კინოხელოვნება

ქართული ბედნიერი ოჯახის ისტორია “გრძელი, ნათელი დღეების” რეჟისორებისაგან

13 ივნისი, 2016 • 3298
ქართული ბედნიერი ოჯახის ისტორია “გრძელი, ნათელი დღეების” რეჟისორებისაგან

წყნეთში მშვიდი, წვიმიანი საღამოა. ხისაივნიანი სახლის ვერანდაზე სუფრაა გაშლილი და მისაღებში ხალხიც ირევა, თუმცა ეს ოჯახური სცენა მხოლოდ ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გრასის ახალი ფილმისთვის საგანგებოდ შექმნილი დეკორაციების ნაწილია. გერმანიის, საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციის “ჩემი ბედნიერი ოჯახის” გადასაღებ მოედანზე, გადამღები ჯგუფის წევრები 30-ე დღეს ითვლიან.

ახალი ქართული მხატვრული ფილმის რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი არიან. ფილმი თბილისში მცხოვრები ქართული ოჯახის ისტორიას ასახავს, მთავარ როლებს კი ქართველი მსახიობები მერაბ ნინიძე და ია შუღლიაშვილი ასრულებენ. რეჟისორები იმედოვნებენ, რომ ფილმის პრემიერა 2017 წელს შედგება და ფილმის საფესტივალო მოგზაურობაც დაიწყება.

ფილმის სცენარი ნანა ექვთიმიშვილს ეკუთვნის. ეს არის ერთი ჩვეულებრივი თბილისური ოჯახი, სადაც ერთ ჭერქვეშ 3 თაობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. მთავარი გმირი არის 50 წელს გადაცილებული, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწაველებელი ქალი, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს, რომ იცხოვრობს ისე, როგორც თავად თვლის სწორად. როგორი რეაქცია მოჰყვება ამას მეგობრების, ოჯახის წევრების მხრიდან, როგორ იღებს საზოგადოება ცვლილებებს, ფილმი სწორედ ამის შესახებ გვიყვება.

“ის რაც საზოგადოებაში გვესმის ხოლმე და მივიჩნევთ, რომ ეს არის სხვის პირად ცხოვრებაში ხისტი ჩარევა, ოჯახის მხრიდან გაჟღერებული მსგავსი ჩარევა უფრო ლეგიტიმურად გვეჩვენება ხოლმე. იმიტომ რომ ჩარევა ყოველთვის ზრუნვითა და სიყვარულით მართლდება. ამგვარ ლეგიტიმურ ჩარევებს შეეხება ეს ფილმი,” – ამბობს ფილმის რეჟისორი, ნანა ექვთიმიშვილი.

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროისასთვის ეს უკვე რიგით მეორე საერთო ნამუშევარია. მათი პირველი ფილმის “გრძელი ნათელი დღეები” პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე შედგა. როგორც ნანა ამბობს, პირველი ფილმისაგან მიღებული გამოცდილება შემდეგ პროექტში ეხმარება, რომ უფრო ორგანიზებული და მოტივირებული იყოს, თუმცა თითოეული ფილმი დამოუკიდებელ და განსახვევბულ მიდგომას მოითხობს.

Untitled

რეჟისორები სიმონ გროსი და ნანა ექვთიმიშვილი ფილმის გადაღების პროცესში. ფოტო: POLARE FILM

“მნიშვნელოვანია, რომ ყველა წამოწყებას ისე მიუდგე, თითქოს პირველად აკეთებ და ყველაფერი სწორედ, ახლა იბადება. თითქოს წინაპირობა არ გქონია ამისათვის. ვფიქრობ, რომ ეს უფრო აადვილებს მუშაობას და უფრო გაბედულს გხდის. ამ ფილმზეც იმ ადამიანების ჯგუფთან ერთად ვმუშაობ, ვინც ჩემს პირველ ფილმზე მუშაობდა, თუმცა მაინც გარემო სხვანაირია. 3 წელი გავიდა, სხვა ამბავია, სხვა გამოწვევების წინაშე ვდგებით. ასე იქნება ალბათ ყველა ჯერზე, რამდენი ფილმიც არ უნდა გადაიღო. ბევრი რამ როცა არ იცი, თითქოს უფრო ადვილია, უფრო ბრმად მივყვები დინებას,” – ამბობს ნანა.

ია შუღლიშვილისათვის ეს პირველი მთავარი კინოროლია. როგორც თავად ამბობს, პასუხისმგებლობასთან შეჭიდება რთული აღმოჩნდა. რეჟისორები გადაღებული მასალის ნახვის უფლებას არ რთავენ და საპრემირო ჩვენებას ისიც არანაკლები ინტერესით ელის.

“გადაღებული მასალა ჯერ არ მინახავს და მთლიანად ვენდობი რეჟისორებს. ერთი მხრივ, ეს კარგიც კია. ამ გზით იქმნება პერსონაჟი აბსოლუტურად ისეთი სახით, იმგვარად როგორც ისინი ხედავენ და როგორც ის მათ წარმოსახვაში დაიბადა,” – ამბობს ია.

ფილმში ბერტა ხაფავა მზრუნველი ბებია იქნება, თუმცა თაობათაშორისი სხვაობა, განსხვავებული ხედვები და დამოკიდებულება მისი პერსონაჟისათვის ერთგვარ გამოწვევად იქცევა.

“ბევრი ადამიანი დარწმუნებული ვარ საკუთარ თავს ამოიცნობს ამ პერსონაჟბში და ეს არის იქნება მხოლოდ ქართული რეალობისათვის დამახასიათებელი, არამედ სხვებისათვის. ის პრობლემები, რომლსაც ფილმი განიხილავს ბევრისათვის ახლო და გასაგებია. ფილმის გადაღების პროცესი ძალიან დატვირთული აღმოჩნდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ რეჟისორებთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნება იყო, ჩემთვის,” – ამბობს მსახიობი ბერტა ხაფავა.

დავით ვაშაძე, კინოცენტრის კინოექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღავნელი ამბობს, რომ მოლოდინი ფილმის მიმართ დიდია, რადგან მის წარმოებაში რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს.

“ფილმმა დაფინანსება მიიღო, როგორც ქართული ისე გერმანული და ფრანგული ფონდებიდან. ასევე “ევრომაჟის” ფონდიდან, რომელიც არის ევროსაბჭოს ფონდი და ეს უკვე ნიშნავს, რომ პროექტი საინტერესოა და სხვადასხვა ქვეყანა მზადაა განახორციელოს მსგავსი ინვესტიცია. დღეს, ფილმები ქვეყნის კულტურის საზღვარგარეთ გატანის საუკეთესო საშულებაა და ამ შემთხვევაშიც დიდი იმედით ველოდებით გადაღებების დასრულებას,” – ამბობს დავით ვაშაძე.

ფილმი პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფინანსრული მხარდაჭერით იქმნება. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის, პროგრამაში ჩასართველად 3 განაცხადია შესული, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ინდური ფილმის გადაღებები, ამერიკული და ქართულ-გერმანული პროექტების განხორციელება. ამასთანავე, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზეც.

2016 წლის დასაწყისში სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტი „გადაიღე საქართველოში“ დაემატა, რომელიც კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.

როგორც მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი აცხადებს, სქემა მოხერხებულია საერთაშორისო ბაზრისათვის და მსხვილი კინომწარმოებლები აქტიურად გამოთქვამენ სურვილს საქართველოში ფილმების გადასაღებად.

“შეხვედრები გაიმართა, როგორც ბოლივუდში, ასევე ჰოლივუდის კინოსტუდიებთან, ვეწვიეთ კანს და კინოპროდიუსერები უკვე კარგად იცნობენ პროექტის შინაარს. ფილმების გადასაღებად ლოკაციების შესარჩევად ჩამოსულ ჯგუფებს უკვე ვიღებთ და დარწმუნებული ვარ პროექტი საინტერესო შედეგებით განაგრძობს არსებობას,” – ამბობს ქეთევან ბოჭორიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი