ფოტოხელოვნება

უსახელო ფოტოგრაფია

3 აგვისტო, 2017 • 6492
უსახელო ფოტოგრაფია

ავტორი: ნინო ძანძავა 

გიორგი ნიკოლაძის ფოტო. ჟორჟეტა ღამბაშიძე ფოტოაპარატით სადგურ პოვორინოზე. 1930 წ. საქართველოს ეროვნული არქივი.

გიორგი ნიკოლაძის ფოტო. ჟორჟეტა ღამბაშიძე ფოტოაპარატით სადგურ პოვორინოზე. 1930 წ. საქართველოს ეროვნული არქივი.

საქართველოში ალბათ ძნელად მოიძებნება ადამიანი, ვისაც სამახსოვრო ფოტოალბომი თუ არა, რამდენიმე ფოტო მაინც არ აქვს, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთს აღადგენს მისი ცხოვრებიდან. შეიძლება ასეთები იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებსაც ეკონომიკურმა სიდუხჭირემ არ მისცა თუნდაც უხარისხო მობილურით ფოტოგადაღების საშუალება, მაგრამ ცხოვრების განმავლობაში ისინი აუცილებლად დააგროვებენ ვიზუალური მეხსიერების თუნდაც მცირე ნაკუწებს, რაშიც მოგვიანებით თავიანთ ბავშვობას ან ახალგაზრდობას ამოიცნობენ.

სხვა საკითხია, რამდენად ინახება ხანგრძლივ პერიოდში ადვილად აორთქლებადი ციფრული გამოსახულება, რომელიც მეხსიერებიდან შეიძლება არა, მაგრამ კომპიუტერიდან, მობილურიდან ან თანამედროვე ტექნოლოგიის სხვა რომელიმე პირმშოდან ისე ამოიშალოს, როგორც დაგიბარებია.

ასეა თუ ისე, საუკუნეზე ცოტათი მეტია ადამიანებს მიეცათ საშუალება, ფოტოგრაფიის მეშვეობით საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილების მატერიალიზაცია და ფიქსაცია მოახდინონ. დასავლეთში ამ მოვლენას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო 1888 წელს Kodak No. 1 კამერის გამოსვლამ. კამერაში ფირი იმთავითვე ჩახვეული იყო. გადაღების შემდეგ მეპატრონე კამერას გაუხსნელად, ფირიანად აგზავნიდა ლაბორატორიაში, სადაც კომპანია „კოდაკი“ ყველა საჭირო პროცედურის ჩატარებას თავადვე უზრუნველყოფდა. პატრონს ხელახლა დამუხტული ფოტოაპარატი 100 მცირე ზომის ფოტოსურათთან ერთად, ფოსტით უბრუნდებოდა. კამერის მეპატრონეს ისღა რჩებოდა, გადაეღო და შემდეგ დამტკბარიყო გადაღებული ფოტოების ყურებით. მოგვიანებით, „კოდაკმა“ რევოლუციური კამერა „ბრაუნი“ გამოუშვა, რომლის მანიპულაციაც იმდენად მარტივი იყო, რომ ფოტოგადაღება ბავშვისთვისაც შესაძლებელი გახდა. კომპანიის საქვეყნოდ ცნობილმა სარეკლამო სლოგანმა „ღილაკს თითი დააჭირე, დანარჩენს კი ჩვენ ვიზამთ“ კიდევ უფრო რეალური ხასიათი შეიძინა.

როდიდან გახდა ხელმისაწვდომი „კოდაკის“ ადრეული კამერები საქართველოში, რთული სათქმელია, ვინაიდან საკითხი შესწავლილი არ არის. თუმცა XIX საუკუნის მიწურულს ფოტოაპარატი საქართველოში ჯერ კიდევ ფუფუნების საგანს წარმოადგენდა. ეს იმ ფაქტითაც დასტურდება, რომ პირველი „კოდაკის“ მფლობელი საქართველოში მწერალი, პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, ნიკო ნიკოლაძე იყო. საქართველო ამოვარდნილი იყო მასობრივი ფოტოგრაფირების მსოფლიო ტენდენციიდან და მოკლებული იყო შესაძლებლობას, ესარგებლა ფოტოტექნიკის წარმოებაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით. „კოდაკის“ წყალობით, ამერიკაში ფოტოს გადაღება ნამდვილ სახალხო საქმედ იქცა.

რეზო კეზელის ფოტო. 1960-იანი წლები. გურამ წიბახაშვილის პირადი არქივი.

რეზო კეზელის ფოტო. 1960-იანი წლები.
გურამ წიბახაშვილის პირადი არქივი.

ფოტოგრაფიის გაჩენის დღიდან ინდუსტრიალიზაციის ამ ახალი პროდუქტით სარგებლობა დაკავშირებული იყო კომერციულ (ფოტოატელიეები), სამეცნიერო, საბუნებისმეტყველო, სატრანსპორტო, საინჟინრო საქმიანობასთან. მაგრამ მას შემდეგ, რაც ფოტოაპარატის ზომა დაპატარავდა, ის უფრო მსუბუქი გახდა და მინის უზარმაზარი ნეგატივების ნაცვლად, მცირე ზომის ნეგატივები დამკვიდრდა ხმარებაში, ფოტოკამერა ყოველდღიურობის დოკუმენტაციის იარაღი და ადამიანებს შორის კომუნიკაციის ინტენსიური საშუალება გახდა. დაიწყო მეგობრების, ნათესავების, საოჯახო წვეულებების, ქორწილების, პიკნიკების, შვებულებების, მოგზაურობების ინტენსიური გადაღება და შემდეგ, გადაღებულის ერთად, ჯგუფურად თვალიერება.

ფოტოგრაფიაში გაჩნდა ახალი თემები, რომლებიც იშვიათი გამონაკლისების გარდა, აქამდე უცხო იყო მედიუმისთვის. ამავდროულად, მან თვისობრივად ახალი ხასიათი შეიძინა. ფოტოსურათების მეშვეობით საკუთარი წარსულის შენახვისა და კონსერვაციის პროცესში ბუნებრივად შემოიპარა ნოსტალგიის განცდა და სამახსოვროდ გადაღებული ფოტოების განუყოფელ ნაწილად იქცა. ისევე როგორც დასაწყისში, ადამიანები დღესაც სევდანარევი განცდით უყურებენ თავიანთ ძველ ფოტოებს, სადაც უფრო ახალგაზრდები, გამხდრები, ტანადები და წარმოსადეგები ჩანან ან ასეთებად მიაჩნიათ თავი, და სადაც მათი ცხოვრების ღირსშესანიშნავი ეპიზოდებია ასახული.

​ერმილე თოხაძის ფოტო. ავიაგამანადგურებელი. 1914-1918 წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“.

​ერმილე თოხაძის ფოტო. ავიაგამანადგურებელი. 1914-1918 წწ. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“.

​ერმილე თოხაძის ფოტო. პირველი მსოფლიო ომის უცნობი მეომრები. 1914-1918 წწ.საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“.

​ერმილე თოხაძის ფოტო. პირველი მსოფლიო ომის უცნობი მეომრები. 1914-1918 წწ.საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“.

მასობრივად ფოტოების გადაღება საქართველოში საბჭოთა ეპოქაში დაიწყეს, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი წარმოების ფოტოკამერები რიგითი მოქალაქეებისთვის ხელისაწვდომი შეიქნა. ბევრს დღემდე შემორჩა სახლში „ზენიტი“ ან რომელიმე ადრეული საბჭოთა კამერა: „ფედი“, „კიევი“, „ზორკი“. ფირებს ხშირად აბაზანებში მოწყობილ ლაბორატორიებში ამჟღავნებდნენ, იქვე ბეჭდავდნენ და აშრობდნენ. ამ საქმით ხშირად ქალებიც იყვნენ დაკავებული. თუკი პროფესიონალურ სამყაროში ფოტოგრაფიაზე მონოპოლია მამაკაცებს ჰქონდათ გამოცხადებული, მოყვარულთა შორის თავიანთი ღირსეული ადგილი ქალებმაც დაიმკვიდრეს. ესენი იყვნენ დედები, რომლებიც თავიანთი ბავშვების ფოტოგადაღებით ერთობოდნენ, საზაფხულო აგარაკზე ან ზღვაზე სამახსოვროდ მომართავდნენ ფოტოაპარატებს, სკოლის მასწავლებლები, რომლებიც თავიანთი საგნის საილუსტრაციოდ იყენებდნენ ფოტოგრაფიას, ასევე, მამები და ბიძები, რომლებსაც ფოტოაპარატის თან ტარების ჩვევა გამოუმუშავდათ.

თაობათა ხანგრძლივი ცვლის შემდეგ ასეთ ფოტოებს ან სანაგვეში მოისვრიან, ან უყურადღებობით კარგავენ. ხშირად მათ ძველმანების ბაზრობაზე აქვთ გასავალი. თუმცა დასავლეთში ყოფითი თუ ყოველდღიური ფოტოგრაფიისთვის ისტორიული ადგილის მიჩენის პროცესი ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო. მეხსიერების სანაგვიდან, ბაზრობიდან თუ დავიწყების უფსკრულიდან სამუზეუმო სივრცეში ე.წ. ხალხური ფოტოების გადატანის ერთ-ერთი პირველი მცდელობა 1966 წელს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოწყობილი გამოფენა იყო სახელწოდებით „ფოტოგრაფის თვალი“ (კურატორი ჯონ შარკოვსკი). ინგლისურენოვან სამყაროში მოყვარულების მიერ გადაღებულ ვიზუალურ მემკვიდრეობას და ფოტოგრაფირების ხერხს თავისი სახელიც დაერქვა: Vernacular photography. ქართულში მსგავსი დამკვიდრებული ტერმინი ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა უკანასკნელ წლებში მოეწყო ფოტოგამოფენები არაპროფესიონალი ფოტოგრაფებისა, რომელთა ნამუშევრებიც თავისუფლად შეგვიძლია მივაწეროთ იმას, რასაც Vernacular photography აღნიშნავს (გიგო გაბაშვილისა და ნინო ჯორჯაძის ფოტოგამოფენები, ასევე, ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ურთიერთობა, რომელმაც გაუძლო დროს“ და გალერეა „კონტეინერის“ მიერ მოწყობილი რეზო კეზელის ფოტოგამოფენა). თუმცა სამუზეუმო თუ საარქივო სივრცეში ძირითადად ის ფოტოები იყრიან თავს, რომლებიც ისტორიულ პიროვნებებთან და მოვლენებთან არიან დაკავშირებული, რომელთა ავტორი შეიძლება იყოს სხვა სფეროში მოღვაწე მნიშვნელოვანი პირი. რიგითი მოქალაქეების მიერ საკუთარ აბაზანებში გამჟღავნებული ფოტოები კი უმეტესწილად, უსახელოდ ქრება, ან განისვენებს საოჯახო ალბომებში ისე, თითქოს ეს ალბომები წარსულში არავის ეთვალიერებინოს, სიყვარულით და სევდიანი მოგონებით არ ეფურცლოს, თითქოს მათი ავტორები და პერსონაჟები უმნიშვნელო ადამიანები ყოფილიყვნენ, არასაგმირო საქმეების მკეთებლები, ბედისა და ისტორიის რიგში ჩამწკრივებული უნომროები.

მასალების გადაბეჭდვის წესი