ეკონომიკა

საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს

3 თებერვალი, 2016 • 1986
საკონსტიტუციო სასამართლო ეროვნული ბანკის შესახებ სარჩელის განხილვას იწყებს

ხვალ, 4 თებერვალს, 11:00 სთ-ზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყება არსებითი განხილვა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის კანონის შესახებ.

ამ ნორმის კონსტიტუციურობის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი დავობს, რომლის შემადგენლობაშიც ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების წევრები შედიან. საქმე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბარამიძე, დავით ბაქრაძე და სხვები, სულ 39 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად 2015 წლის 12 ოქტომბერს მიიღო.

მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის რიგ საკანონმდებლო აქტებში, მათ შორის, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა შედეგადაც შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო“ და მას დაეკისრა იმ ფუნქციების განხორციელება, რაც სადავო ნორმების ამოქმედებამდე ეროვნული ბანკის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის კანონს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და კანონი მიიღო. ამის შემდეგ ნაციონალური მოძრაობისა და თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებმა კანონის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით შეიტანეს სარჩელი, რომელიც არსებითად განსახილველად 2015 წლის 12 ოქტომბერს მიიღო. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, შესაბამისად, ამჟამად, საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი