ხელოვნება

„ადამიანების ბიბლიოთეკა“ – უმცირესობები სოციალური სამართლის დღეს

22 თებერვალი, 2013 • • 1232
„ადამიანების ბიბლიოთეკა“ – უმცირესობები სოციალური სამართლის დღეს

ადამიანების ბიბლიოთეკა
ადამიანების ბიბლიოთეკა

20 თებერვალს TSU-ს პირველ კორპუსში, “დრონის” ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება, სახელწოდებით “Human Library.”

 

ღონისძიება იქ მისულთ უჩვეულო სიტუციას სთავაზობდა. „ადამიანების ბიბლიოთეკა“ წიგნისა და მკითხველის ურთიერთობას სრულიად სხვაგვარ კონტექსტში გაიაზრებდა, რადგან წიგნები თავად ადამიანები იყვნენ. ამ შემთხვევაში, სხვადასხვა უმცირესობის წარმომდგენლები. მათი ჩამონათვალი შემდეგია:  სომეხი,  იტალიელი ემიგრანტი, ქურთი, ლტოლვილი აფხაზეთიდან, მუსლიმი, ათეისტი, ბაპტისტი, ფემინისტი, უსინათლო, უნარშეზღუდული, ყოფილი პატიმარი, უსახლკარო, მწერალი, ფსიქოლოგი, მეტალისტი, ვეგეტარიანელი, EVS მოხალისე, ადგილობრივი მოხალისე, პროექტების კოორდინატორი, ახალგაზრდების ლიდერი და მულტიფლეიერი.

 

ღონისძიებაზე მისული სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე ირჩევდნენ ცოცხალ წიგნებს.  დიალოგის რეჟიმი,  ერთი მხრივ, საშუალებას იძლეოდა ადამიანებს მათთვის საინტერესო კითხებზე პასუხი ეპოვნათ, ხოლო სოციალური უმცირესობების წარმომადგენლებს- დაერღვიათ მათ გარეშემო საზოგადოებაში შექმნილი სტერეოტიპები.

 

თანამედროვე მწერალი ერეკლე დეისაძე, რომელიც ღონისძიების ცოცხალ წიგნს წარმოადგენდა, ფიქრობს, რომ საზოგადოებას, მიუხედავად ბოლო წლებში მისი ცნობიერების უკეთესობისკენ ცვლილებისა, მაინც აქვს სოციალური უთანასწორობის განცდის პრობლემა. „ამაზე აქტიურად წერენ ბლოგებზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, საკმაოდ კომპეტენტური ადამიანებიც კი, მაგრამ მათი „საქმიანობა“ პრობლემის შედეგის განსაზღვრით შემოიფარგლება და არა თვით ამ პრობლემის წარმოქმნის მიზეზის გაანალიზებით. რაც შემდეგში მის აღმოსაფხვრელად კონკრეტულ ქმედებებშიც უნდა გადაიზარდოს. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. ამიტომ ვერასოდეს გაიაზრებს მძღოლი წლების განმავლობაში მანქანის სარკიდან მზერით, თუ რა პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ფეხით მოსიარულეს.“

 

„ცხოვრება, გადაადგილება, ადაპტირებული გარემოს არარსებობის გამო უფრო ძნელიც არის და ძვირიც. თუმცა ისეთივე არის სამყარო ეტლიდან, როგორც მის გარეშე. სამყარო დეტალებისგან შედგება, რომლებიც ჩვენ ვართ.“ ამბობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნება.

 

“ადამიანების ბიბლიოთეკა” ქართული საზოგადოებისათვის ინოვაციური პროექტია და მისი მიზანი კონსტრუქციული დიალოგის გამართვაა ცრურწმენებზე, რომლებიც ახალგაზრდების (ინდივიდების, ადამიანთა ჯგუფისა თუ უმცირესობების) დისკრიმინაციას იწვევენ. შედეგად, ცრუწმენებისა და სტერეოტიპების შემცირება და ჯგუფების სოციალური ჩართულობის განვითარება.

 

20 თებერვლის აქციაზე წარმოდგენილი თითქმის ყველა უმცირესობის წარმომადგენელი აღიარებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში უმცირესობების მიმართ მეტი პოზიტივი შეიმჩნევა. ამის ერთ-ერთ დამადასტურებელ საბუთად თვით ეს ღონისძება და მისდამი საზოგადოების დიდი ინტერესი შეიძლება ჩავთვალოთ.

 

პროექტ “ადამიანების ბიბლიოთეკის” ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაცია “დრონი” ტრადიციულად წელიწადში ერთხელ, სოციალური სამართლიანობის საერთაშორისო დღეს უწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი