7891

ბაგრატის ტაძარი იუნესკოს სესიის წინ [Photo]

ბაგრატის ტაძარი იუნესკოს კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს. ასეთია წინასწარი შეფასება, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილება.

ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ტაძარს უკვე დადგმული აქვს გუმბათი. ტაძრის არქიტექტორის თენგიზ ვახტანგაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბერში უნდა დასრულდეს.

 

ტაძრის შემადგენელი ნაწილი იქნება ლიფტიც, რომელზეც, ვახტანგაძის თქმით, იტალიელი არქიტექტორი მუშაობს:

 

“მე პირადად ვმუშაობ დასავლეთის ნაწილზე. ლიფტზე მუშაობს იტალიელი არქიტექტორი, რომელთანაც მე შეხება არ მაქვს. მე ვმუშაობ ტაძრის პირვანდელი სახის აღდგენაზე და იმ პროექტზე, რომლის ავტორიც არის ივანე გრემელაშვილი,” – აცხადებს თენგიზ ვახტანგაძე. 

 

”სამუშაოებმა, რომელიც ბაგრატის ტაძარზეა გატარებული, გადაფარა ტაძრის პირველადი ავთენტურობა, ამიტომაც ბაგრატის ტაძარი ვეღარ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ყოფნისთვისაა საჭირო,” – ასეთია იუნესკოს წინასწარი შეფასება.

მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო, მოლაპარაკებები ქართულ მხარესა და იუნესკოს წარმომადგენლებს შორის რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, თუმცა რეაბილიტაციის გეგმაზე თანხმობა ვერ შედგა. 

36-ე სესიისთვის მომზადებული წინასწარი დასკვნის შესაბამისად, 2011 წლის ნოემბრის მოლაპარაკებების საფუძველზე, იუნესკომ საქართველოს მთვარობას სარაბილიტაციო გეგმაზე უარი უთხრა და ბაგრატის ტაძარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება აკრძალა.   

ქართული მხარე ბაგრატის ტაძრის აღდგენის რამდენიმე მიზეზს ასახელებდა: ეს იყო ბაგრატის ტაძრის სამომხმარებლო ფუნქციების გაფართოება, ბერ-მონაზვნებისთვის ტურისტებისგან განცალკევებული სამყოფელის მოწყობა და ტაძრის მიწისქვეშა ფენაში არსებული არქეოლოგიური ნარჩნების შენახვა. ქართული მხარე ერთმნიშვნელოვნად აცხადებდა, რომ შეძლებდა ტაძრის არსებული სახით კონსერვაციას. ამ საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს შესაძლებლობა მიეცა, წარედგინა ახალი სარეაბილიტაციო გეგმა, მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს სამუშაოების გატარებას უკრძალავდა.  

მიუხედავად აკრძალვისა, ბაგრატის ტაძარზე აღდგენითი სამუშაოები მაინც დაიწყო. იუნესკოს წინასწარ დასკვნაში ნათქვამია, რომ ქართულმა მხარემ ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია იმ გეგმის თანხმად განაგრძო, რომელზეც უარი ეთქვა: 

”ქართულმა მხარემ პატივი არ სცა და არ გაითვალისწინა დაწესებული შეზღუდვა და გააგრძელა სარეაბილიტაციო სამუშაოები. მაშინ, როცა სარეაბილიტაციო სამუშაოები თითქმის დასრულებული ჰქონდა, ქართულმა მხარემ სარეაბილიტაციო გეგმის მეორე სამუშაო ვარიანტი წარმოადგინა 2012 წლის 31 მაისს”.  

იუნესკოს წინასწარი შეფასებით, ქართულმა მხარემ რეკონსტრუქციის პროცესში არ გამოიყენა ის ორიგინალი სამშენებლო მასალაც, რომლითაც ტაძარია აგებული. რეაბილიტაციის პროცესში გამოყენებული იყო რკინა-ბეტონისა და ცემენტის კონსტრუქციები, რომელიც დაუშვებლად მიიჩნია იუნესკომ ჯერ კიდევ წინა, 35-ე სესიაზე.  

”ბაგრატის ტაძარი იმ დონეზე შეიცვალა, რომ დაირღვა მისი ავთენტურობა და ის ვეღარ აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რისთვისაც შეტანილი იქნა დაცული ძეგლების ნუსხაში,” – წერია იუნესკოს წინასწარ შეფასებაში.

იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის წინასწარი გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარი საფრთხეში არსებული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში უნდა შევიდეს.

ქართული მხარის განხცხადებით, ბაგრატის ტაძარზე სამუშაოები ბოლომდე იქნება მიყვანილი, ტაძრის გახსნა კი შემოდგომისთვისაა დაგეგმილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge