ხელოვნება

“წიქარა” საუკეთესო სამეულში

10 ნოემბერი, 2011 • 1334
“წიქარა” საუკეთესო სამეულში
ბაქოს პირველ, თოჯინების თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე ქართული სპექტაკლი საუკეთესო სამეულში შევიდა. რეჟისორ გოჩა ხვიჩიას სპექტაკლის მსოფლიო თეატრალური პრემიერა სწორედ ბაქოში, რუსული სახელწმიფო დრამატული თეატრის სცენაზე შედგა.
ქართული ხალხური ზღაპარი “წიქარა”, მულტი–პულტის თეატრმა წარმოადგინა, სწორედ ქართულ სპექტაკლს ხვდა წილად ფესტივალის დახურვის პატივი.
გოჩა ხვიჩიას და მულტი–პულტის თეატრს ფესტივალის პრიზის გარდა აზერბაიჯანის კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპეციალური პრიზიც გადაეცა, ასევე, ფესტივალის სიმბოლო – აზერბაიჯანელი ბიჭუნა.
მაყურებელს ქართველმა ბავშვებმა სპეციალური სიურპრიზიც მოუმზადეს, 500–ზე მეტი ნახატი, რომელიც სპექტაკლის დასრულების შემდეგ მსურველებს საჩუქრად გადაეცათ. ფესტივალის ორგანიზატორებს კი ქართველებმა დიდი ზომის მხატვრული ბანერი გადასცეს, რომელზედაც გამოსახულია ფესტივალის მომავალი ასი წლის შემდეგ.
ფესტივალის სამეულში საქართველოს გარდა აზერბაიჯანის და ესპანეთის დასები მოხვდნენ.
ბაქოში ჩატარებულ ფესტივალში მსოფლიოს 14–ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის, თეატრალური დასები დიდი ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, რუმინეთიან, ირანიდან, იორდანიიდან, ესტონეთიდან, ავსტრიიდან, ყაზახეთიდან, ეგვიპტიდან და აზერბაიჯანიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი