანკ ლისანდრომ შეკრიბა და 1989 წელს თავი მოუყარა წიგნში სახელწოდებით – “The Wilderness”.

 

მთარგმნელ კიტი იოსელიანის თქმით, ლექსებს საკმაოდ რთული სტრუქტურა ახასიათებთ, იშვიათად არის გამოყენებული რითმა. მაგრამ ხშირია არქაიზმები, სლენგი, ბინძური გამოთქმები თუ სამეცნიერო ტერმინები.

 

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, წიგნს დავურთე მოკლე განმარტებანი. მათი დახმარებით უფრო ნათელი ხდება ბევრი რამ, ისედაც საკმაოდ რთული ექსპერიმენტალური, ნარკოტიკული ხილვებისა და სიტყვებით ინტელექტუალური თამაშის პოეზიის კითხვის დროს.“–  ამბობს მთარგმნელი. 

 

წიგნის პრეზენტაციაზე სპეციალურად ამ დღისთვის შეკრებილმა მუსიკალურმა ჯგუფმა და მსახიობებმა საზოგადოებას „უდაბნო“ ჯიმ მორისონის მუსიკისა და პოეზიის სინთეზით წარუდგინეს.

 

კიტი იოსელიანის თქმით, ეს ადგილი [მოსწავლე ახალგაზრდობის სარკეებიანი დარბაზი] გამიზნულად შეირჩა და ერთგვარად სიმბოლურიც კი არის:  – „ვიდრე არ წავიკითხავთ ამ ლექსებს, წარმოუდგენელია მივხვდეთ, როგორი კლასიკური ბუნების მქონე პიროვნებასთან გვაქვს საქმე.“ 

 

ჯიმ მორისონი წერის მანერით, საგნების, მოქმედებების ან ფაქტების უამრავი ჩამონათვალით საშუალებას აძლევს მკითხველს, არა მხოლოდ ავტორის შეგრძნება ამოიკითხოს, არამედ თავად დაინახოს ის ყველაფერი, რისი აღქმით გამოწვეული შეგრძნებითაც შთაგონებულია თითოეული ლექსი. 

 

„თუ ჩემი პოეზია რამის მიღწევას ისახავს მიზნად, ეს ხალხის გათავისფლებაა იმ შეზღუდული საზღვრებისგან, რომლიდანაც იყურებიან და გრძნობენ.“ ჯიმ მორისონი (ამონარიდი წიგნიდან „უდაბნო“, „ინეტრვიუ საკუთარ თავთან“).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი