ხელოვნება

იგლესიასის კონცერტი ენრიკეს გარეშე

3 აგვისტო, 2011 • 2116
იგლესიასის კონცერტი ენრიკეს გარეშე

ენრიკე იგლესიასის კონცერტს, ბათუმში, ერას მოედანზე, გუშინ გვიან ღამით ათასობით ადამიანი ელოდა.

ენრიკეს ფანებმა მოედანზე შეკრება ჯერ კიდევ დილიდან დაიწყეს და სცენის წინ ადგილები დაიჯავშნეს. სატელევიზიო რეკლამები იუწყებოდა,  რომ მოედანზე შესვლა ხუთი საათიდან დაიწყებოდა, თუმცა სამი საათისთვის ერას მოედანზე ხალხის შეშვება ფაქტობრივად დასრულებული იყო.

საღამოს ექვსი საათისათვის ბათუმის ქუჩებში ხალხის უპრეცენდენტო რაოდენობა იყო. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან მომავალი ავტომანქანების უწვეტმა რიგმა, ქალაქში გადაადგილება შეაფერხა. ხალხის ნაკადმა შესასვლელებთან ძირითადად 5-6 საათისათვის იმატა, თუმცა ამ დროისთვის შესასვლელები ყვითელი ავტობუსებით და პოლიციელებიც ჩაკეტილი  იყო:

`მოედანი სავსეა, გადაინაცვლეთ მონიტორებთან~- ამბობდნენ პოლიციელები. მათი განცხადებით, მოედანზე მხოლოდ რვა ათასი ადამიანის შეშვების უფლება ჰქონდათ. მგზავრობით დაღლილი ადამიანები პოლიციელების გულის მოგებას ცდილობდნენ: `შემიშვი რა გეხვეწები… ერთი კაცი მაინც შეუშვი…აბა რატომ ჩამოგვიყვანეთ ამხელა გზაზე, ტელევიზორს ვუყურო~ -არ ილეოდა მსგავსი ფრაზები.

უკმაყოფილებამ თანდათან იმატა, რადგან ადამიანები, რომლებიც საქართველოს  სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის სვანეთიდან, ექვსი საათისთვის ჭიშკარს გარეთ აღმოჩნდნენ: `ამისთვის ჩამოვედით? რას გვეპატიჟებოდნენ~- ამბობდნენ უკმაყოფილო ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფანები ნერვიულობდნენ: `ეკრენზე ყურება რომ მდომოდა, ტელევიზორს ჩავრთავდი სახლში. ასეთი არაორგანიზებული კონცერტი ჯერ არ მინახავს~-ამბობდა ერთი ქალბატონი.

ქალაქში სულ ორი ეკრანი იდგა, ბულვარში კოლონადებთან და დრამატული თეატრის გვერდით. პირველ ეკრანზე მბჟუტავი სინათლეების მეტი არაფერი ჩანდა, მეორე ეკრანზე კი მხოლოდ გამოსახულება იყო. ხმა არცერთი ეკრანიდან  არ ისმოდა, რამაც კიდევ უფრო გააღიზიანა მაყურებელი. ენრიკეს სანატრელი ხმის გაგონებაში რამდენიმე საათმა განვლო, თუმცა ამაოდ, დიდი ფერადი ეკრანები კონცერტის ბოლომდე  დუმდა. ენრიკე იგლესიასი სცენაზე მხოლოდ თერთმეტის ნახევარზე ავიდა. გაწბილებულმა მაყურებლებმა  თავი თავადვე ინუგეშეს  და კონცერტები ბულვარში თვითონვე გამართეს.

ეკრანზე ენრიკეს უხმო სახე მოძრაობდა, რომელსაც მოედნის გარეთ დარჩენილთა  “ტაში ბიჭო გიორგუნა” ახმოვანებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი