კინოხელოვნება

ფრაგმენტები ბერლინალეს საკონკურსო პროგრამიდან

13 თებერვალი, 2013 • • 1809
ფრაგმენტები ბერლინალეს საკონკურსო პროგრამიდან

Promised Land
Promised Land

ფესტივალზე წარმოდგენილ 19 საკონკურსო ფილმს შორის გერმანულ და ფრანგულ საერთაშორისო კოპროდუქციებთან ერთად რაოდენობრივად  დომინირებს სურათები აშშ-დან. ოთხი ამერიკული საკონკურსო სურათიდან, ყველაზე დიდ ინტერესს გას ვან სანტის “აღთქმული მიწა” (Promise Land) იმსახურებს, როგორც “სპილოს”, “პარანოიდ პარკისა” და “ჰარვი მილკის” ავტორის მომდევნო ნამუშევარი, სადაც ის კიდევ ერთხელ თანამშრომლობს თავის “უილ ჰანთინგთან” და, მეთ დეიმონით მთავარ როლში, გვთავაზობს ამერიკულ პოლიტიკურ ტრილერს თანამედროვე ეკოლოგიურ პრობლემებზე.

 

 

Side Effects
Side Effects

ბერლინში უკვე აჩვენეს მეორე ამერიკული სურათიც, სტივენ სოდერბერგის ახალი ფსიქოლოგიური თრილერი ფსიქოდელიურ ტაბლეტებზე დამოკიდებულ ახალგაზრდა ქალზე, რომლის მეუღლესაც ერთ მშვენიერ დღეს სასტიკად მოკლულს იპოვნიან მათ სახლში. “სოდერბერგი ზოგადად ხშირად იყენებს ჟანრულ კინოს პოლიტიკურ სკანდალებსა და სოციალურ საკითხებზე სასაუბროდ” – წერს ბერლინალე, ამჯერად კი მისი “გვერდითი მოვლენები” (Side Effects) ფარმაცეფტული კომპანიების მაქინაციებს იკვლევს.

 

 

 

Closed Curtain
Closed Curtain

 12 თებერვლის პროგრამაში იყო გათვალისწინებული ცნობილი ირანელი რეჟისორის, ჯაფარ ფანაჰის ფილმის ჩვენებაც. “ფარდე” ანუ “ჩამოშვებული ფარდა” ირანის ისლამური ხელისუფლების მიერ დევნილ ორ გმირზე მოგვითხრობს, რომელთაც ფარდებჩამოფარებულ სახლს შეაფარეს თავი. გმირები კანონგარეშეები არიან ფილმის ავტორის მსგავსად, რომელსაც ირანის კანონის მიხედვით ფილმის გადაღების უფლება ჩამორთმეული აქვს. ფანაჰის ფილმების უმეტესობა ირანში ჯერ კიდევ მათ გამოსვლამდე იბლოკებოდა (“The Circle“, “Offside“). თავად რეჟისორი კი ირანის ხელისუფლებამ 2010 წელს, კანის ფესტივალამდე ცოტა ხნით ადრე დააკავა. ფანაჰი 2010 წლის კანის მთავარი ჟიურის წევრად იყო მიწვეული. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის ფილმებს “უკანონოდ” იღებს.

 

 

Paradise: Hope
Paradise: Hope

ფესტივალის პირველივე დღეს გაიმართა ავსტრიელი რეჟისორის, ულრიჰ ზაიდლის ტრილოგიის დასკვნითი ნაწილის, “სამოთხე: იმედის” ჩვენებაც. ტრილოგიის პირველი ფილმი – “სამოთხე: სიყვარული” – 2012 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო წარმოდგენილი. ტრილოგიის პირველი ფილმი, “სამოთხე: სიყვარულის”  სექს–ტურიზმით განთქმულ კენიაში  სიყვარულის პოვნის იმედით წასული ევროპელი ქალბატონის პორტრეტია. ტრილოგიის დასკვნითი ნაწილი კი მის ქალიშვილს წარმოგვიდგენს ბანაკში მძიმეწონიანთათვის. “სამოთხე: სიყვარულისა” და “სამოთხე: რწმენის” კვალდაკვალ ტროლოგიის მესამე ნაწილი იკვლევს ღრმა ადამიანურ სწრაფვას სიყვარულისა და უსაფრთხოებისაკენ”- გვამცნობს ფილმის სინოფსისი. 

 

 

12 თებერვლის საღამოს გაიმართა ფრანგი რეჟისორის, ბრუნო დუმონის ახალი სურათის “კამილ კლოდელი 1915–ს” ჩვენებაც. ფილმი ოგუსტ როდენის სახელგანთქმული და ნიჭიერი ასისტენტისა და საყვარლის წინააღმდეგობრივ ფიგურაზე მოგვითხრობს, რომელიც დიდი მოქანდაკის ჩრდილიდან გამოსვლას ცდილობდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წლები ფსიქიატრიულ კლინიკაში გაატარა, სრულიად უარყოფილმა საკუთარი ოჯახისაგან. კამილ კლოდელის ფიგურაზე ფილმი ფრანგებმა გასული საუკუნის 80-იანების მიწურულსაც გადაიღეს, იზაბელ აჯანითა და ჟერარ დეპარდიეთი მთავარ როლებში. ნიჭიერი სკულპტორის როლს ამჯერად ჟულიეტ ბინოში ასრულებს.

 

 

ევროპულ კინოფესტივალებზე უკვე ყოველთვის იწვევს ინტერესს რუმინული სურათებიც. ფილმები ქვეყნიდან, რომელსაც კინოს განვითარების უპრეცენდენტო ისტორია აქვს. რუმინეთი ამჯერად რეჟისორ კალინ პიტერ ნეტზერის “Child’s Pose”-ით არის წარმოდგენილი.  შარშან რუმინელმა რეჟისორმა, კრისტიან მუნჯუმ კანში წარმოდგენილი ფილმით “გორაკებს მიღმა”,  ლაფი გადაასხა რუმინულ ეკლესიასა და მასში გამეფებულ შუასაუკუნეებრივ სიბნელესა და უგუნურებას. წელს კი იგივე ალამს, როგორც ჩანს, ფრანგები აფრიალებენ ფილმით “მონაზონი” (La Religieuse), რომლის მთავარ გმირსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ აღკვეცენ.

 

 

ბერლინის კინოფესტივალი კიდევ 5 დღეს გასტანს, 16 თებერვალს გამარჯვებულებს დააჯილდოვებს და 17 თებერვალს დასრულდება. ბერლინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილე ფილმები გეოგრაფიულად მსოფლიოს თითქმის ყველა ნაწილს ფარავს. მათი სრული სია კი ასე გამოიყურება:


Camille Claudel 1915 –  ბრუნო დუმონი (საფრანგეთი)

Gloria  –  სებასტიან ლელიო (ჩილე/ესპანეთი)

On My Way – ემანუელ ბერკო (საფრანგეთი)

An Episode in the Life of an Iron Picker – დენის ტანოვიჩი (ბოსნია ჰერცოგოვინა/საფრანგეთი/სლოვენია)

Gold – ტომას არსლანი (გერმანია)

The Nun – გიიომ ნიკლო (საფრანგეთი/გერმანია/ბელგია)

Layla Fourie – პია მარესი (გერმანია/სამხრეთ აფრიკა/საფრანგეთი/ჰოლანდია)

Paradise: Hope – ულრიჰ ზაიდლი (ავსტრია/საფრანგეთი/გერმანია)

Child’s Pose – კალინ პიტერ ნეტზერი (რუმინეთი)

In the Name Of – მალგოშკა შუმოვსკა  (პოლონეთი)

Harmony Lessons – ემირ  ბაიგაზინი (გერმანია/ყაზახეთი)

A Long and Happy Life – ბორის ხლებნიკოვი (რუსეთი)

The Necessary Death of Charlie Countryman – ფრედრიკ ბონდი (აშშ)

Nobody’s Daughter Haewon – ჰონგ სანგსო (კორეა)

Closed Curtain – ჯაფარ ფანაჰი და კამბოჯა პარტოვი (ირანი)

Promised Land – გას ვან სანტი (აშშ)

Side Effects –სტივენ სოდერბერგი (აშშ)

Prince Avalanche – დევიდ გორდონ გრინი (აშშ)

Vic and Flo Saw a Bear – დენის კოტე (კანადა)

მასალების გადაბეჭდვის წესი