ხელოვნება

გოკა გაბაშვილი: ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას არ ვარჩევთ კონფესიური ნიშნით

14 თებერვალი, 2012 • 1266
გოკა გაბაშვილი: ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას არ ვარჩევთ კონფესიური ნიშნით
გოკა გაბაშვილი
გოკა გაბაშვილი

კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წევრი გოკა გაბაშვილი თურქეთსა და საქართველოს შორის შეთანხმებას კულტურული ძეგლების აღდგენასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.

“რაც შეეხება, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენ ვაფასებთ თურქეთის პოზიციას, რომ საშუალება მიეცემათ ქართველ სპეციალისტებს, აღადგინონ ოშკი და იშხანი. არის მზაობა, გავაგრძელოთ საუბარი სხვა ძეგლებზე: იქნება ეს ხანძთა, იქნება ეს ოთხთა, ეს არის ჩვენი ისტორიული მისია და ვალდებულება. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” გაბაშვილმა.

მან ასევე აღნისნა, რომ საქართველო სხვა ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას არ არჩევს კონფესიური ნიშნით.    

“რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე ძეგლების აღდგენას, არსებული მეჩეთის მოვლას ახალციხეში და აზიზიეს მეჩეთის რეკონსტრუქციას, ესეც არის ჩვენი ერთ–ერთი ვალდებულება იმიტომ, რომ ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას არ ვარჩევთ კონფესიური ნიშნით,” – განაცხადა გაბაშვილმა.

ის გამოეხმაურა დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას განცხადებასაც ამ საკითხთან დაკავშირებით და მას სრულიად უპასუხისმგებლო უწოდა.      

“ყველამ მოვისმინეთ ბატონ ბაღათურიას უპასუხისმგებლო განცხადებები თურქეთის მხრიდან საქართველოს მტრობაზე, ექსპანსიასა და საქართველოს ჩაგვრის სურვილზე, რაც სრული აბსურდია. თურქეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა და მრავალი თვალსაზრისით ჩვენი მჭიდრო პარტნიორია,” – აღნიშნა გაბაშვილმა.

დღეს საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრმა და “ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საპარლამენტო სხდომაზე აღნიშნა, რომ ბათუმში აზიზეის მეჩეთი თურქეთის ბატონობის სიმბოლო იყო.

“ბათუმში აზიზიეს მეჩეთი თურქეთის ბატონობის სიმბოლო იყო. დღეს რის სიმბოლოდ შენდება ის?! – თურქებმა პოლიტიკურ-ეკონომიკური და იდეოლოგიური ექსპანსია განახორციელეს?! თურქები აჭარაში ყველა ბიზნესს ფლობენ და ველი, რომ აჭარაში მეჩეთებს მედრესები მოჰყვება” – განაცხადა ბაღათურიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და იქვე დასძინა, რომ “ქვეყანაში უკვე 150 მეჩეთია”.

დეპუტატი ჯონდი ბაღათურია ასევე მიიჩნევს, რომ აჭარაში მეჩეთების მშენებლობას მედრესების მშენებლობაც მოჰყვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი