ხელოვნება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ჰოლივუდიდან პროდიუსერები სტუმრობენ

21 ივნისი, 2016 • 1317
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ჰოლივუდიდან პროდიუსერები სტუმრობენ

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 20 ივნისიდან საქართველოს კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობენ.

ჰოლივუდელი „ლოკაციის მენეჯერები“, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა: Transformers, Captain America, The Town, The Hangover, Sicario, “Mission: Impossible”, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში 20-დან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონს – თბილისს, რუსთავს, კახეთს, მცხეთას, ყაზბეგს, უფლისციხეს, წყალტუბოს, ზუგდიდს, მესტიას, ანაკლიასა და ბათუმს მოინახულებენ.

აღნიშნული პირების რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ახალი ფილმების გადამღები ჯგუფების შესვლა, აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო. 

ჰოლივუდის დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი უწყება, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად მასპინძლობს და ქვეყნის შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა მომხიბვლელ და მათი ინტერესის სფეროს გათვალისწინებით ლოკაციებს აცნობს.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქართველ კინომწარმოებლებსა და სხვადასხვა ქართული საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ უცხოელ კოლეგებს შეხვდნენ და მათი გამოცდილება გაიზიარონ, ასევე მათ გააცნონ ქართული კინოს შესაძლებლობები და არსებული ინფრასტრუქტურა. 

ოფიციალური ინფორმაციით, მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც პროგრამას “გადაიღე საქართველოში” ახორციელებს, უკვე შემოსულია 3 განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინდური ფილმისა და ქართულ-გერმანული პროექტების გადაღებები, დაგეგმილია ამერიკული პროექტის განხორციელება.

სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზეც.

საქართველოთი დიდი დაინტერესება მოჰყვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ქართველი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობას აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო დონის ლოკაციების შოუზე, სადაც მოხდა ქვეყნის წარმოჩენა და ახალი კინოწარმოების წახალისების პროგრამის პრეზენტაცია, აცხადებს სამინისტრო.

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი, „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოში გადაიღონ ფილმი, თუ შექმნან სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი