ეკონომიკა

1 მარტიდან შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში მოსახვედრად ახალი კრიტერიუმები შემოდის

18 თებერვალი, 2016 • 2214
1 მარტიდან შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაში მოსახვედრად ახალი კრიტერიუმები შემოდის

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით, თეთრი სიის (კეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის) წარმოების ახალი წესი და პირობები 2016 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

კერძოდ, მეწარმის მიერ ბოლო 3 წლის განმავლობაში 1 000 000 ლარის ბრუნვის ქონა სიაში მოსახვედრად საკმარისი აღარ იქნება.

ამ საკითხზე დღეს,  18 თებერვალს სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და სააგენტოს სხვა ხელმძღვანელი პირები სახელმწიფო  შესყიდვებში მონაწილე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ცნობით,  დღემდე არსებული რეგულაციის მიხედვით, იმისათვის, რომ მეწარმე სუბიექტი  მოხვედრილიყო თეთრ სიაში, სხვა მოთხოვნებთან ერთად, მას უნდა ჰქონოდა არანაკლებ 1 000 000 ლარის ბრუნვა უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. სააგენტოს მიერ ამ კუთხით ჩატარებული კვლევების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ფიქსირდება არაერთი მეწარმე, რომლებსაც არ გააჩნიათ ზემოთ მითითებული ბრუნვა, თუმცა, წლების განმავლობაში, ყოველგვარი შეფერხებისა და ჩავარდნების გარეშე, კეთილსინდისიერად ასრულებენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებს.

შესყიდვების სააგენტო აცხადებს, რომ ზოგადად, თეთრი სია წარმოადგენს ერთგვარ „სანდოობის რეესტრს“ და მხოლოდ ბრუნვა ასეთი ნდობის მოსაპოვებლად არ შეიძლება იყოს ერთადერთი კრიტერიუმი, შემოდის ახალი კრიტერიუმი, რომლის თანახმადაც, თეთრ სიაში შეიძლება დარეგისტრირდეს მიმწოდებელი, რომელსაც უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჯეროვნად აქვს შესრულებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ სულ მცირე 30 ხელშეკრულება (მაგრამ არანაკლებ წელიწადში 5-ისა). ამგვარი ხელშეკრულების შესრულება უნდა დასტურდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ითა და ანგარიშსწორების შესახებ ასახული ინფორმაციით.

ახალი წესის მიხედვით,  მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვა, მაგრამ წლის განმავლობაში სულ მცირე 200 000 ლარისა. სააგენტო აცხადებს, რომ ამგვარი მიდგომა განპირობებულია თეთრ სიაში აქტიური და სტაბილური მიმწოდებლების რეგისტრაციის მიზნებით.

თეთრ სიაში მყოფი მიმწოდებლები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას კიდევ უფრო გამარტივებული პროცედურებით სარგებლობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი