ხელოვნება

„21-ე საუკუნის ქართული მოთხრობის“ პრეზენტაცია Kung Fu Junkie–ით

13 ივლისი, 2011 • 1440
„21-ე საუკუნის ქართული მოთხრობის“   პრეზენტაცია Kung Fu Junkie–ით

12 ივლისს „კლუბ 33ა“-ში „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ ინიციატივით მოეწყო  წიგნის – „ 21-ე საუკუნის ქართული მოთხრობა“ – პრეზენტაცია.

კრებული „15 საუკეთესო მოთხრობის“ ერთგვარი შეჯამებაა და მასში 2000-2010 წლებში გამოქვეყნებული 30 სხვადასხვა ავტორის თითო ნაწარმოებია შესული.

21-ე საუკუნის ჯერ მხოლოდ ერთი ათწლეულია გასული, მაგრამ გამომცემელთა აზრით, ქართულ პროზაში არსებული ცვლილებები საკმარისია საიმისოდ, რომ ამ ანთოლოგიამ ისინი ადექვატურად ასახოს.

ბაკურ სულაკაურის თქმით, ცვლილებები შეეხო ასაკსა და სქესს, კერძოდ, თუკი ძველად უფროსი თაობის ნაწარმოებები ჭარბობდა, ახლა ახალგაზრდა, 20-22 წლის მწერლების მოთხრობები უფრო მრავლადაა, ასევე ქალების  ნაწარმოებებიც საკმაოდ ბევრია. სწორედ ესენი არიან ის ავტორები, რომლებიც დღევანდელ ქართულ ლიტერატურას ქმნიან.

კრებულის წარდგენის შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორებმა მწერლები გამოსცადეს, თუ რამდენად კარგად იცნობდნენ ისინი თავიანთი კოლეგების ნაწარმოებებს. მათ წაიკითხეს სხვადასხვა მოთხრობიდან კონკრეტული ამონარიდები და ამ მონაკვეთების ავტორთა ვინაობის გამომცნობები წიგნებით დააჯილდოვეს.

საღამო დაასრულა ქართულმა მუსიკალურმა ჯგუფმა „Kung Fu Junkie“, რომელმაც კომპოზიციები ცოცხლად შეასრულა.

გამომცემლობის დირექტორმა, თინა მამულაშვილმა, საზოგადოებას ამცნო, რომ კრებული,  „21-ე საუკუნის ქართული მოთხრობა“ დროთა განმავლობაში განახლდება, შეივსება და, საბოლოოდ, ყველა მკითხველს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს თანამედროვე პროზის ძირითად ტენდენციებს.

პროექტი დააფინანსა ევროკავშირმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი