ხელოვნება

ინგლისის ნაციონალური ბალეტის ქართველი პრიმა

30 აპრილი, 2013 • • 3640
ინგლისის ნაციონალური ბალეტის ქართველი პრიმა

ელენე სკოლაში, პეტერბურგი
ელენე სკოლაში, პეტერბურგი

ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, რომ 10 წლის ასაკში უკვე ზუსტად იცოდით ცხოვრების დაკავშირება ბალეტთან რომ გსურდათ. რამდენად შეესაბამებოდა 10 წლის გოგონას წარმოდგენები კლასიკურ ბალეტზე იმას, რა გამოწვევებიც შემდეგ  ამ სფერომ დაგახვედრათ?

წინასწარ  წარმოდგენა არ მქონდა, არასდროს მიფიქრია, რა არის ბალეტი და რას ნიშნავს იყო ბალერინა. თუმცა სწავლა რომ დავიწყე, ძალიან შემიყვარდა. 10 წლის ასაკში უკვე ვიცოდი, რომ ეს ძალიან რთულ ცხოვრებასა და მძიმე შრომასთან არის დაკავშირებული. შემდეგ კი დადგა საკითხი, რომ უნდა წავსულიყავი რუსეთში – წავსულიყავი მარტო, მეცხოვრა საერთო საცხოვრებელში, მესწავლა რუსულ სკოლაში, მეჭამა სასწავლებლის საშინელი საჭმელი… მაგრამ მე, 12 წლის ბავშვმა, გადავწყვიტე, რომ ამას გავუძლებდი და ავიტანდი.

ჩემმა მასწავლებელმა მითხრა მაშინ – თუ რაღაცის მიღწევა გინდა, საუკეთესო სკოლაში უნდა წახვიდეო. როდესაც ადამიანს რაღაც მართლა სურს, მიდის ამ მიზნისკენ და მას სირთულეები აღარ აშინებს.

 

ახლა, როცა ასეთ სიტუაციაში გხვდებითგადატვირთული გრაფიკი, თავს ფიზიკურად სუსტად გრძნობთ, გენერალური რეპეტიციის წინა ღამე გამოცდისთვის მომზადებაში გაატარეთ და ხვალ წარმოდგენა უნდა გამართოთ – ცეკვავთ ბალეტს, რომელიც აქამდე არ შეგისრულებიათ. როგორ ახერხებთ ბალერინები ეს ყველაფერი კულისებში დატოვოთ და სცენაზე მსუბუქი და სრულყოფილნი დარჩეთ?

იცით, რა არის საინტერესო? – ჩემს საბალეტო კარიერაში, ყოველთვის, როცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რთული სპექტაკლი ან პრემიერა მელის წინ, არ მახსოვს, რომ ჩემს თავს რაღაც არ ხდებოდეს. ბალეტის სამყაროში ასეთი კანონი არსებობს – როცა გსურს რაღაც საუკეთესოდ გამოგივიდეს – ან ავად ხარ, ან ფეხი გტკივა, ან სპაზმი გაქვს, ან პუანტზე ვერ დგახარ, ყოველთვის! ყოველთვის ასეა. ამაზე სულ მეცინება ხოლმე და ვამბობ – თუ რაღაც მტკივა, ესე იგი ცოცხალი ვარ. ამჯერად გაციებული ვარ, სიცხეც მაქვს, მახველებს, თავს საშინლად ვგრძნობ.

ლუბა კუნაკოვა
ლუბა კუნაკოვა

ჩემი მასწავლებელი ლუბა კუნაკოვა (კიროვის თეატრის პრიმაბალერინა) ჩემთან მუშაობის პირველ წლებში სულ მაგიჟებდა ხოლმე ამით. ყოფილა, რომ მიყოლებით 50 “გედის ტბის“ ცეკვა უწევდა. კულისებში იდგა ხოლმე ძალიან დაღლილი და ისე გამოიყურებოდა, თითქოს განძრევა აღარ შეეძლო, შემდეგ სცენაზე გადიოდა და ისე ცეკვავდა… გადასარევად! რომ შეხედავდი, ვერც კი იფიქრებდი, რომ ზედიზედ 35–ე “გედის ტბას” ასრულებდა. კულისებში გამოვიდოდა თუ არა, იერი ისევ მისავათებული უხდებოდა. არასდროს მესმოდა, როგორ ახერხებდა ამას, მაგრამ ახლა მეც ასე ვარ. ლონდონში მიყოლებით „მაკნატუნები“ რომ გვაქვს ხოლმე, კულისებში ვდგავარ და ვფიქრობ, – ნეტა როგორ უნდა ვიცეკვო? – მერე გავდივარ და ვცეკვავ. ყველაფერი გამოდის, ნახტომიც, ბრუნიც… ვბრუნდები კულისებში და ისევ ისე ვკვდები. საიდან მოდის ეს ენერგია? ალბათ, იქიდან, რომ როცა რაღაც გიყვარს, უბრალოდ აკეთებ.

“წარმოდგენაზე უარი არასდროს არ უნდა თქვა” – მეუბნებოდა კუნაკოვა, რომელმაც, ფაქტობრივად, ბალერინად მაქცია. ლუბა 7 წლის განმავლობაში მუშაობდა ჩემთან ყოვედღიურად.

ის არა მხოლოდ მაღალი დონის პროფესიონალი და გენიალური ბალერინაა, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანიც, რომელიც ყოველთვის გულწრფელია… მე ადამიანებში ყოველთვის განსაკუთრებულ პატივს ვცემ ამ თვისებას, როდესაც ადმაიანი სიმართლეს გეუბნება, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ეს. ძნელია, როცა შვიდი წლის განმავლობაში გეუბნებიან, რომ პროგრესირებ, რაღაცას უკეთესად აკეთებ, მაგრამ კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო – მეტია საჭირო, მეტია საჭირო… შვიდი წლის შემდეგ კი სპექტაკლს იცეკვებ და პირველად გეტყვის – აი, ახლა, ელენე, შენ ბალერინა ხარ და სადაც არ უნდა წახვიდე, ეს არასდროს დაგეკარგებაო. შვიდი წლის შემდეგ მითხრა ეს…

რა შეასრულეთ მაშინ?

 

ეს სპექტაკლი “მძინარე მზეთუნახავი” იყო. ამის მერე თითქმის მაშინვე ლონდონში წავედი. მამაჩემმაც (ლევან გლურჯიძე) ჩათვალა, რომ რუსეთში მისაღწევს უკვე მივაღწიე და სადღაც სხვაგან უნდა წავსულიყავი, რომ წინსვლა და სწავლა გამეგრძელებინა. ამიტომ ჩემი ჩანაწერი ლონდონში, ჩემგან უჩუმრად, გაგზავნა. მამას უნდოდა წესიერ სამყაროში გვეცხოვრა, სადაც სტაბილური გარემოა და მომავლის პერსპექტივა არსებობს. არადა, ახლა ისეთი ძნელია ევროპაში  სამუშაო იპოვნო, მით უმეტეს, როცა პრემიერბალერინას კონტრაქტზე ვსაუბრობთ. მამასაც სულ ვეუბნებოდი – ვის სჭირდება იქ ქართველი…  თუმცა ასე აღმოჩნდა, რომ დასჭირდათ.

 

„მარგარიტა და არმანს“  28 აპრილს პირველად ასრულებთ. თან საქართველოში ცეკვა თქვენთვის ყოველთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. როგორია ამ ბალეტის გამოწვევები და თქვენი დამოკიდებულება თქვენი გმირის მიმართ?

ამ ბალეტის სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შექმნა სწორი სახე. ეს დიუმას ნაწარმოების, „ქალი კამელიებით“ მიხედვით არის დადგმული. ამ პარტიის ცეკვა ჩემთვის დიდი პატივია, რადგან ის ძალიან ცოტას თუ შეუსრულებია. აღფრთოვანებული ვიყავი, როცა შესრულების უფლება მომცეს. ეს, რა თქმა უნდა, ნინო ანანიაშვილის დახმარებით მოხდა. მარგარიტას გმირი ძალიან შემიყვარდა. ძალიან ძლიერი გმირია.

 ბალეტ “მარგარიტა და არმანის” არსებობის 50 წლიანი ისტორიის მანძილზე, სულ 5 ბალერინაა მსოფლიოში, ვინც მისი შესრულების უფლება მოიპოვა – ორი ბრიტანელი, ერთი ესპანელი და ორი ქართველი (ნინო ანანიაშვილი და ელენე გლურჯიძე).
ბალეტ “მარგარიტა და არმანის” არსებობის 50 წლიანი ისტორიის მანძილზე, სულ 5 ბალერინაა მსოფლიოში, ვინც მისი შესრულების უფლება მოიპოვა – ორი ბრიტანელი, ერთი ესპანელი და ორი ქართველი (ნინო ანანიაშვილი და ელენე გლურჯიძე).

 

მას შემდეგ, რაც სცენური სახის შექმნისთვის ტექნიკაზე მუშაობისას წინასწარ კოლოსალურ შრომას გასწევთ და სცენაზე გადიხართ წარმოდგენისთვის, როგორია ურთიერთობა გონებასა და არტისტიზმს, გრძნობებს შორის? შესრულებისას გონება აკონტროლებს ყველაფერს, თუ სხეული თავისთავად მოქმედებს და არტისტიზმს უთმობთ სივრცეს?

 “მარგარიტა და არმანის”  შესრულების ნებართვას სპეციალური ფონდი გასცემს ქორეოგრაფის ოჯახის წევრების ხელმძღვანელობით. ბალეტის არსებობის 50- წლიანი ისტორიის მანძილზე, სულ 5 ბალერინაა მსოფლიოში, ვინც მისი შესრულების უფლება მოიპოვა – ორი ბრიტანელი, ერთი ესპანელი.

ტექნიკური  მომზადება ყოველდღიურად ხდება – გაკვეთილზე, რეპეტიციაზე…   როცა სპექტაკლს ამზადებ,  მუშაობ, რომ შენი ყოველი ნაბიჯი, ნახტომი და მოძრაობა შენი გმირის სტილსა და ხასიათში ჩაჯდეს. ეს არის, პრინციპში, როლის მომზადება. ცეკვის დროს კი უკვე არაფერი არ არსებობს. ხარ ის, ვინც ხარ სცენაზე, ის, ვის როლსაც ასრულებ და გესმის მხოლოდ მუსიკა…


ოჯახი და 8 წლის პატარა გყავთ და ინგლისის ნაციონალურ დასში პრიმაბალერინას (senior principal) სტატუსს ფლობთ – ამ ყველაფრის მიღწევა  ალბათ უამრავ მსხვერპლს მოითხოვდა თქვენგან…

საერთოდ ბალერინობა ცხოვრების სტილია, რომელიც შენგან დიდ მსხვერპლს – დროს, ძალისხმევას, გულისყურს– მოითხოვს. და მერე, საკმაოდ სწრაფად, ეს ყველაფერი მთავრდება…

***

იმ თხუთმეტიოდე წუთში, რომელშიც ინტერვიუსთვის გამოძებნა, ელენემ ისიც გვითხრა, რომ მისი სამომავლო გეგმები, ცეკვისთვის თავის დანებების შემდეგ, პედაგოგიკას უკავშირდება. პედაგოგიურ ხელოვნებას უკვე ეუფლება კიდეც ბრიტანეთში და ჯერ–ჯერობით თავის მომავალსაც იქვე ხედავს. უკვე დიდი ხანია იქ ცხოვრობს და მოღვაწეობს… მისი 8 წლის შვილი, სანდროც იქ სწავლობს, ინგლისურ სკოლაში. სანდროს შესაძლოა ურჩევნია დედა – ლონდონის ნაციონალური საბალეტო დასის წამყვანი ბალერინა – უფრო მეტად შინ იყოს, ვიდრე გასტროლებზე. თუმცა, როგორც ელენე ამბობს, “როდესაც ჩემმა შვილმა “მაკნატუნას” შესრულებისას მნახა და კულისებთან მოვიდა, სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, რომელიც მანამდე არასდროს მინახავს: ჩემით ძალიან ამაყობდა. ასე რომ, ესმის და აფასებს, რასაც ვაკეთებ”.

 

რაიმონდა. თბილისი. 28 აპრილი
რაიმონდა. თბილისი. 28 აპრილი

მასალების გადაბეჭდვის წესი