ხელოვნება

არდიფესტი, დღე მესამე – აქცენტები

3 ივლისი, 2011 • 1853
არდიფესტი, დღე მესამე – აქცენტები

მესამე საფესტივალო დღეს წარმოდგენილი იყო ლევან ხვიჩიას, გიორგი ხოსიტაშვილის, ლაშა ბერსენაძისა და პაატა ციკოლიას სპექტაკლები. საინტერესოა, რომ მესამე დღის სპექტაკლები (ლ. ბერსენაძის გარდა) მკვეთრი ვიზუალური აქცენტებით გამოირჩეოდა. წარმოდგენილი სპექტაკლებიდან 3 თანამედროვე ქართული პიესების მიხედვით დაიდგა.

 

საღამო გაიხსნა პაპუნა ჭელიძის პიესით „სალათის ფოთლები“ (რეჟ. ლევან ხვიჩია).  გროტესკული ფორმით მოთხრობილი აგენტი ცოლ–ქმრის ამბავი დრამატურგიაშივე მოიკოჭლებდა და მას საკმაოდ გაცვეთილი ელფერი ჰქონდა. სამწუხაროდ, დადგმაც ფრიად სტატიკური აღმოჩნდა და ფარდის პირველი გახსნა–დახურვის შემდეგ, როდესაც გიორგი უსტიაშვილის ეფექტური დეკორაცია დავინახეთ, საინტერესო არც არაფერი მომხდარა. ლევან ხვიჩიას რეჟისურა, რომელიც ყოველთვის მოჭარბებული პაროდიულობით გამოირჩეოდა, ამჯერადაც საკუთარი თავის მსგავსი იყო, თუმცა, სრულიად არაფრისმთქმელ, გაუმართავ სპექტაკლს ამ ფორმამაც კი ვერ უშველა. მხოლოდ ტუალეტის ქაღალდებით აწყობილი დეკორაციის ცქერა კი 25 წუთის მანძილზე ცოტაზე მეტად მოსაწყენი აღმოჩნდა.

ფორმის ძიებით გატაცებამ თხრობა და სიუჟეტი შეიწირა გიორგი ხოსიტაშვილის სპექტაკლში „სახლობანა“ (შტაუბერის პიესის „სვავების“ მიხედვით). პიესის წინასწარი წაკითხვის გარეშე სრულებით შეუძლებელი გახდა სპექტაკლის სიუჟეტური ხაზის გაგებაც კი. აბსურდნარევი, შავი იუმორი აქ უბრალო, მარტივ „ღადაობად“ იქცა, რომელიც შინაარსისგან სრულიად დაცლილი იყო.

 

მსგავსი პრობლემა ჰქონდა ლაშა ბერსენაძის სპექტაკლს „ამას ტურისტებს არ უჩვენებენ“ (პიესის ავტორი ალექსა ჩიღვინაძე). გაბნეულმა, სრულიად თავმოუბმელმა დადგმამ ბევრი ვერაფერი უთხრა მაყურებელს. სპექტაკლის ავტორებმა, როგორც ჩანს, ცნება „მინიმალიზმი“ არასწორად გაიგეს და შედეგად სცენაზე დაუმთავრებელი, შეუკრავი ნამუშევარი ვიხილეთ. პრობლემას ისიც ამწვავებდა, რომ ხალხით გაჭედილ დარბაზში თითქმის საერთოდ არ ისმოდა მსახიობების ხმა, არადა, დადგმის უკიდურესი მინიმალისტურობა, სულ მცირე, გამართულ მეტყველაბას მაინც მოითხოვს მსახიობებისაგან. სამწუხაროდ, აღნიშნული პიესა ფესტივალის კატალოგში არ არის შეტანილი, იქნებ მისი წაკითხვის შემდეგ მაინც მოეფინოს ნათელი იმას, რისი მოსმენაც დარბაზის უკანა რიგებიდან ჩვენ ვერ მოვახერხეთ.

 

საღამოს მეოთხე სპექტაკლი იყო ციტატებით მდიდარი LOVE RATS, რომელიც რეჟისორმა პაატა ციკოლიამ საკუთარი პიესის მიხედვით დადგა.  ნანახ სპექტაკლებს შორის ჯერჯერობით ყველაზე შთამბეჭდავი სცენოგრაფია (მხატვარი ქეთი ნადიბაიძე), დახვეწილი ირონიით აღბეჭდილი მუსიკალური გაფორმება ცოცხალი შესრულებით, ცინიზმი, უკიდურეს პირობითობამდე დაყვანილი ტექსტი – როცა ერთ–ერთი პერსონაჟი ძალადობით სავსე პასაჟებს რემარკების სახით კითხულობს და კიდევ ძალიან ბევრი რამ შეიძლება გამოვარჩიოთ პაატა ციკოლიას სპექტაკლში. შუახნის მამაკაცის ბინაში უცნობი ახალგაზრდა შემოიჭრება, ძალიან დიდხანს და მეთოდურად უშლის ნერვებს და არაფრისდიდებით არ ეუბნება, „ვინ არის და რა უნდა“. მათი შელაპარაკება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზრდება. რეჟისორის მიერ ძალადობის სცენების ეფექტურ გადაწყვეტას, ზუსტად მიგნებულ რიტმს ენერგიით დამუხტული კულმინაციისკენ მივყავართ, როდესაც სცენიდან ღრიალით წამოსული გინება სრულიად გასაგები, არათვითმიზნური და გამართლებული ხდება. საინტერესოა, რომ დრამატურგიული თვალსაზრისით საკმაოდ პრიმიტიულ ტექსტს რეჟისორმა იმდენად საინტერესო ფორმა მოუძებნა, რომ ლიტერატურული პირველწყაროს ყველა ნაკლი გამოასწორა და მეტიც, თავის სასარგებლოდ გამოიყენა, მაგალითად, ტექსტში ალაგ–ალაგ გაპარული ჭარბი პათეტიკა. მკვეთრად თეატრალური ხერხების ოსტატური გამოყენებით ( მსახიობის მიერ ხმამაღლა წაკითხულ რემარკას წინ უსწრებდა „ხანგრძლივი პაუზა“  და მოსდევდა პირდაპირი გაგებით მართლაც ხანგრძლივი პაუზა და ა.შ.) სითამამითა და დაუნდობელი სისასტიკით გამორჩეული ეს სპექტაკლი რაღაცით თითქოს ბრიტანულ in-yer-face ტრადიციასაც გამოეხმაურა. იმედია, ეს მცირე მოცულობის ნამუშევარი გამონაკლისად არ დარჩება და რეჟისორი იმავე მიმართულებით ძიებებს გააგრძელებს.

 

ფესტივალის ბოლო საკონკურსო დღის, 3 ივლისის პროგრამა ასე გამოიყურება:

 

სემუელ ბეკეტის „კრეპის უკანასკნელი ფირი“, რეჟისორი დავით ჩხარტიშვილი;

დათა ფირცხალავას „ტკბილი სახლი“, რეჟისორი დათა ფირცხალავა;

იანუშ გლოვაცკის „ახლა დაიძინებ“, რეჟისორი მაია დობორჯგინიძე;

სემ შვარცის „მიაუ“, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი.

 

შეგახსენებთ, რომ „არდიფესტი“ მიმდინარეობს სამეფო უბნის თეატრში, სპექტაკლების დასაწყისი 19 საათსა და 30 წუთზე.

ამავე თემაზე:

არდიფესტის მეორე დღე – 3 ქართული პიესა

არდიფესტის პირველი დღე

მასალების გადაბეჭდვის წესი