ხელოვნება

“მძიმე ჯვარის” გრძელი გზა ქართული როკის სამყაროში

19 მაისი, 2016 • 3455
“მძიმე ჯვარის” გრძელი გზა ქართული როკის სამყაროში

“ყურში კარგად არ ზის, გეუბნები მანდ სიმები მოსაჭერია.”

“მაგით უკრავ, ესე იგი?”

“ჰო, რა, გეუბნები, მანდ ცოტა ხმის დაწევა შეიძლება!”

შენობის სარდაფში, პატარა, მუსიკალური ტექნიკით სავსე ოთახში “მძიმე ჯვარი” კონცერტისათვის ემზადება. მძიმე როკის შემსრულებელი ერთ-ერთი პირველი ქართული ბენდი 21 მაისს მსმენელისათვის კიდევ ერთხელ შეიკრიბება. ლევან ბეიტრიშვილი, მამუკა ჩიხლაძე, ლევან კაპანაძე და დათო ზამთარაძე რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე ისევ ერთად დადგებიან. მართალია, ყველა მათგანი წლებია დამოუკიდებელი პროექტებით რჩება მუსიკალურ სამყაროში, თუმცა “მძიმე ჯვარი” მათი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. გასულ წელს ჯგუფის ვოკალისტის ვიზიტი ერთ-ერთ მუსიკალურ შოუში ბენდთან ერთად სოლოკონცერტის პროექტისათვის საკმარისი მოტივაცია  აღმოჩნდა.

“მძიმე ჯვარის” პირველი შემადგენლობა ჯერ კიდევ 1988 წელს გამოჩნდა ქართულ მუსიკალურ სივრცეში. როგორც თავად იხსენებენ, მაშინ მსგავსი სტილის მუსიკას ბევრი მოყვარული არ ჰყავდა, მაგრამ ეს მათთვის ხელის შემშლელი ფაქტორი არ აღმოჩნდა, რომ გაეგრძელებინათ მუსიკის შემქნა. რეპეტიციაზე ფეხით დადიოდნენ, ქუჩაში გამვლელებიც ალმაცერად უყურებდნენ და ხშირად ელექტროენერგიის არქონის გამო შეკრებების სიბნელეში გატარებაც უხდებოდათ.

მძიმე ჯვარის კონცერტის პოსტერი. 1998 წელი. ფოტო: SounDust Group‎

მძიმე ჯვარის კონცერტის პოსტერი. 1998 წელი. ფოტო: SounDust Group‎

“მაშინ, რა თქმა უნდა, უბრალოდ, მუსიკის მოსმენაც კი ძნელი იყო. ახალ სიმღერას სადმე რადიოში მოვისმინედით, ან გვქონდა კასეტაზე ჩაწერილი. ხმის ჩამწერ სტუდიაში მიიტანდი და ეტყოდი, ამ მხარეს ჩამიწერე ABBA, მეორე მხარეს- Bonny M. სიმღერების ტექსტებს ასე გადახვევით, ნელ-ნელა ხელით ვიწერდით. ნახევარი შეიძლება ვერც გაგვეგო და ვიგონებდით. მაგრამ ხალხი კონცერტებზე დადიოდა, სხვა საშუალება მუსიკის მოსასმენად, ან უბრალოდ გასართობად თითქმის არ არსებობდა,” – იხსენებს ბენდის ბასისტი ლევან კაპანაძე.

თუმცა რთულმა პირობებმა, არათანაბარმა კონკურენციამ და პოპმუსიკაზე მზარდმა მოთხოვნამ ხელი ვერ შეუშალა ამ დროის განმავლობაში ჩაეწერათ 3 სტუდიური ალბომი და წარმატებით გამოსულიყვნენ საერთაშორისო ფესტივალებზე. პირველი ალბომი “მძიმე ჯვარი VOL1” 1997 წელს გამოვიდა, “მძიმე ჯვარი VOL2” – 2002 წელს, ხოლო ალბომის “Fan-X”-ის პრეზენტაცია 2007 წელს შედგა.

დროთა განმავლობაში შეიცვალა მუსიკის, როგორც შექმნის, ასევე გავრცელების ფორმებიც. ლევან კაპანაძის თქმით, ერთი მხრივ, მისასალმებელია, რომ თანამედროვე მსოფლიო უფრო მეტად ცოცხალ მუსიკას და ლაივპერფორმანსებს ანიჭებს უპორატესობას და თანდათან სტუდიური ალბომები აქტიუალობას კარგავს. ლაივსტრიმ პლატფორმები მათ ანაცვლებს, მაგრამ რაც უფრო ადვილი ხდება მუსიკის მოპოვება, მით უფრო იკლებს ხარისხი.

“როკმუსიკას ჰყავს თავისი მსმენელი. ჩვენს კონცერტებზე კი ყოველთვის ვამაყობდი, რომ ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი მოდიოდა. ახლაც ველოდებით, ნამდვილად გვაინტერესებს, ვინ გამოჩნდება, ან როგორ შეიცვალა, განვითარდა ქართველი მსმენელი” – ამბობს ლევან ბეიტრიშვილი.

ბენდის წევრები დარმწუნებული არიან, რომ მუსიკა, რომელიც კომერციული მიზნებით იქმნება, ვერასოდეს გამოხატავს მუსიკოსის ნამდვილ სათქმელს. სოციალური პროტესტი კი ყოველთვის აძლიერებს ადამიანის სურვილს, გამოხატოს საკუთარი აზრები. საავტორო მუსიკა კი ამისათვის საუკეთესო საშაულება ხდება. ლევან ბეიტრიშვილის თქმით, ხელოვნების ყველა შედევრი დაკვეთით შეიქმნა, მაგრამ ეს არ ამართლებს სტერილურ, უემოციო ნამუშევარს.

“საქართველოში ახლაც არიან ახალ თაობაში ძალიან კარგი ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ ხარისხიანი მუსიკის შექმნა. თუმცა ხშირად ამბიციები აჭარბებს შესაძლებლობებს.”

21 მაისს, 20:00 საათიდან, “მძიმე ჯვარი” 18-ზე მეტი კომპოზიციითა და დაახლოებით 3-საათიანი პროგრამით დაელოდება მსმენელს. საღამოს სპეციალური სტუმარი – ეთნო ჯგუფი “გორდელა” იქნება. ამ შემადგენლობით ბენდმა ბოლოს 2006 წელს დაუკრა.

კონცერტი SounDust Group-ისა და თბილისის მერიის კულტურის ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით იმართება.

აქვე გთავზობთ მუსიკალურ რეკომენდაციას – სამი რჩეული კომპოზიცია “მძიმე ჯვარისაგან” ყველას, ვისაც სურს, რომ გაიცნოს კლასიკური როკმუსიკა:

Led Zeppelin – Since I’ve Been Loving You

Queen – Bohemian Rhapsody

Jesus Christ Superstar – Gethsemane

მასალების გადაბეჭდვის წესი