ხელოვნება

ცხრა ახალი წიგნი

7 აგვისტო, 2017 • 5313
ცხრა ახალი წიგნი

წიგნის საერთაშორისო ფესტივალმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და მაისის ბოლოს, უკვე მეცხრამეტედ, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ მკითხველს „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში მოუხმო. წლევანდელი ფესტივალი განსაკუთრებული ხმაურით გამოირჩეოდა – ფესტივალმა ქართულ გამომცემლობებთან ერთად ხუთ თანამედროვე ნორვეგიელ ავტორს უმასპინძლა. იმართებოდა საუბრები თანამედროვე ნორვეგიულ ლიტერატურაზე, შეხვედრები ქართველ ავტორებთან და მთარგმნელებთან, ახალ-ახალი წიგნების პრეზენტაციები და საბოლოო ჯამში მივიღეთ უფრო მასშტაბური, საერთაშორისო დონის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი.

20 ახალი წიგნით და დიდი ფასდაკლებებით დახვდა გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ერთგულ მკითხველს. გამომცემლობა ორი წელია არსებობს და უკვე მოახერხა ადგილის დამკვიდრება საგამომცემლო ბაზარზე. თარგმნილ ლიტერატურასთან ერთად გამომცემლობის სტენდთან მრავლად იპოვიდით თანამედროვე ქართველი ავტორების წიგნებს. აღსანიშნავია დავით გაბუნიას სადებიუტო რომანი „დაშლა“.

dashla

დავით გაბუნიას საზოგადოება დრამატურგად და „ხელოვნური სუნთქვის“ სცენარისტად იცნობს, ამჯერად კი მან პროზაში გადაინაცვლა. რომანში მოქმედება ზურასა და თინას ოჯახის გარშემო ვითარდება, ერთი შეხედვით, იდეალურ ოჯახში არაფერი ცუდი არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ მკითხველს ეს წარმოდგენა იმ წუთიდანვე ეშლება, როცა ზურა მეზობელი ბიჭისა და მისი გავლენიანი პოლიტიკოსი საყვარლის თვალთვალს იწყებს. ავტორის ეს თამამი გადაწყვეტილება ძალიან წარმატებული გამოდგა, წიგნი რამდენიმე დღეში იქცა ფესტივალის უპირობო ბესტსელერად.

მეორე, მნიშვნელოვანი სიახლე ზეიდი სმითის „თეთრი კბილებია“ (მთარგმნელი – თამარ ბაბუაძე). ზეიდი სმითი თანამედროვე ბრიტანელი ავტორია, მისი სადებიუტო რომანი „თეთრი კბილები“ კი ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რომანად მიიჩნევა, ჟურნალმა TIME-მ იგი 1923-2005 წლებში დაწერილ საუკეთესო წიგნების სიაშიც კი შეიყვანა. რომანს არ გააჩნია ერთი დრო და ერთი სივრცე, ავტორი თავისთვის დამახასიათებელი იუმორით გვიყვება უამრავი ადამიანის ისტორიას, ყვება მათ წარმომავლობაზე, წინაპრებზე, ყვება დიდი ოსტატობით და თუ მოგენატრათ დიდი რომანების კითხვა, ზეიდი სმითი ნამდვილად არ დაგტოვებთ უკმაყოფილოს.

zeidi

წიგნის ფესტივალზე ხმაურით გამოირჩეოდა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ სტენდი. გამომცემლობამ მკითხველს უამრავი ახალი წიგნი შესთავაზა, მათ შორის ჰარი პოტერის მერვე წიგნი „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ (მთარგმნელი – ქეთევან ყანჩაშვილი). წიგნები ჰარი პოტერზე აგერ უკვე ოცი წელია უამრავი ბავშვის საყვარელი სერიაა, მის მიხედვით გადაღებულია რვა ფილმი და ერთიც წინარე ისტორია ჯადოსნურ ცხოველებზე. მერვე წიგნის გარშემოც დიდი მოლოდინი იყო მთელს მსოფლიოში, ამ მხრივ არც „სულაკაურის გამომცემლობამ“ გააწბილა ქართველი მკითხველი და წიგნის გამოცემიდან მალევე მერვე წიგნი გამოსცა ქართულად. წიგნი ამჯერად ჰარი პოტერის შვილის, ალბუს სევერუს პოტერის ისტორიას გვიამბობს და კიდევ ერთხელ გვამოგზაურებს ჯოან როულინგის ჯადოსნურ სამყაროში. მამის მსგავსად, ალბუს სევერუს პოტერიც დიდ საგმირო საქმეებს ეჭიდება და მეგობრებისა და მშობლების დახმარებით ახერხებს ბოროტების კიდევ ერთხელ დამარცხებას. წიგნი ფესტივალის კიდევ ერთი ბესტსელერია.

poteri

გამორჩეული წიგნია ასევე ვიქტორ პელევინის „ჩაპაევი და სიცარიელე“. ვიქტორ პელევინი თანამედროვე რუსი მწერალია, მისი წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც რუსეთში, ასევე მთელს მსოფლიოში. ქართველი მკითხველი კარგად იცნობს რუს კლასიკოს ავტორებს, მაგრამ თანამედროვე რუს მწერლებზე ცოტა ინფორმაცია გვაქვს, ამიტომაც პელევინის ამ წიგნის ქართულ ენაზე გამოცემა ერთგვარად შეავსებს ამ ინფორმაციულ ვაკუუმს. პელევინი ძალიან საინტერესო ავტორია, იგი თემატური მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეს რომანი სავსეა ძენ-ბუდისტური მოძღვრებებით. ავტორი არ ერიდება თანამედროვე და გასული საუკუნის რუსეთის კრიტიკას, „ჩაპაევი და სიცარიელეშიც“ მოქმედება ზუსტად ამ ორ დროში – დღევანდელ რუსეთსა და ოქტომბრის რევოლუციის დროინდელ რუსეთში ვითარდება.

chapaevi

დიდი ფასდაკლებებითა და მკითხველთა ზღვა რაოდენობით გამოირჩეოდა წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა „დიოგენე“, რომელიც აგერ უკვე წლებია ახერხებს მკითხველის სიყვარულის შენარჩუნებას. სხვა მრავალ წიგნთან ერთად ჩემთვის ყველაზე გამორჩეული გოლი თარაყის „არჩევანი“ იყო, რომელიც თეა შურღაიამ და მზია ბურჯანაძემ თარგმნეს ქართულ ენაზე. გოლი თარაყი თანამედროვე ირანელი ავტორია, დაიბადა თეირანში, მისი მოთხრობები დიდი სისადავით და მწერლური ოსტატობით გამოირჩევა. გოლი თარაყი ყველა წინადადებას გრძნობს და არც ერთი სიტყვა არ არის ზედმეტი. მისი მოთხრობების კითხვა ერთგვარი მუსიკაა და ეს, პირველ რიგში, არაჩვეულებრივი მთარგმნელების დამსახურებაცაა. მოთხრობების კრებული ორ ნაწილადაა გაყოფილი, ერთი ნაწილი გვიამბობს ავტორის მოგონებებზე ძველი დროის თეირანზე, რევოლუციამდელ პერსონაჟებზე და მეორე ნაწილი უკვე ემიგრაციაში მყოფი პერსონაჟების უჩვეულო ცხოვრებაზე გვიყვება. ყველა მოთხრობა დამოუკიდებელია, თუმცა ერთი დიდი სევდა, პერსონაჟების გამუდმებული სამშობლოს მონატრება, სამშობლოსგან შორს ყოფნა ან უბრალოდ სამშობლოსგან გაქცევის მცდელობა აერთიანებთ.

archevani

გამომცემლობა „დიოგენეს“ მნიშვნელოვანი სიახლე ქართულ ენაზე თარგმნილი უმბერტო ეკოს რომანი „ფუკოს ქანქარაა“. ამ წიგნს დიდი ხანი ელოდება მკითხველთა საზოგადოება და როგორც იქნა, დღის სინათლე იხილა ქართულმა თარგმანმა. მთარგმნელი ხათუნა ცხადაძეა, რომლის მადლიერიც უნდა იყოს უმბერტო ეკოს ყველა ქართულენოვანი მკითხველი. წინა თარგმანების მსგავსად „ფუკოს ქანქარაც“ ძალიან კარგად არის თარგმნილი, თუ გავითვალისწინებთ რომანის მოცულობას, თემატიკას და სხვა მრავალს, უნდა აღინიშნოს, რომ დიდი შრომა არის ჩადებული მის თარგმნაში. რომანში მოქმედება სამი მეგობარი გამომცემლის ირგვლივ ვითარდება. მოკლედ რთულია ამ წიგნზე საუბარი, მასში უამრავ საინტერესო თემას შეხვდებით, მათ შორის მასონების თემას, ილუმინატების, მარქსიზმს, ალქიმიას, ეზოთერიკას, ასასინებს და ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რასაც დიდი იტალიელი მწერალი გადასწვდა თავის საეტაპო რომანში. ისიც საინტერესოა, რომ სტენლი კუბრიკს მოსდომებია ამ წიგნის მიხედვით ფილმის გადაღება, თუმცაღა ავტორი ვერ დაითანხმა ვერაფრით.

eko

ახალი და საინტერესო წიგნებით გაანებივრა მკითხველი გამომცემლობა „ინტელექტმა“. ახალ სერია „აკრძალულ წიგნის თაროსთან“ ერთად გამომცემლობამ ნობელიანტი ავტორის, სვეტლანა ალექსიევიჩის პირველი წიგნი „ომს არა აქვს ქალის სახე“ თარგმნა ქართულ ენაზე (მთარგმნელი – თამარ კოტრიკაძე). სვეტლანა ალექსიევიჩი ბელარუსი ავტორია, იგი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელია, მათ შორის ნობელის პრემიის. ალექსიევიჩის წიგნები უცნაურადაა დაწერილი, ავტორი წლების განმავლობაში დადის სხვადასხვა ადგილას და აგროვებს ზეპირ ისტორიებს ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით, შემდეგ ამ ისტორიებს აერთიანებს და ერთ წიგნად გამოსცემს.

aleqseevichi

„ომს არა აქვს ქალის სახე“ ავტორის პირველი წიგნია, მასში მოთხრობილია მეორე მსოფლიო ომში მებრძოლი ქალების ისტორია. მთხრობლის როლში ეს ქალები: სანიტრები, მზარეულები, მრეცხავები, ტანკისტები, სნაიპერები, ოფიცრები და მედდები გვევლინებიან და აქამდე უცნობი ომის სახეს გვაჩვენებენ. სვეტლანა ალექსიევიჩის ქალების მიერ მოთხრობილი ომი დაცლილია პათოსისგან და მამაკაცური სიამაყისგან, ქალები უბრალოდ და მარტივად ყვებიან იმ დიდ უბედურებაზე, რაც ომს მოაქვს ადამიანებისთვის.

„ინტელექტის“ მიერ წელს გამოცემული მნიშვნელოვანი წიგნია მაია ენჯელოუს „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ (მთარგმნელი – ანი კოპალიანი). მაია ენჯელოუ თანამედროვე აფროამერიკელი ფემინისტი ავტორია, მან თავის სიცოცხლეში მოასწრო რამდენიმე ლექსების კრებულის და შვიდი ავტობიოგრაფიული წიგნის გამოქვეყნება. საერთოდაც მიიჩნევა, რომ მაია ენჯელოუმ სხვა მიმართულება მისცა ავტობიოგრაფიულ წიგნებს. იგი იყო აქტივისტი, მწერალი, მომღერალი, კომპოზიტორი, პრეზიდენტის თავისუფლების მედლის მფლობელი.

enjelou

მარტინ ლუთერის სიტყვებს თავის დროზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ახალგაზრდა ქალზე და სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა ფერადკანიანი ადამიანების უფლებებისთვის. წიგნში – „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ აღწერილია მწერლის ბავშვობის მძიმე წლები, როგორ პირობებში უწევდა ცხოვრება, აღწერილია, როგორ გააუპატიურა რვა წლის მაია ენჯელოუ მამინაცვალმა. ეს ემოციური წიგნი მთლიანად ავტორის ბავშვობას ეთმობა, 1-17 წლამდე, როგორ იზრდებოდა, როგორ ყალიბდებოდა ადამიანად, რა და ვინ ახდენდა მასზე დიდ გავლენას. მაია ენჯელოუს ეს წიგნი ბევრ სკოლაში აიკრძალა არანორმატიული ენისა და თემის სიმძიმის გამო, მშობლები გამუდმებით იბრძოდნენ, რომ ბავშვებს ასეთ წიგნებზე არ ჰქონოდათ წვდომა, დღეს კი მისი წაკითხვა ქართულადაც შეგვიძლია.

სასიხარულოა ასევე, რომენ გარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რომანის „ცის ფესვების“ (მთარგმნელი – მანანა მაჭავარიანი) ქართულ ენაზე გამოცემა. რომენ გარი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ფრანგულენოვანი ავტორია, იგი არის ავტორი მრავალი მისტიფიკაციის, აქვეყნებდა წიგნებს ემილ აჟარის, ფოსკო სინიბალდის და შატან ბოგატის სახელებით. რომენ გარი ერთადერთი ავტორია, რომელმაც ძმები გონკურების პრიზი ორჯერ მიიღო, ერთხელ ემილ აჟარის სახელით, წიგნისთვის „ცხოვრება წინაა“, ხოლო მეორედ, ზემოთ ხსენებული წიგნით – „ცის ფესვები“, რომელიც წლევანდელი ფესტივალისთვის თარგმნა გამომცემლობა „აგორამ“.

gari

როგორც წინასიტყვაობაში ვკით­ხულობთ, საქმე გვაქვს პირველ ეკოლოგიურ რომანთან. რომენ გარის წიგნი ერთგვარი გაფრთხილებაა იმის შესახებ, რომ ბუნებაზე ზრუნვა უნდა ვისწავლოთ, დავაფასოთ ყველა ის სახეობა, რაც მიწაზე არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადამიანებს საფრთხე გვემუქრება. მოქმედებაც საფრანგეთის ეკვატორულ აფრიკაში ვითარდება, მთავარი გმირი – მორელო სპილოების გადარჩენას ცდილობს ამ ადგილას. რომანი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რომენ გარის ოსტატობას. მრავალი წელია კითხულობს ქართველი მკითხველი მის წიგნებს და ყოველი ახალი გამოცემა სასიამოვნო სიახლეა, იგი არასდროს არის ერთნაირი, ყველა რომანში სხვადასხვა თემას სხვადასხვანაირად ეხება, ერთგან თავის ბავშვობაზე და არაჩვეულებრივ დედაზე ყვება, მეორე რომანში – პარტიზანებსა და გერმანელ ჯარისკაცებზე. სადღაც თეთრი ძაღლი გამოჩნდება. მახარებს, რომენ გარის წიგნები ასე აქტიურად რომ ითარგმნება ქართულ ენაზე.

წლევანდელი წიგნების ფესტივალი უამრავი სიახლით, განსაკუთრებული ფასდაკლებებითა და საინტერესო შეხვედრებით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია კარგად ორგანიზებული ფესტივალი, რომელმაც ყოველგვარი გაუგებრობის გარეშე ჩაიარა. ახლა ისღა დაგვრჩენია, მოვკალათდეთ სავარძლებში ახალ წიგნებთან ერთად.

გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელებში“

მასალების გადაბეჭდვის წესი