ხელოვნება

‘ეს აღარ არის ბაგრატის ტაძარი’

27 აგვისტო, 2012 • 13360
‘ეს აღარ არის ბაგრატის ტაძარი’

ქუთაისელი მხატვარი ქრისტინე რობაქიძე ამბობს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ ბაგრატის ტაძარმა აბსოლუტურად დაკარგა ის ინდივიდუალურობა და სილამაზე, რაც მას სხვა ტაძრებისგან გამოარჩევდა:

“უცნაურია, მაგრამ დაშენებამ და გადახურვამ თითქოს დააპატარავა და ჩაკეტა. სახურავის ფერზე უთქვამთ, რომ სადღაც ერთ წელიწადში “სიძველის ფერს მიიღებს”, რაც აბსურდია და გული მტკივა, რომ ამ სამარცხვინო ფაქტს არაფერი ეშველება. რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი ჩემთვის ყველაფერია, გარდა ბაგრატის ტაძრისა”.

ქრისტინე რობაქიძის მსგავსად, ბაგრატის ტაძრის ინდივიდუალურობის დაკარგვის გამო სწუხს ქუთაისელი იურისტი ვაკო ნაცვლიშვილი:

”მთავარი, თუ რატომ არ მომწონს რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი, არის სახის დაკარგვა. ეს აღარ არის ბაგრატის ტაძარი, არამედ – მინისამება.”

ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი

ქუთაისელი მწერალი ტარიელ დათიაშვილი მიიჩნევს, რომ რესტავრაცია ფუნდამენტური დარღვევებით განხორციელდა:

“არის არაპროპორციული განსხვავება, მაგალითად, გუმბათსა და „ტანს“  შორის, აგრეთვე, კოლონები გამქრალია, რაც ძირითადი ინდივიდუალური ნიშანია ამ შენობის და ეს მართლა უხეში ჩარევაა შენობის არსებობაში, მის იდეაში”.

ამის მიუხედავად, მწერალი ფიქრობს, რომ რესტავრირებულ ძეგლს ძალიან მალე შეიყვარებს ყველა:

“ის ჩემს ფანჯრის წინაა და ყოველ წუთს ვუყურებ. ვხედავდი მის შენებას, მესმოდა ამწეების მოძრაობის ხმა. ვხედავდი, როგორ ამოდიოდა გუმბათი. ვთვლი, რომ ამ ტაძარს ძალიან მალე შეიყვარებს ყველა. ძალიან ლამაზია. იქნებ დაამახინჯეს რაღაცეებში, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ”.

ქუთაისი ტურისტებისთვის, პირველ რიგში, სწორედ მე-11 საუკუნის ძეგლის – ბაგრატის ტაძრის ნანგრევებით იყო მიმზიდველი. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეაბილიტირებული ტაძარი ძველებურად ვეღარ მიიზიდავს ქართველ თუ უცხოელ ვიზიტორებს. ასე ფიქრობს, მაგალითად, ქუთაისში მცხოვრები ნუგზარ კოხრეიძე:

“ტურისტისთვის უფრო საინტერესო, ჩემი აზრით, ბაგრატის წინა სახე იყო, ვიდრე – მისი აღდგენილი ფორმა, რადგან ახლა ის ამ სახით უცხო თვალისთვის არაფრით გამოირჩევა სხვა ტაძრებისგან.”

ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი

გაცილებით უფრო კრიტიკულია შეფასებებში არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი:

“მოზელილ ტალახს ჰგავს დღეს ის კედლები, რომ ვუყურებ და შიგადაშიგ ბავშვი რომ ითამაშებს, ისეა გარჭობილი ეს უაზროდ მიყრილ-მოყრილი ჩუქურთმიანი ქვები, რომელსაც ვერაფრით აღიქვამ ისე, რომ ფასეულია და თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. სინამდვილეში კი არც არავინაა დარწმუნებული, იმ ქვის ადგილი იყო თუ არა იქ”.

მარჯანიშვილის თქმით, პროფესიონალის თვალი კარგად შეამჩნევს, რომ გეომეტრია დანგრეული აქვს ტაძარს:

“ზუსტად, მკაფიოდ არ მიდის ხაზი ხაზთან. სახურავს რაც შეეხება, ეს არის რაღაც უსახო თუნუქი, რომელსაც ვიტყუებით და რაღაც ღარებს ვუკეთებთ და დროს მივანდეთ, რომ დრო ამას თანდათან ჩაამუქებს, ჩააქრობს, მაგრამ ამას მინიმუმ 10-15 წელი მაინც დასჭირდება”.

არქიტექტორის თქმით, თუკი ბაგრატი ალტერნატიული მასალით აღდგებოდა, მაშინ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამისთვის მინის გამოყენება.

ბაგრატის ტაძრის მინით გადახურვის პროექტი 12 წლის წინ არქიტექტორმა კახა ქორიძემ მოამზადა, როდესაც საუკეთესო პროექტის გამოსავლენად მაშინდელმა მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა. მაშინვე წარმოადგინა არქიტექტორმა ივანე გრემელაშვილმა მეორე პროექტი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა საბოლოოდ ბაგრატის რესტავრაცია.

თავის დროზე იუნესკომ, რომელმაც ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად, 1994 წელს შეიტანა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში, ბაგრატის აღდგენის ორივე პროექტი დაიწუნა. იუნესკომ უკმაყოფილება გამოხატა ამჯერადაც ტაძარზე განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო და მიმდინარე წლის ზაფხულში გამოაქვეყნა წინასწარი შეფასება, რომლის მიხედვითაც ბაგრატის ტაძარმა დაკარგა ის ღირებულება, რის გამოც ის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. იუნესკოს რამდენიმე თვის წინ უნდა მიეღო გადაწყვეტილება ბაგრატის ტაძრის ამ ნუსხიდან შესაძლო ამორიცხვის შესახებ, თუმცა საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ ორგანიზაცია ამ საკითხს 2013 წელს განიხილავს სესიაზე.

ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი

17 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატის ტაძრის გუმბათზე ჯვრის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და განაცხადა:

“დღეს დიდი დღეა ჩემთვის, ეს არის ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულებაც. თქვენ იცით, რომ ეს ტაძარი დაანგრია რუსეთის არტილერიამ, სხვა ტაძრებში მათ გადაგვიღებეს, დაფარეს ჩვენი ფრესკები საღებავით, ხოლო ეს ტაძარი მათ დაანგრიეს არტილერიით.”  

ბაგრატის ტაძარი 1003 წელს აიგო. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ახალციხიდან შემოსულმა ოსმალებმა ხელში ჩაიგდეს ქუთაისის ციხე, აფეთქების შედეგად ჩამოინგრა ტაძრის გუმბათი და კამარები.

1770  წელს იმერეთის მეფე სოლომონ პირველმა, რუსული სამხედრო კორპუსის დახმარებით, იმერეთის ციხეები (მათ შორის ქუთაისის ციხე) თურქული გარნიზონებისგან გაათავისუფლა. სწორედ ამ დროს უნდა იყოს ჩამონგრეული ბაგრატის ტაძრის ზედა ნაწილები, რადგან იოანე ხუცესის (კათოლიკე მოღვაწე იოანე ხოჯაშვილი) თანახმად: “ქუთათისის ციხეს რუსებმა ზარბაზნების სროლა დაუწყეს მწვანე ყვავილათგან… რუსები ზარბაზანს და ყუმბარას ესროდნენ ციხეს დღეში ასზე მეტსა…”

1833 წელს ჩამოინგრა ბაგრატის დასავლეთის კარიბჭე, ხოლო მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ტაძრის ქვების გამოყენება სკოლის და საცხოვრებელი სახლების მშენებლობისთვის.

ბაგრატის ტაძრის პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები 1952 წელს დაიწყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქიტექტორი და რესტავრატორი ვახტანგ ცინცაძე.

1995 წლის 25 აგვისტოს ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ აკურთხა ბაგრატი ქუთაისის სიონის ტაძრად, სადაც დაიწყო წირვა-ლოცვის აღსრულება.

მაშინვე გაჩნდა ბაგრატის ტაძრის აღდგენის იდეა, რომლის ინიციატორი იყო საქართველოს საპატრიარქო. ამ მიზნით იმერეთის მაშინდელი გუბერნატორის – თემურ შაშიაშვილის ინიციატივით, შეიქმნა “ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდი”.  სწორედ ამ პერიოდში შემუშავდა ტაძრის აღდგენის გრემელაშვილისეული პროექტი, რომლის მიხედვითაც დაიწყო ტაძრის აღდგენითი სამუშაოები 2008 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისი მეორე დედაქალაქად გამოაცხადა, ხოლო თავისი საპრეზიდენტო ფიცი ბაგრატის ტაძარში დადო.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი