ეკონომიკა

ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით El Al Israel Airlines რეგულარულ რეისებს შეასრულებს

9 თებერვალი, 2016 • 1412
ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით El Al Israel Airlines რეგულარულ რეისებს შეასრულებს

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანია El Al Israel Airlines ზაფხულის სეზონიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს.

საჰაერო მიმოსვლა თელ-ავივსა და თბილისს შორის კვირაში 1 სიხშირით, ხოლო თელ-ავივსა და ბათუმს შორის კვირაში 2 სიხშირით, „ბოინგ 737-800“ და „ბოინგ 737-900“ ტიპის ლაინერებით შესრულდება.

მათივე ცნობით, რეისების შესრულების დეტალები ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ის და კომპანია TAV-ის წარმომადგენლებთან განიხილა.

ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს ისრაელიდან საქართველოს 60 ათასამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2014 წელთან შედარებით 40%-ით მეტია. საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ-ათეულში კი ისრაელი მე-6 ადგილს იკავებს.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2015 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ისრაელში აქტიური მედიაკამპანია ჩაატარა. მისი თქმით, მარკეტინგული კამპანია წელსაც გაგრძელდება. აღმოსავლეთ ევროპაში El Al Israel Airlines-ის რეგიონალური მენეჯერის იგორ ვაისბურგის განცხადებით, პირდაპირი რეგულარული ავიარეისები თელ-ავივიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით დიდი იმპულსი იქნება საქართველოსა და ისრაელის ტურიზმის განვითარებისათვის.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ის და კომპანია TAV-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ფოტო – ეკონომიკის სამინისტრო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ის და კომპანია TAV-ის
წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. ფოტო – ეკონომიკის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი