ეკონომიკა

საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდა

22 იანვარი, 2016 • 1155
საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლაზე შეთანხმება გაფორმდა

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილემ, დავით ხუციშვილმა 21 იანვარს ხელი მოაწერა საქართველოსა და ბაჰრეინის სამეფოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას.

სამინისტროს ცნობით, შეთანხმებას ხელი მოეწერა საჰაერო შოუს „Bahrain International Air Show” ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილის ხელმძღვანელობით ესწრება.

“შეთანხმების გაფორმებით იქმნება ორ ქვეყანას შორის საჰაერო ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზა, რაც ხელს შეუწყობს პირდაპირი საჰაერო რეგულარული მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას, ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და ტურიზმის განვითარებას. შეთანხმება ეფუძნება ლიბერალურ, ღია ცის პრინციპებს; პროექტის თანახმად, ავიაკომპანიებს საშუალება ეძლევათ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტევადობა, ფრენების სიხშირე კი დამოკიდებული იქნება არსებული პერიოდისთვის საავიაციო ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნების ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება (შეიძლება განხორციელდეს) საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა,”– აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ შეხვედრები გამართა ბაჰრეინის, იორდანიის და ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრებთან. ასევე შეხვედრა გაიმართა მატიას ფეკლთან – საფრანგეთის სახელმწიფო მდივანთან საგარეო კომერციის, ტურიზმისა და დიასპორის საკითხებში. ამასთან, დავით ხუციშვილმა მოლაპარაკებები გამართა ქუვეითის ავიახაზების, საუდის არაბეთის ავიახაზების და ბაჰრეინის ეროვნული ავიაკომპანიის „გალფ ეარის” ხელმძღვანელებთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი