ეკონომიკა

რაზე ესაუბრნენ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები პრემიერს

4 მარტი, 2016 • 1412
რაზე ესაუბრნენ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები პრემიერს

დღეს, 4 მარტს, პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი მეწარმეებისგან პრობლემებისა და იდეების მოსმენა იყო.

გარდა ამისა, პრემიერ–მინისტრმა დღეს განაცხადა საკუთარი ინვიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან დიალოგის მუდმივმოქმედი ფორმატი.

შეხვედრიდან გამოსული  “ბაიას ღვინოს” დამაარსებელი  ბაია აბულაძე ამბობს, რომ პრემეირთან შეხვდრაზე მეწარმეებმა ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა საკანონმდებლო ხარვეზზე მეღვინეობაში, ყველის წარმოებასა და სხვა სფეროებში.

“მთავრობის მხრიდან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ მსგავსი სახის პრობლემები და გამოწვევები, რაც შეხვედრაზე დაისვა, მოგვარდეს მომავალში,”– ამბობს ბაია აბულაძე.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივა გამოთქვა ტექნოლოგიური სტარტაპების ასოციაციის დამფუძნებელმა და გამგეობის თავმჯდომარემ, დავით სიჭინავამ. მისი განცხადებით, არსებული კანონმდებლობა ამ სფეროზე მორგებული არ არის”

“როდესაც ეს კანონები იქმნებოდა, ჩვენი სფერო მაშინ ჩანასახის დონეზე იყო და გვინდა, რომ კონკრეტული  ცვლილებები განხორციელდეს და ჩვენ მივიღოთ ამ ცვლილებების განხორციელებისას კანონის შექმნის პროცესში მონაწილეობა, რაზეც მივიღეთ თანხმობა. ჩვენს სფეროს აქვს კონკრეტული სპეციფიკა, რის გამოც რთულად ექცევა სხვა ბიზნესთან ერთად ჩარჩოში. ჩვენ არ გვჭირდება მატერიალური ბაზა და ჩვენი ბიზნესი არის ადვილად გადატანადი სხვაგან. თუ ჩვენთან არ იქნა საკანონმდებლო შეღავათები, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ ოფშორებზე, უხეშად რომ ვთქვათ. მაშინ, როცა ჩვენ გვინდა პირიქით, სხვებიც აქეთ შემოდიოდნენ. არა ოფშორული ზონის შექმნა, მაგრამ ისეთი სივრცის შექმნა, სადაც ადვილი იქნება IT ბიზნესის დაწება იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის “დრაივერი” გახდეს ტექნოლოგიები. ამიტომ ამ მიმართულებით გვაქვს სამუშაო,”– განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა დავით სიჭინავამ

ყველის მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე, ანა მიქაძე დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერისთვის ქართული ყველის მუზეუმის შექმნის იდეის გასაზიარებლად მივიდა.

“ახლა მქონდა შესაძლებლობა და შემთხვევა, რომ პირადად გადამეცა ამ კონცეფციის შესახებ მოსაზრებები და სურვილი პრემიერ–მინისტრისთვის. ძალიან კარგად მიიღო პრემიერმა ეს კონცეფცია. თქვა, რომ ჩართავს ამაში საპარტნიორო ფონდს, კულტურის სამინისტროს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ისედაც ჩვენი მხარდამჭერია მუდმივად. წლიდან წლამდე სწორედ სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვეხმარება ყველის ფესტივალის ორგანიზებაში. რწმენით გამოვედი დარბაზიდან, რომ ჩვენ აუცილებლად გვექნება ალბათ ყველის მუზეუმი,”– ამბობს ანა მიქაძე.

მისივე თქმით, ყველის მუზეუმის იდეა ყველის პოლულარიზაციას გულისხმობს.

“რადგან გვაქვს ამხელა შანსი, ამხელა ისტორია და შევქმენით ამხელა აჟიოტაჟი ყველის ირგვლივ, ეს უნდა გარძელდეს. ეს ყველა გურმანს და გარდა გურმანისა, ზოგადად კულინარული ტურიზმით დაინტერესებულ მსოფლიოს მოქალაქეებს მოახედებს საქართველოსკენ,”– ამბობს ანა მიქაძე.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

Posted by Giorgi Kvirikashvili on Friday, March 4, 2016

ეკონომიკის მინსიტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იმ პრობლემებთან და საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მათ მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები ესაუბრნენ, დავალებები და საკითხები გადაინაწილეს.

პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უსმენდეს მცირე და საშუალო ბიზნესს.

პრემიერ–მინისტრის შეხვედრა მცირე და საშუალო მეწარმეებთან ჟურნალისტებისთვის დახურული იყო. შეხვედრას მცირე და საშუალო ბიზნესის 50-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უნდა გამოიყოს საინიციატივო ჯგუფი, ვინც ბიზნესის წინადადებებს და პრობლემებს მთავრობამდე მიიტანს და მთავრობის წარმომადგენლების ჩართულობით ამ საკითხებზე სწრაფი რეაგირება მოხდება.

“ეს გააიოლებს თქვენს ცხოვრებას და ფუნქციონირებას,” – მიმართა პრემიერმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

“რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესი უმნიშვნელოვანესია და საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ის ტრადიცია, სულ ცნობადი სახეები ფიგურირებენ მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, უნდა შეიცვალოს და გამდიდრდეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებით. ეს არის ძალა, სადაც ყველაზე მეტი დინამიკაა, ყველაზე მეტი ზრდის მაჩვენებლებია, დასაქმების თვალსაზრისით ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია და ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ არსებულ პრობლემატიკას. ჩვენ მოვედით იმ პრობლემებზე ღიად სასაუბროდ, რომელთა გადაჭრასაც მცირე და საშუალო სექტორისთვის ცვლილებების მოტანა შეუძლია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმაზე ისაუბრა, რომლის მიზანიც მეწარმეობის წახალისებაა:

“მეწარმეობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს მცირე საწარმოებს და ინიციატორი, დამწყები ბიზნესისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დაფინანსების მოპოვებაში ხელშეწყობას. უახლოეს მომავალში დაიწყებს ფუნქციონირებას დამწყები ბიზნესის დაფინანსების ფონდი, მდიდრდება პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“, იწყება მისი ახალი ქვეპროგრამები, მათ შორის „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც მცირე სასტუმროების ქსელების წახალისებას ახდენს და დაფინანსების მოპოვების კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება. გვინდა, მოვისმინოთ თქვენი წინადადებები, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას კიდევ, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად წაახალისოს მცირე და საშუალო ბიზნესი,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი