ხელოვნება

ცისფერი ლეგენდის გაგრძელება

27 ივლისი, 2011 • 5887
ცისფერი ლეგენდის გაგრძელება

ვნებით აღგზნებულ ტანში მივლის მე ჟრუანტელი,

ტკბილ მოლოდინს ჟრუანტელი ნარნარით მივლის,

და ისე ველი ვიღაც  ვაჟსა, ვით ალს კანდელი,

ვით მწვანე ყანა, ნაწვიმარი, მხურვალე ივლისს.

ვგრძნობ, მეპარება ფეხშიშველი, უშარიშუროთ,

და მხოლოდ სუნთქვა ვნებიანი სწვდება ჩემ ყურებს…

ვფიცავ, ამ ტანის ერთი ნაკვეთიც არ დავიშურო,

ოდეს იმ ვაჟის ცხელი კოცნა სულს გამიხურებს.

მოვიდა კიდეც… გავირინდე… ჩამომხევს სამოსს…

მივტრიალდები და ჩამიხვევს ისეთი ხვევნით,

რომ ერთის ნაცვლათ მომაგონებს ვაჟკაცსა სამოცს…

მაგრამ – ვაიმე! – როგორ ამწვა ტიტველ ზურგს ქვევით?!

პირქვე დავეცი… რას ველოდი და რა მარგუნა?

თხილის წნელს მირტყამს რბილ ადგილზე ვიღაც თაგუნა…

მირტყამს და ჰყვირის: “დანარჩენნი სად არიანო?

ფუჰ შენს ნამუსსა, შე ბედშავო, შე… დარიანო!”



 

ეს ლექსი 1916 წელს ჟურნალ “ეშმაკის მათრახში” დაიბეჭდა. მკვლევართა ნაწილი მას ელენე დარიანის ლექსების ციკლის მეთხუთმეტე ლექსად მიიჩნევს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეს პაროდიაა და მისი ავტორი შალვა შარაძეა, რადგან “თაგუნია” მისი ფსევდონიმი იყო. ეს ის ხალხია, ვინც დარიანული ლექსების ავტორად პაოლო იაშვილს მიიჩნევს. გამოდის, რომ ლექსი შალვამ პაოლოს მიუძღვნა, “დანარჩენებში” კი სხვა ცისფერყანწელები იგულისხმებიან.

 

 

სინამდვილეში რა ხდებოდა, ძნელი გასარკვევია.  საუბარია დარიანული ციკლის იმ 14  ლექსზე, რომლის ავტორის ვინაობაც, უკვე ერთი საუკუნეა, განსჯის, დებატების, დაპირისპირების, სკანდალებისა და აჟიოტაჟის საგანია.

 

 

ყველაფერი 1915 წელს დაიწყო, როცა ქუთაისში პაოლომ ელენე დარიანის ლექსები საჯაროდ წაიკითხა. დამსწრეთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა. ეს ლექსები გაზეთ „მეგობრებში“ ქვეყნდებოდა.

 

 

1916 წლიდან ქართული ლიტერატურის ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება. დახლებზე ახალი ჟურნალი „ციფერი ყანწები“ გამოჩნდა. პირველი ნომრის გამოსვლას არაერთგაროვანი რეაქცია მოჰყვა.  როგორც იაზონ  ბაქრაძე აღნიშნავდა, „ყანწების ისტორია ძლიერ დამახასიათებელია ქუთაისის საზოგადოების უმეტესობის ფარისევლობისა და გულწრფელობისთვის“.

 

 

გალაკტიონი იხსენებს: „აფრინეს კაცი არგვეთში, იქ ექვსი მამალი დაჰკლეს, დეზები მდუღარე  წყლის საშუალებით ააცალეს და აი, თორმეტი ცალი „ყანწი“, არგვეთიდან ჩამოტანილი, დაურიგა პაოლომ დანარჩენებს. და ერთ მშვენიერ დღეს (ისტორიულ დღედ უნდა ჩაითვალოს) ქუთაისის მზიან ბულვარზე დემონსტრაციულად გამოვიდა თორმეტი ახალგაზრდა, მკერდზე „ყანწის“ ნიშნით“… ძალიან გულმოსულად კი დაიარებოდნენ, ეტყობოდათ, ჩხუბის ხასიათზე იდგნენ“…

 

 

„ეს იყო ლიტერატურული ცხოვრების დიდი ეპოპეა… ეს ის დრო იყო, როცა ქუთაისი სუნთქავდა ცისფერი ლექსებით… დაიბეჭდა გალაკტიონის “მთაწმინდის მთვარე”, “ლურჯა ცხენები”, “მესაფლავე”, ,,მერი”. მკაცრი სქოლასტიკური რეჟიმის მიუხედავად, ქუთაისის ქუჩებში რამდენიმე ცისფერპერანგიანი ყმაწვილი და ცისფერკაბიანი ქალიშვილი დაშრიალებდა. ხშირად იმართებოდა ლიტერატურული საღამოები. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე, ცისფერყანწელთა ლიდერი, იმხანად პრესაში გამოქვეყნებულ ელენეს ლექსებს საზოგადოებას აცნობდა, როცა მას ლაყე კვერცხები დაუშინეს” ( „ელენე დარიანის ლეგენდა და სინამდვილე?“ – გიორგი ჯავახიშვილი)



განსაკუთრებული, სკანდალური პოპულარობა ელენე დარიანს ეწვია. საზოგადოების დიდი ნაწილი მის ლექსებს პორნოგრაფიულად განიხილავდა და აძაგებდა, თუმცა, ბევრი ქუთაისელი მანდილოსანი თავადვე, ჩუმად,  ჭორებს ავრცელებდა და დარიანობას იბრალებდა… ჭეშმარიტი ავტორის ვინაობა კი ყანწელებმა გაასაიდუმლოეს.

 

 

„ცისფერი ყანწების“ პირველ ნომერში გამოქვეყნებულ ლექსებს შორის იყო ელენე დარიანი „პირამიდებში“ და „უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი“

 

 

იქ, სადაც სდუმან პირამიდები
მზის ქორწილის დროს, მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ სადაც სდუმან პირამიდები
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული
თვალებ დანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მონას და ცოლს
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს – მაშინ
არაფერი მოგვაგონდება…
პირამიდებში ატირდება ლოდინით – რაში,
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენ ღელვას, ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.



***

უკანასკნელი მოვიხსენი ტანსაფარავი,
დადუმებულ მხრებს ელანდება შეხება – ნელი,
სავნებო გზაზე სიბნელეა, არ სჩანს არავინ,
სასიზმრო ლოცვა ვიგალობე უკანასკნელი.
დამეძინება… გათავდება ზანტი ზმორება.
და დამშვიდდება ჩემი მკერდი ჯერ ხელუხლები
ძილში ჩემს მუცელს ვიღაც ვაჟი ეამბორება
და ვნებისაგან იღუნება ჩემი მუხლები.
მზის აყვავება გამომტაცებს მწველ ადამიანს,
(ჩემს შეყვარებას მწუხარება კვლავ მოემატა!)
და დაღონებულს, ვაჟის კოცნას, კოცნას ნამიანს,
ვარდისფერ ენით მომაგონებს გამთბარი კატა.

თუმცა, ელენეს არქივში დაცულია ხელნაწერი ასეთი ვარიანტით:

აი, მოვიხსენ ტანზე საფარი!
გადახსნილ მხრებსაც მოელანდა შეხება შენი,
ვნებიან გზაზე  ჩამობნელდა, არ სჩანს არავინ
ბავშვობის ლოცვა ვიღაღადე უკანასკნელი
ჩამეძინება… სიზმრებია ზანტი და მდორე
დამიწყნარდება გული ჩემი ჯერ ხელუხლები
ძილში ვიღაც დამაკვდება, მეამბორება,
ვნების სურვილით მეღუნება მწარედ მუხლები.
დილის რიჟრაჟი გამომტაცებს ცხელ  ადამიანს
ჩემს ნაზ სიყვარულს შენზე დარდი კვლავ მომემატა
და გამწარებულს უცხო კოცნით ქალ-ადამიანს
გონზე მომიყვანს ბუხრის ძირში გამთბარი კატა.



ლექსების გამოქვეყნებას რა რეაქცია მოჰყვა და ზოგადად, რა დამოკიდებულება იყო იმ პერიოდის საზოგადოებაში, იაზონ ბაქრაძის ერთ-ერთ წერილში ყველაზე ნათლად ჩანს. წერილის ადრესატი ელენე ბაქრაძეა, მთარგმნელი, პოეტი და პუბლიცისტი:

 

 

„როცა ლირიკული ლექსი გამოხატავს ავტორის არა სულიერ განცდას, არამედ ხორციელ, ყოველდღიურ განცდას, ასეთი ლექსი არ არის ნამდვილი ხელოვნება და ესტეტიურ გრძნობებს ვერ დააკმაყოფილებს, იქით ადაბლებს, ამახინჯებს… (წავიკითხე მაგ. ის ლექსი, რომელიც თავდება სიტყვებით: „გამთბარი კატა“). ამ ლექსებს ქუთათურამა  საზოგადოებამ  შეხედეს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი ლექსები სქესობრივად რყვნის ხალხსო და დიდი უკმაყოფილება გაისმოდა…

 

 

ამასწინათ აქ ერთი კვირის ვადით გახსნეს საყვავილე თეატრის ასაშენებელი ფონდის სასარგებლოდ. აქ, ერთ საღამოს, მოწვეულნი იყვნენ პაოლო და მისი ამხანაგები, რომელთაც აქ „ფუტურისტები“ დაარქვეს და ლექსები წააკითხეს. აქ გაუკეთეს იმათ სკანდალი, რომელიც კინაღამ ხელდახელ შეტაკებით არ გათავდა.

 

 

ამის შემდგომ თეატრში წაიკითხა ლექსები კატომ (კატო მიქელაძე (1877 – 1943), პოეტი, პუბლიცისტი. ზ.ა.) ქალის მდგომარეობაზე. მეორე ნაწილი ლექციისა, რომელიც შეიცავდა „ყანწისტების“ კრიტიკას და ლანძღვას, აგრეთვე ლანძღვას ფედერალისტების პარტიისა, რომელიც მისი სიტყვით ვითომ მფარველობს ასეთ გარყვნილ ლიტერატურას. ხალხმა კატო დიდის ტაშით დააჯილდოვა. … რაც შეეხება პაოლოს მანიფესტს, არსებითად მე იმას ვერ დავეთანხმები, იმიტომ, რომ ცხოვრების მიზნად დასახულია ორგია, ქეიფი და სხვა ამდაგვარი, მაგრამ სიმპატიურია ახალგაზრდული უკმაყოფილება…

 

 

… მაგრამ  საზოგადოებას, რომელიც საათობით უცდის, რომ ნახოს (აქ ბოდიშს ვიხდი შენ წინაშე) თუ ქალები როგორ ხმარობენ ძალას კაცებზე (უწინ ხომ პირიქით იყო), არ აქვს უფლება რაიმე პროტესტისა, მით უფრო ისეთ სულიერთან ერთად, როგორიც არის ფილიპე მახარაძე.“

 

 

ჩემი აზრით კი ეს წერილი იმითაა მნიშვნელოვანი, რომ თავად იაზონ ბაქრაძის პორტრეტს გვთავაზობს. იაზონ ბაქრაძე კი შეიძლება, მის მიერვე აღწერილი ქუთაისის საზოგადოების სახედ წარმოვიდგინოთ – მოსწონთ და აძაგებენ; უხარიათ და არ აღიარებენ; უნდათ და უარობენ.

 

 

ელენე დარიანი
ელენე დარიანი

ელენე დარიანის პერსონის გარშემო  აჟიოტაჟი არ წყდებოდა. იწერებოდა ერთმანეთზე კრიტიკული რეცენზიები. ია ეკალაძე მის ლექსებს “სქესობრივ ნიადაგზე დაავადებულთა პოეზიას” უწოდებს და გაზეთ “სამშობლოში” წერს: “აფსუს, შოთავ, აფსუს, აკაკი… ვაჟავ, აფსუს ჩვენო დიდებულო ხალხურო პოეზიავ, რომ შენს ადგილს, რაღაც ბოდვას, ხმის უცნაურ აწევ-დაწევასა და “ნიფხავ-პანტალონების” ხოტბა-დიდებას აჭერინებ”. ელენეს პოეზიას არც ლეო შენგელია ინდობს: “ელენე დარიანის მდგომარეობა ფრიად საშიშია. მას ტემპერამენტი აქვს აწეული. სულიერი საუნჯე ელენე დარიანს არ გააჩნია… მასში არაფერია: არც სინაზე, არც უმანკოება, მოკრძალება, ტლანქია! ჩვენს პოეზიას ის ვერაფერს შეჰმატებს. სულით ღატაკმა და ტანით შიშველმა ან რა უნდა მოგცეს?” ( გაზეთი „სამშობლო“1916 წელ (376- ნომერი).



“ჩვენში ბევრი ლექსი იწერება ვნების შესახებ, მაგრამ სულ ცოტა მათგანი თუ მოგვცემს ნამდვილი ვნების გრძნობას. ეს ლექსები კი ნამდვილი გრძნობის ვნებას გადმოგვცემს და არა მშრალ სიტყვას“ – წერდა გრიგოლ რობაქიძე „სახალხო ფურცელში“.  ჟურნალ ABS-ში კი აღნიშნავდა, რომ ელენე დარიანი არის ქალური პოეტური სხივი და გამოირჩევა ქართული მოდერნიზმის დამწყებთა შორის. “ქართველი ქალი – როგორც ქალი, უთუოდ პრობლემაა, მე ვფიქრობ, რომ მის სტიქიაში ძალზე ბევრია უძველეს ამორძალთა ნამსხვრევები – სიყვარულში მამაკაცებზე გამმეტებლად თავდამსხმელნი და მათი მკვლელები”. აქვე ნათქვამი, , რომ ქართულ ლიტერატურაში არ არსებობს ქალი ეროტიკული ბუნებით, თუ არ ჩავთვლით ალექსანდრე ყაზბეგის პროზის გმირებს. ამის შემდეგ კი სწორედ ელენეს ლექსებშია “შეყვარებულობის ჭეშმარიტი განცდა და ამასთან განცდა წმინდა ქალური სტიქიისა”.

 

 

ელენე დარიანის შემოქმედებას ხოტბას ასხამდნენ ტიციან ტაბიძე და შალვა აფხაიძეც. ვალერიან გაფრინდაშვილმა კი ჟურნალ “მეოცნებე ნიამორებში” საქართველოში პირველი კლასიკური სონეტის ავტორად დაასახელა და ქართული ლექსის მიწიერი მემკვირდე უწოდა.  ცისფერყანწელთა რიგებში მეცამეტე, იდუმალებით მოცული წევრი გამოჩნდა.

 

 

1924 წელს ჟურნალ ,,მეოცნებე ნიამორებში“ დარიანული ციკლის ბოლო, მეთორმეტე ლექსი დაიბეჭდა.

 

 

1937 წელს  პაოლო იაშვილი ისე გარდაიცვალა, არსად უთქვამს, ვინ იდგა ელენე დარიანის ფსევდონიმის  უკან.

 

 

90-იანი წლებში პროფესორმა გიორგი ჯავახიშვილმა ცისფერყანწელებთან დაახლოებული ქალბატონის, ელენე ბაქრაძის პირად არქივს მიაკვლია. „ელენე დარიანი რეალური პიროვნებაა, ლექსების ავტორი არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძეა“  – ინფორმაცია ისეთივე სკანდალური და მიუღებელი აღმოჩნდა, როგორც დარიანული ლექსების პირველი გამოჩენა.

 

 

 

ცისფერი ლეგენდის დასაწყისი

 

1912 წელი…
ზაფხული…
საჩხერის მახლობლად, ლესევში, მჟავე წყლებზე სახელგანთქმული ფარმაცევტის, ჯიბრაელ  იაშვილის, ოჯახი ისვენებდა…
14 წლის ელენე ბაქრაძე, ჭალელი აბაშიძეების ნათესავი, ლესევში იყო სტუმრად.

 

 

ერთ კუნაპეტ ღამეს ტყის სიღრმიდან განწირული ადამიანის ხმა შემოესმათ: “გულშემზარავი იყო ადამიანის, ეს ველური შიშით ამოხეთქილი, პირუტყვული ძახილი ბუნების ასეთ ატეხილ ქაოსში. ვინ გაბედავდა ადგილიდან დაძვრას ან სად უნდა ეძებნათ იგი?.. იქვე იდგა პაოლოც. დროგამოშვებით გავარდებოდა წინ  და უმალვე უკან იხევდა. ბოლოს მამას შეხედა და ჩირაღდნებივით ანთებული თვალებით თითქოს შეავედრა: – არ შეიძლება კაცის ასე მიტოვება, მამა! – და როცა ჯიბომ  არაფერი  უპასუხა,  სწრაფად  წამოავლო  ხელი ნაბადს, მოიგდო მხრებზე, თავზე ყაბალახი მოიხვია, ხელში ფარანი აიღო, მიუხედავად დიდი შეძახილისა, გაიღო კარი და გარეთ გავარდა. სიბნელემ და ხმაურმა შთანთქა იგი… მახსოვს, როცა ყაბალახს იხვევდა, გაფითრებულმა გამიღიმა და… როგორ მინდოდა, მეც თან გავყოლოდი…”
პაოლომ იმ ღამეს სიკვდილისგან იხსნა გზააბნეული, მხეცის აბრიალებული თვალებით გონდაკარგული ადამიანი.

 

და აი, დაიბადა კიდეც 14 წლის გოგონას საოცნებო გმირიც. “ჩემთვის ამ ჩვეულებრივ ეპიზოდს მიეცა უზარმაზარი შინაარსი და, ალბათ, აქ დაეცა პირველად ის მარცვალი, რომელიც იმ ზაფხულში ცისფერ ყვავილად გადაიშალა” – წერს ელენე.

 

 

ელენე და პაოლო მსგავსი შინაარსის წერილებს მთელი ცხოვრება სწერდნენ ერთმანეთს. მის არქივში 14 წერილის დედანი ინახება:

 

 

“ქუთაისი.
აგვისტოს ღამის დამდეგი.
ელლი! ჩემზე ჯვარდაწერილო, სასურველო ჩემო!
ჩემი გული უშენობის გამო სევდიანად მოსთქვამს, ვიწვი შენთან კვლავ შეხვედრის უსაზღვრო სურვილით. ირგვლივ მყოფ ათას ადამიანს შორის ჩემს თვალსაწიერში, მხოლოდ შენი ნათებაა მარად მშვენიერი სიყვარულით გასათუთებული.
არა მაქვს უფრო მშვენიერი ფიქრები, ვიდრე ფიქრები შენზე და რაც უფრო შორს ხარ, მით მეტად ვგრძნობ, რომ სიცოცხლე უშენოდ არის გამოუთქმელ სევდათა სასაფლაო.

 

ჩემს ოთახში ყოველდღე ჩნდება ახალ-ახალი ყვავილები, მაგრამ მათში ვერ ვხედავ ჭეშმარიტ მშვენიერებას, რადგან ისინი შენი ხელით არ არის მოკრეფილი.

 

ვიხსენებ შენს ალერსს და მგონია, რომ მის გარეშე ვცოცხლობ უსულო ბუნების ატმოსფეროში. გულანთებულს მსურს შენს ძოწისფერ ბაგეებთან შეხება. ვიხსენებ ჩვენი ტრფობის დილას. მითხარი, როგორ ვიცოცხლო უშენოდ მხოლოდ ამ მოგონებით?
მე ვლოცავ მთვარიან ღამეს – ჩვენი სულიერი აღსარების მოწმეს. ასეთი ღამის განმეორება სიშმაგემდე  მიმიყვანს. მე მსურს ასეთი სიგიჟე, ახალ შეხვედრამდე  ჩემი სული დაიტანჯება, გამომეცხადე, სასურველო!

 

ბნელი ღამე ჩამჩურჩულებს განახლებული ბედნიერების წუთებზე. მე ყურს ვუგდებ ღამის ზღაპრებს. შენც მოუსმინე ღამეულ ხმებს და მათში მოისმენ ჩემს ძახილს…

 

გულმხურვალედ გეხვევი, ჩემო ღვთიურო!
შენი პავლე.”

 

 

„…შენ გახსოვს, ელლი, ის დალოცვილი საღამო, საღამო ჩემი პირველი ჩამოსვლისა შენთან, საჩხერეში? ჩვენი თვალები პირველად შეხვდნენ მას შემდეგ, რაც პირველი ამბორით შევიცანით ერთმანეთი.
მე შეგახსენებ: წყნარ საღამოს მე ჩამოვედი შენთან ახალი ტრფობის ეშხით სრულიად მთვრალი. ჩვენ მარტონი დავრჩით აივანზე. ერთმანეთს თვალებში ვუცქერდით და ვგრძნობდით, სახე გვიფითრდებოდა, ხმა გვიკანკალებდა, გულები გვეთოშებოდა და სიტყვებს სრულიად ვერ ვაბამდით თავს. შენი შეხებისას ჟრჟოლამ დამირბინა მთელს სხეულში და შენშიც იგივე მოხდა…

 

 

… როგორი მწუხარება სუფევს ჩემს ირგვლივ! ვტირი მე და ჩემთან ერთად გოდებს მთელი მშვენიერი სამყარო…

 

 

… დათიკო გაემგზავრა  ორშაბათს, დავშორდით თვალცრემლიანნი… მე მარტო ვარ! … გაემგზავრა ჩემგან შორს და დიდი ხნით… მე მისგან ველოდი წერილს, მაგრამ არ ჩანს. იქნებ ხვალ უნდა მან მე დამამშვიდოს. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ დათიკოს  აღარ ვუყვარვარ, მაგრამ განშორების ჟამს ჩვენს თვალებში გაჩნდა ცხელი ცრემლები, რომელშიც აისახა ჩვენი მარადიული ერთობა…

 

 

შენი ქმრის წერილის თაობაზ მინდა მოგელაპარაკო პირადად.
მინდოდა ჩამოვსულიყავი საჩხერეში, მაგრამ გამოგიტყდები, უკვე აღარ შემიძლია შეხვედრა შენთან იქ, სადაც ჩვენს განმარტოებას ხელს შეუშლიან…

 

ორშაბათი, 2 სექტემბერი, 1915, საღამოს მწუხარი“

„მე მინდა, გესაუბრო იმ გიშრისთვალება გოგონაზე, რომელთანაც რამდენიმე წუთი გავატარე შუაღამის მატარებლის კუპეში.  ვფიცავ, სილამაზით გატაცება შემიძლია მხოლოდ ისე, როგორც ვარდით უცხო ბაღში, იმ ვარდით, რომელიც ჩემთვის არ გაფურჩქვნილა. და თუ მე ახლა მიყვარს ყველა ყვავილი, თითოეულ მათგანში ვპოულობ იმ ყვავილის ნაწილს, რომელიც გაიშალა ჩემს გულში შენთვის, ჩემო პრინცესა! 

 

ელლი, ელლი!

 

მეგონა, ისე შერწყმული ვიყავი შენ სულიერ გრძნობებთან, რომ ჩემი გაგება ყოველთვის შეგეძლო. შენს თავს
ჩემი გატაცება იმ გოგონათი აიხსნება იმით, რომ მისი წყალობით დაგინახე შენ. შენ კი არ შემიძლია დაგინახო მხოლოდ ლამაზი არსების მეშვეობით.
იმ ღამით ვგრძნობდი, რომ ჩემს თანამგზავრს ჩემი შეხება სურდა, მე კი, არა.
ეს ვარდი ხომ ჩემთვის არ ჰყვაოდა“

 

 

(წერილები რუსულიდან  თარგმნა  პოეტმა ლეილა ბაბადიშ-ბაგრატიონმა)



ელენეს მოგონებებშია ცნობა, როგორ შეიქმნა ელენე დარიანის ფსევდონიმი, იწერებოდა დარიანული ლექსები, რა რეაქცია ჰქონდა ელენეს საზოგადოების გამოხმაურებაზე. ასევე, რა ურთიერთობები ჰქონდა სხვა ცისფერყანწელებთან. მის არქვივში დაცულია კონსტანტინე გამსახურდიას, ტიციან ტაბიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, იოსებ გრიშაშვილის და სხვების წერილები, სადაც ისინი სწერენ ელენე ბაქრაძეს (ბერიშვილი-ქართველიშვილი) და ესაუბრებიან ელენე დარიანს.

 

 

1916 წელს ელენე მოსკოვში წავიდა სწავლის გასაგრძელებლად. სწორედ იქ დაუახლოვდა გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეებს.  გალაკტიონის ჩანაწერებში ელენე დარიანზე მოგონება 1917 წლით თარიღდება და ამის წამკითხველი ნამდვილად ვერ იტყვის, რომ საუბარი პაოლო იაშვილზეა:

 

 

„1917 წელს ამ ბაღში მივდიოდი, ერთხელ ღამით – ბულვარით. კარგა შეღამებული იყო. ვბრუნდებოდი ელენე დ – ს ბინიდან, არბატის იქით, რადგან სტუმრად ვიყავი დაპატიჟებული. რა კარგი იყო ტფილისიდან ჩამოტანილი კონიაკი. ახლაც მახსოვს მისი გემო. გახსენებები, მოგონებები და ასე კიდეც გადაშუაღამდა. დავემშვიდობეთ ახალგაზრდა განათლებულ დიასახლისს და წამოვედით მე და ამირეჯიბი”.

 

 

ელენე გოგი ბერიშვილზე იყო გათხოვილი, როცა 1918 წელს კონსტანტინე ჭიჭინაძემ ასეთი ექსპრომტი მიუძღვნა:

 

 

„როცა მშვენიერ ელენეს ვუმზერ, პირზე ღიმილი არა მშორდება –

დღეს რომ პარისი ცოცხალი იყოს, ტროადის ომი განმეორდება.

ვინ დამარწმუნებს იმაში თითქოს, აწმყოს წარსული არა სჯობია,

წინეთ ელენეს პარისი ფლობდა, ახლა ჰპატრონობს იმას გოგია.

ვერ დაწყნარდაო შემდეგ პარისი, ამბობს ბერძენთა მითოლოგია,

მაგრამ პარისსაც ბედმა უმტყუნა, როდესაც გაჩნდა ქვეყნად გოგია“



ამასობაში პაოლომ ცოლი შეირთო, დაქვრივებული ელენე ივანე მაჩაბლის ვაჟს, შალვა ქართველიშვილს მისთხოვდა. პაოლომ თავი მოიკლა… აკრძალულია მისი ხსენებაც კი. აღარავის აინტერესებს აღარც ელენე და აღარც დარიანული ლექსების ჭეშმარიტი ავტორის ვინაობა… აღარ დადგა საიდუმლოს გამჟღავნების დრო. პაოლოს რეაბილიტაციის შემდეგ გამოდის მისი ლექსების პირველი კრებული, სადაც დარიანული ციკლიცაა შესული – ელენეს ავტორობის გარეშე. ელენე ბაქრაძის პირადი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მას მიუმართავს შალვა დემეტრაძისთვის და  საავტორო უფლებების დაცვა უთხოვია, მაგრამ იმ პერიოდში ეს ვერ მოხერხდა. ეს ის პერიოდია, როცა ლავრენტი ბერიასა და სტალინის გარდაცვალების შემდეგ, იწყება 1937 წლის სისხლიანი მოვლენების მსხვერპლთა რეაბილიტიაცია. მათ შორის იყო პაოლო იაშვილი და, ზოგადად, ქართული საზოგადოება მგრძნობიარეა ნაციონალურ საკითხებზე. შეგვიძლია ვივიარაუდოთ, რომ ეს პერიოდი არახელსაყრელია ელენე ბაქრაძის, როგორც ეროტიკული ბუნების ლექსების ავტორის, რეაბილიტაციის დასაწყებად.

 

 

ამის შემდეგ, ელენე ბაქრაძე არის ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელი, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაკარგა მხედველობა და როგორც თავის ჩანაწერებში ამბობს, იშვიათად, მაგრამ როცა საუბრობდა თავის თავზე, როგორც დარიანული ლექსების ავტორზე, ძალიან არადამაჯერებელი იყო, რადგან თემამ აქტუალურობა დაკარგა. ლექსები პაოლოს იმდენად მიეწერა, რომ სხვა ავტორის დაშვება, თავისთავად იყო შეუძლებელი.

 

 

1957 წელს ელენე დარიანის ხელმოწერით ლექსს უძღვნის მარიჯანს:

„…დღეს ჩვენი ხალხი გათბობს გვირგვინით
წელთა გუგუნი შუბლზე განათებს,
იყავ დღეგრძელი, ჩემს გულისტკივილს
სულ სხვა თაობა გაასამართლებს!“



ამ თაობის მოლოდინში, 1979 წელს დასრულდა 82 წლის ქალბატონის სიცოცხლე.  მისი გარდაცვალების გამო არ დაწერილა არც ნეკროლოგი და არც მის დაკრძალვაზე უთქვამს ვინმეს გამოსამშვიდობებელი სიტყვა… მხოლოდ გასვენების დღეს მივიდა ცისფერი ოცნების მხატვარი ლადო გუდიაშვილი, მიიტანა ცისფერი ყვავილების კონა და თავის დადნაფიცს გულზე მიმოაბნიაო, წერს გიორგი ჯავახიშვილი.

 

 

ჩემთვის, ერთი ჩვეულებრივი მკითხველისთვის, არანაირი მნიშვნელობა აქვს, ვინ არის ლექსების ნამდვილი ავტორი – პაოლო თუ ელენე ბაქრაძე. ორივე შემთხვევა ჩემთვის საინტერესოა. გამიხარდება, თუ დადგინდება, რომ ჩვენ გვყავდა კარგი პოეტი ქალი, რომელიც ტრადიციულ, ვულგარულ მუხამბაზურ პოეზიას თავისი თამამი ლექსებით დაუპირისპირდა და ვერავინ იტყვის, რომ პაოლო იაშვილის ელენე დარიანობა ორმაგად საინტერესო არაა.

 

 

აი, ყველაზე დამაფიქრებელი კი ისაა, რომ თითქმის ერთი საუკუნე გავიდა და საზოგადოების დიდი ნაწილის მენტალიტეტში არაფერი შეცვლილა. ის ფაქტი, რომ ლექსების ავტორი დღემდე გაურკვეველია, მხოლოდ და მხოლოდ იმ ‘მეცნიერთა’ დამსახურებაა, რომლებმაც პირად შეურაცხყოფად მიიღეს ქართველი პოეტი ქალი, რომელიც ქალურს ვნებებს აღწერს და გადმოსცემს.

 

 

შარშან გაზეთ „რეზონანსში“ (23.05.2010) ჟურნალისტ  მარი ოთარაშვილის სტატია დაიბეჭდა: „ვინ იყო ელენე დარიანი: პაოლო იაშვილი, თუ მისი მეგობარი ელენე ბაქრაძე?“ ავტორი შეეცადა, ორივე პოზიცია დაეფიქსირებინა, თუმცა, სტატიას თსუ-ის ჰუმანიტარული ფაკულტეტის პროფესორის, თამარ პაიჭაძის ინტერვიუ დაურთო. ქალბათონი თამარი ამბობს, რომ ელენე დარიანისა და პაოლო იაშვილის იდენტობაზე არსებობს საკმაოდ სერიოზული გამოკვლევა, რომლის ავტორია ზეინაბ ლომჯარია. ამ ნაშრომში ლომჯარია პირდაპირ ასაბუთებს, საამისოდ რა კონტრარგუმენტიც არსებობსო. კითხვა აქ შევწყვიტე. ვისაც ლომჯარიას „კვლევა“ უნახავს და იქ,  რამე  საინტერესო ამოიკითხა, ნამდვილად გამკვირვებია. ანალოგიურად ქალბატონი ლალი  ავალიანი და ის უამრავი „მკვლევარი“, რომელიც არც ერთი წამით არ უშვებდა იდეას, რომ ქართველი ქალი „ასეთ“ ლექსებს წერდა.

ზურა ალხანიშვილი
ზურა ალხანიშვილი

ვტორის შესახებ

ზურაბ ალხანიშვილი, ნეტგაზეთის ბლოგერი , ავტორი ბლოგისა zur.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი