ხელოვნება

გელა ჩარკვიანის ნაცნობ ქიმერათა ფერხული

11 მაისი, 2016 • 4742
გელა ჩარკვიანის ნაცნობ ქიმერათა ფერხული

“ცხოვრებაში ყველა ხდომილება ერთმანეთის ტოლფასია, გარდა სიყვარულისა და სიკვდილისა. მე შეიძლება კატას ვეფერებოდე, ან ოვალურ კაბინეტში ვიჯდე თეთრ სახლში, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. სიყვარული და სიკვდილი კი იერარქიულად მოკვდავებისათვის სხვაგან არიან განლაგებული.” – გელა ჩარკვიანი

4000-მდე პერსონაჟი და 700-მდე გვერდი დასჭირდა გელა ჩარკვიანს, რომ მკითხველისათვის საკუთარი ბიოგრაფიიდან 10-წლიანი მონაკვეთი მოეყოლა. წიგნის პრეზენტაციაზე ყველა ჩანაწერითა და დღიურით გამოცხადდა, რომელიც ერთად აკინძა, დაალაგა და წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ წიგნის პირველ ხელნაწერ ვერსიად შეკრა.

“ნაცნობ ქიმერათა ფერხული” – ასე ჰქვია საქართველოს პრეზიდენტების ყოფილი მრჩევლის ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებს. წიგნში მოვლენები 1992 წლის 28 აპრილიდან 2003 წლის 23 ნოემბრამდეა აღწერილი, რომელშიც შემოჭრილია მონაკვეთები მისი ბავშვობიდან, ახალგაზრდობიდან. წიგნის პრეზენტაციას 10 მაისს თიბისის გალერეამ უმასპინძლა.

წიგნისათვის სახელი სიმბოლურად შეარჩია, რადგან ყველა ადამიანი და მოვლენა, რომელსაც ცხოვრების გზაზე შეხვდა, მისთვის ქიმერების ანუ უჩვეულო არსებათა ერთობლიობაა.

“ადამიანები, ბუნებრივი კატაკლიზმები თუ გაეროს რეზოლუციები – ყველაფერი ქიმერაა და ილუზია, რომელთა ცეკვაც ჩვენს რეალობას ქმნის,” – ამბობს გელა ჩარკვიანი.

როგორც ამბობს, ფაქტების ანალიზის გაკეთება არ უცდია. მხოლოდ შეეცადა ამბების მონაწილის, ანუ “ინსაიდერის თვალით დანახული” მოვლენები აღეწერა.

“დავივიწყე ყველაფერი – წარსულიც და მომავალიც და დავიწყე ცხოვრება აწმყოთი. საქმის მოცულობა ყოველთვის შეგაშინებს. უნდა იცოდე, რომ დღეს გაქვს დასაწერი 2 გვერდი; როგორცვე წარმოიდგენ, რამდენი გაქვს გასაკეთებელი, შენ ეს ფიქრი დაგახრჩობს. ახლა არის კონცეფცია, რომელიც ჩემს ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება. როგორც ელიზაბეტ ტეილორი ამბობდა, ასაკში შესვლის შემდეგ, ეს არის დრო, როდესაც გაქვს ყველაფერი მომავლის გარდა,” – თუმცა მის წიგნში ფიქრები მომავალზეც მოხვდა.

გელა ჩარკვინი ავტობიოგრაფიის "ნაცნობ ქიმერათა ფერხული" პრეზენტაციაზე. 10.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

გელა ჩარკვინი ავტობიოგრაფიის “ნაცნობ ქიმერათა ფერხული” პრეზენტაციაზე. 10.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მოცემული 10-წლიანი მონაკვეთის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეა. როგორც გელა ჩარკვიანი ამბობს, შევარდნაძე წიგნში მთავარ მოქმედ გმირზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არ არის და ხშირად სწორედ მის გარშემო განვითარებული მოვლენები ხდება მისი ცხოვრების მთავარი ნაწილიც. წიგნში აღწერილია საქართველოს მთავრობის პირველი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა დიპლომატიური მისიები.

“ამ ყველაფერს გელა აღწერს იუმორითა და თვითირონიით. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ ენაზე დაწერილ მემუარებს შორის გელა ჩარკვიანმა ძალიან მაღლა ასწია თამასა და გაუჭირდება ყველას, რომ ამ წიგნს გვერდი აუროს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის დღიურების, მემუარების და ბიოგრაფიის საუკეთესო სინთეზი. ის წარმოადგენს მთელ ამ ეპოქას, რაც ასე მნიშვნელოვანია თანამედროვე საქართველოსთვის,” – ამბობს ლიტერატურის კრიტიკოსი გურამ გოგიშვილი.

გელა ჩარკიანმა წიგნის პროლოგი მეუღლის, ნანა თოიძისა და შვილის, მუსიკოსისა და მწერლის ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალებას მიუძღვნა.

“ახლაც მასხია ის სუნამო. სპეციალურად დავისხი ნანას სუნამო და ისე ვიმუშავე. აი, ამ სუნამოდან მოდის ის ცნობიერების ნაკადი, რომელიც პროლოგშია. სიკვდილი ეს არის პირადი აპოკალიფსი. სწორედ, ჩემი ნანასა და ჩემი ირაკლის გარდაცვალებას ეძღვნება წიგნის ბოლო 5 გვერდი. ეს არის საუბარი ნანასთან. ეს არის მცდელობა, რომ შევგუებოდი ამ საზარელ ფაქტს. აღვწერ, თუ როგორ მინდოდა გადავსულიყავი მეტაფიზიკურ სამყაროში, რათა გავქცეოდი მას,” – ამბობს ჩარკვიანი.

ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში პროფესიონალის უნიკალურ გამოცდილებასა და მისი ახალი თაობებისათვის გაზიარების მნიშვნელოვაზე ისაუბრა საქართველოს ყოფილმა ელჩმა საფრანგეთში მამუკა კუდავამ.

IMG_3067

გელა ჩარკვინი ავტობიოგრაფიის “ნაცნობ ქიმერათა ფერხული” პრეზენტაციაზე. 10.05.16 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

“ეს არის საქართველოს ისტორიაში ის პერიოდი, სადაც ძალიან ბევრ შეკითხვაზე პასუხი დღემდე არ არის გაცემული და ამ წიგნში შეიძლება საინტერესო დეტალების პოვნა. ეს იყო ილუზიების ეპოქა. თქვენს გამოცდილებაზე კი მგონია, რომ კიდევ უფრო მეტი უნდა თქვათ,”- ამბობს მამუკა კუდავა.

წიგნი გამომცემლობა “ინტელექტმა” გამოსცა და მისი ყიდვა წიგნის მაღაზიებში უკვე შესაძლებელია.

“წიგნს რამდენიმე კრიტიკოსმა უკვე უწოდა პოლიტიკური ბესტსელერი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს წინასწარმეტყველება ახდება. გელა ჩარკვიანი არის ადამიანი, რომელსაც პირადი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს სამივე პრეზიდენტთან და ეს ისტორიები ნამდვილად საინტერესოა მკითხველისათვის,” – ამბობს მწერალი ზვიად კვარაცხელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი