ეკონომიკა

G4G USAID გადახდისუნარიანობის საკანონმდებლო რეფორმის დასახვეწად მუშაობს

15 თებერვალი, 2016 • 1973
G4G USAID გადახდისუნარიანობის საკანონმდებლო რეფორმის დასახვეწად მუშაობს

USAID-ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის პროექტზე მუშაობს.

საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა (EBRD, IFC, GIZ, USAID), რომლებმაც შეისწავლეს საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემა და მისი ხარვეზები, ტექნიკური ექსპერტებთან, მთავრობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დღეს გამართულ საჯარო განხილვაზე რეფორმის განხორციელების აუცილებლობასა და გადახდისუუნარობის სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებებზე იმსჯელეს.

G4G – „მმართველობა განვითარებისთვის“ USAID-ის ხუთწლიანი, $19.3 მილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.

G4G-ის 2015 წლის კვლევამ გამოავლინა გადახდისუნარიანობის კანონსა და სისტემაში არსებული ხარვეზები. მსოფლიო ბანკის 2016 წლის ანგარიშში ბიზნესის კეთების შესახებ, საქართველომ გადახდისუნარიანობის კუთხით 189 ქვეყანას შორის 101 ადგილი დაიკავა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ქვეყნისათვის სხვა კრიტერიუმებთან შედარებით.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე ასევე ეთანხმება კვლევის ავტორებს და ამბობს, რომ საკითხის გადასაჭრელად საკანონმდებლო რეფორმა აუცილებელია.

“ჩვენ ვგეგმავთ, რომ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადოს კანონმა გადახდისუნარიანობის რეგულირების კუთხით. მაგრამ ვფიქრობთ, რომ პრობლემა მხოლოდ ამ ერთი საკითხით არ არის განპირობებული. ვეთანხმები იმ აზრის, რომ გარკვეული ფსიქოლოგიური ფაქტორებიც განაპირობებს პრობლემებს. არასათანადოდ არის დაფასებული და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გააცნობიერა რა დადებითი ზეგავლენა შეიძლება გაჩნდეს მისი განხორციელების შედეგად,” – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

როგორც მკვლევარებია აცხადებენ, კანონთან ერთად პრობლემა თავად ბიზნეს სექტორშიცაა, რომელსაც არ სურს ბიზნესის რესტრუქტურიზაცია და სასამართლო ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. საქმის წარმოაება რთულად წარიმართება და გაცილებით დიდ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

სფეროს ექსპერტი როინ მიგრიაული კი აცხადებს, რომ გამართული ანონის არსებობა ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სწორი შეხედულების დამკვირდრებას.

“ამ საკითხზე სამუშაოდ ინიციატივას იჩენენ ისეთი პირები, რომლებიც არ არიან სფეროს ექსპერტები. ეს საგანგაშოა. ჯობია, რომ იუსტიციის სამინისტრო გააქტიურდეს და თუ ის ვერ იღებს ამ საქმეს თავის თავზე, მაშინ არსებობს ეკონომიკის სამინისტო. რომელიმე სამინისტრო უნდა ამოქმედდეს,” – ამბობს მიგრიაული.

როგორც დონორი ორგანიზაცოების წარმომადგენლები აცხადებენ, პრობლემა სპეციფიურია და ყველა ქვეყანას დამოუკიდებლად, საკუთარ თავზე მორგებული სისტემა სჭირდება, ამიტომ რთულია სხვა ქვეყნების მაგალითით ხელმძღვანელობა. მსოფლიო ბანკი მოუწოდებს ქართულ მხარეს, რომ პრობლემით დაინტერესდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი