ხელოვნება

“სწრაფად წინ” – წიგნი გლობალური დათბობის შესახებ

27 იანვარი, 2012 • 3003
“სწრაფად წინ” – წიგნი გლობალური დათბობის შესახებ

“ათიათასობით წლის განმავლობაში ადამიანები დედამიწას ვეპყრობოდით, როგორც ლაბორატორიას. დავიწყეთ ცეცხლის და ქარის მოთვინიერებით და მივედით ანტიბიოტიკების შექმნამდე, თუმცა ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ყველაზე სახიფათო ექსპერიმენტს ვატარებთ: დედამიწის დათბობას”, – ასე იწყება წიგნი, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ლიტერატურის მუზეუმში 26 იანვარს გაიმართა და რომელიც გლობალური დათბობის შესახებ გვიამბობს.

წიგნი სახელწოდებით “სწრაფად წინ: ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში” საერთაშორისო ბესტსელერია და არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამის” მიერაა გამოცემული.

“რადარამი” ახლადჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის ლოგოც დასავლეთისკენ მიმართული აფრებიანი გემია. ორგანიზაციამ არამხატვრული ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა დაიწყო.

როგორც პროგრამის ხელმძღვანელი თამუნა კვარაცხელია ამბობს, “რადარამი” შეეცდება,  წიგნები ძირითადად რეგიონებში გაავრცელოს:

“ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, თუ სად უნდა მომხდარიყო წიგნების დისტრიბუცია. ძალიან ხშირად წიგნები თავს იყრის თბილისში და საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ პირიქით გაგვეკეთებინა. წიგნები რეგიონულ ბიბლიოთეკებში და წიგნის მაღაზიებში დარიგდა”.

წიგნის ფასი მხოლოდ 2 ლარი იქნება იმისთვის, რომ მისი შეძენა არავის გაუჭირდეს. ასევე, ორგანიზაცია მომხმარბელს სთხოვს, წიგნის წაკითხვის შემდეგ საკუთარი კოორდინატები მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით გაუგზავნოს ნომერზე,  რომელიც წიგნზეა მითითებული, რის შემდეგაც “რადარამი” მკითხველების შეკრებას და თემებზე მსჯელობას გაუკეთებს ორგანიზებას.

წიგნები, რომლებიც მომდევნო თვეებში გამოვა, რედაქტორებმა უკვე დააანონსეს:

“შემდეგი წიგნი იქნება სახელწოდებით “გლობალიზაცია და პრობლემები”, წიგნი ძალიან საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ადამიანის დაწერილია, რომელიც მრავალი წელი მსოფლიო ბანკში მუშაობდა მთავარ ეკონომისტად. წიგნში საერთაშორისო– საფინანსო ორგანიზაციების ახლებური ხედვაა და ანალიზი იმისა, თუ როგორ მუშაობენ ეს ორგანიზაციები”, – ამბობს წიგნის რედაქტორი გიორგი აბაშიშვილი. 

ასევე, ერთ-ერთი მომდევნო წიგნი იქნება სახელწოდებით “როცა ცდები”, პროფესიით ჟურნალისტის მიერ დაწერილი წიგნი, რომელიც ადამიანის შეცდომებზე მოგვითხრობს.

იდეას საქართველოს ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძეც მიესალმება:

“ლიტერატურის მუზეუმში ყოველთვის მოხარულები ვართ, როდესაც ახალი წიგნები გამოდის, დღეს ერთ-ერთი ასეთი წიგნის პრეზენტაციაა, შემდგომში კი წიგნების სერია გამოვა. ჩვენი მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მსგავს იდეებს”.

მომდევნო 4 წიგნი კი თითქმის მზადაა. ორგანიზაციას უკვე 12 წიგნის დაბეჭდვაზე აქვს ნებართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი