ხელოვნება

DUB Fx -ის ქუჩის პერფომანსი გოგა ხაჩიძესთან ერთად [VIDEO]

6 ივნისი, 2012 • 1640
DUB Fx -ის ქუჩის პერფომანსი გოგა ხაჩიძესთან ერთად [VIDEO]

DUB Fx, რომლის ნამდვილი სახელიც ბენჟამენ სტენფორდია, საქართველოში Tbilisi Open Air-ში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, ქვეყნის დატოვებამდე ის ქართველი მსმენელის წინაშე კიდევ ერთხელ, სპეციალურად მოწყობილ მწვანე სცენაზე წარდგა.

მწვანე სცენა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოეწყო.

პერფორმანსი 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო დაახლოებით ორი საათის დაგვიანებით დაიწყო.

ტექნიკური პრობლემის მოგვარებამდე შეკრებილი საზოგადოების წინაშე გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე გამოვიდა, მან ”ჰანგ დრამზე” დაუკრა.

გოგა ხაჩიძემ განაცხადა, რომ მთელი დღის განმავლობაში ხალხი ეკითხებოდა, რა სახის პერფორმანსი იქნებოდა. მისი თქმით, ეს უკვე პერფორმანსია, როცა გარემოს დაცვის მინისტრი ხალხში გამოდის და უკრავს. ხაჩიძის თქმით, ასეთი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. თუმცა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საღამოს მთავარი მონაწილე მაინც DUB Fx იყო.

გოგა ხაჩიძემ ორი კომპოზიცია შეასრულა, ამის შემდეგ კი DUB Fx-მა, რომელმაც ტექნიკური პრობლემის მოგვარება საკუთარ თავზე აიღო, გამაძლიერებლებში ხმის სიმძლავრე დაარეგულირა, შეკრებილ ხალხს ძირს დაჯდომა სთხოვა და გამოსვლა დაიწყო.

DUB Fx წარმოშობით ავსტრალიელია, ის ცნობილია სწორედ ქუჩის პერფორმანსებით, მისი ყველა გამოსვლა ცოცხალია, ხოლო მუსიკა ჰიპ-ჰოპის, რეგის და დრამისა და ბასის რიტმების ნაზავია.

DUB Fx-თან ერთად მისი მეგობარი გოგო, Flower Fairy-ც მღერის, ის ბენჟამენს მანჩესტერში შეხვდა და მას შემდეგ მასთან ერთად მოგზაურობს.

გუშინდელ გამოსვლას მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილიც ესწრებოდა.

DUB Fx-მა რამდენიმე სიმღერა შეასრულა, ბოლოს კი ავტოგრაფები დაარიგა და მსურველებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო.

ბენჟამენ სტენფორდის თქმით, მას ქართველი მსმენელი ძალიან მოეწონა, განსაკუთრებით ქუჩის პერფორმანსის შემდეგ და შეეცდება საქართველოში აუცილებლად დაბრუნდეს.

DUB Fx street performance
DUB Fx street performance

მასალების გადაბეჭდვის წესი