ეკონომიკა

პრეზიდენტი სვანეთში, ანუ რატომ არიან ლიბერალები სოციალისტები

24 დეკემბერი, 2010 • 1759
პრეზიდენტი სვანეთში, ანუ რატომ არიან ლიბერალები სოციალისტები

მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტი სვანეთს ეწვია  – ეს ქართული სატელევიზიო მედიის უმთავრესი თემა  იყო 24 დეკემბერს. ფაქტი მართლაც მნიშვნელოვანია, ვინაიდან ვიზიტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული მიმართულების განვითარებას ეხებოდა. “ახალი დიდი ტურისტული მსოფლიო მარგალიტი” – ასე უწოდა პრეზიდენტმა სვანეთში განსავითარებელ ტურისტულ ზონას.

სხვადასხვა უმნიშვნელო დეტალებთან ერთად პრეზიდენტი მთავრობის გასვლით სხდომას დაესწრო და რამოდენიმე საყურადღებო განცხადება გააკეთა. პირველ რიგში საუბარი შეეხო ადგილობრივ დონეზე ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ინფრასტრუქტურის განვითარება არის თემა, რომელიც ცალსახად მნიშვნელოვანია, მითუმეტეს იმ დროს, როდესაც საუბარია ტურიზმის განვითარებაზე. ძალიან ძნელია ისაუბრო ტურისტების მოზიდვაზე იმ დროს, როდესაც ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უბრალოდ არ არსებობს. ამასთან, ინფრასტრუქტურის ნაწილში იგულისხმება ორი მიმართულება. კერძოდ, არის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ცალსახად სახელმწიფომ უნდა განახორციელოს. მაგალითად, გზები, კომუნიკაციები და ა.შ. თუმცა ამავე დროს არის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომლის განვითარებაც უფრო მეტად კერძო ინვესტიციებზეა დამოკიდებული. მაგალითად, სასტუმროები, კვების ობიექტები და ა.შ. თუმცა ერთიც უნდა აღინიშნოს, რომ უმრავლეს შემთხვევაში სწორედ სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება უსწრებს წინ კერძო ინვესტიციებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ძნელია სასტუმრო ან კვების ობიექტი ააშენო იმ ადგილზე, სადაც არ არის კომუნიკაციები, მაგალითად, წყალი, ელ.ენერგია და არ არის ნორმალურად მისასვლელი გზა.

სვანეთის შემთხვევა კი აბსოლუტურად სწორად განვითარებული პოლიტიკაა, როდესაც სახელმწიფო აწესრიგებს ინფრასტრუქტურას და ქმნის შესაბამის ტექნიკურ პირობებს კერძო ინვესტიციების მოსაზიდად. თუმცა პრეზიდენტის მხრიდანვე მოხდა ერთგვარი “აღიარება”, რომ პოტენციური ინვესტორები სვანეთის მიმართულებით მაინცდამაინც არ აქტიურობენ.

“რატომ სძინავს კერძო სექტორს” – ეს იყო კიდევ ერთი თემა, რომლითაც პრეზიდენტი დაინტერესდა, თუმცა ალბათ ამ კითხვაზე საუკეთესო პასუხი სწორედ მთავრობას აქვს. საინტერესოა ისიც, რომ დაახლოებით მსგავსი პათოსით პრეზიდენტმა რამოდენიმე თვის წინ ქობულეთის ფიჭვნარში თავისუფალი ტურისტულ ზონის პრეზენტირებისას ისაუბრა – “ყველამ კარგად დამიგდოს ყური, ვისაც სახლში ან სადღაც ბანკში უდევს რამდენიმე მილიონი დოლარი. ბანკში და მუთაქაში ფული არ მოიმატებს და შეიძლება დაკარგოთ კიდეც. ჩვენ გთავაზობთ პროექტს, რომლითაც ეს ფული შეიძლება უახლოეს წლებში მინიმუმ გააორმაგოთ”. ცუდი და დამაფიქრებელი ფაქტია ის, რომ 4-5 თვიან პერიოდში კერძო სექტორის აქტიურობის მიმართულებით არაფერი შეცვლილა, ისევე როგორც არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის პათოსში, რამოდენიმე თვის წინ ის ინვესტორებს ქონების გაორმაგების პირობას აძლევდა, ახლა კი პრეზიდენტი მათ “ოქროს ზოდებს დაპირდა”.

სინამდვილეში არაინირი ტიპის სიტყვიერი დაპირება არ რეაგირებს კერძო სექტორზე, რომელსაც ინვესტირება სურს. სამწუხაროდ, საქართველო არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა დაპირდე ერთი ინვესტორს და სინამდვილეში, გააკეთო მეორე. ამ მხრივ უამრავი კონკრეტული წვრილმანის დასახელებაა შესაძლებელი, თუმცა ერთი აუცილებლად უნდა აღინიშნოს, 2004 წელს მიღებულ საგადასახადო კოდექსში ჯერ ასახული იქნა კერძო არბიტრაჟში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის დავების შესაძლებლობა, თუმცა აღნიშნული მექანიზმი სწრაფადვე გაუქმდა, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს სასარგებლოდ. ბუნებრივია, მსგავსი პრეცედენტები ინვესტორთა ნდობაზე არც თუ დადებითად აისახება.

ყველა ინვესტორს აინტერესებს რამოდენიმე ისეთი მთავარი დეტალი, რომელიც მოცემულ მომენტში საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია. კერძოდ, პოლიტიკური სტაბილურობა (შიდა და გარე გამოწვევები), საკანონმდებლო სტაბილურობა, ბიზნესის სამართლებრივი გარემო, ინვესტორთა დაცულობა (ამ ნაწილში მსოფლიო ბანკის კვლევების თანახმად, საქართველოს გარკვეული წინსვლა აქვს). აღნიშნული უმნიშვნელოვანესი დეტალების არარსებობა კერძო სექტორში იწვევს ერთადერთ ეფექტს – სიფრთხილეს, რომელსაც შესაძლებელია სხვაგვარად შიში ვუწოდოთ.

ყველაზე მიმზიდველი, რაც საქართველოს ბიზნეს გარემოს ამჟამად გააჩნია, არის ბიზნესის დაწყების სიმარტივე (დარეგისტრირების პროცედურები, ნებართვების მარტივად მიღების შესაძლებლობა) და საგადასახადო სისტემა, რომელიც უფრო კონკრეტულ სახეს 2011 წელს მიიღებს. თუმცა, ერთადერთი, რაც საგადასახადო-შემოსავლების სფეროში დაწყებულ უმნიშვნელოვანეს რეფორმებს აუფასურებს, ინვესტორთა გადმოსახედიდან არის კვლავ საკანონმდებლო არასტაბილურობის განცდა. ამასთან, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გადასახადების რეფერენდუმის გზით ცვლილების დამტკიცება, შესაძლებელია, ინვესტორთათვის უფრო მეტი სტაბილურობის განცდის მატარებელი იყოს.

მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სვანეთს არ მიენიჭება თავისუფალი ტურისტული ზონის სტატუსი და ეს იმით ახსნა, რომ მიწა ინვესტორებს სიმბოლურ ფასად გადაეცემათ, ხოლო მოსალოდნელი შემოსავლები კი იმდენად მაღალია, რომ არანაირი ტიპის შეღავათებს არ საჭიროებს.

სინამდვილეში, თუ საუბარი მართლაც იმ მოსალოდნელ “ოქროს ზოდებზეა”, რომლებიც ინვესტორებს ელოდებათ, მაშინ გასაკვირია, მიწა რატომ ეძლევათ მათ სიმბოლურ ფასად, ხოლო თუ ლაპარაკია ინვესტორთა მოზიდვაზე, მაშინ ინვესტორთათვის დაბეგვრის ის რეჟიმები უფრო მიმზიდველია, რომელიც ანაკლიასა და ქობულეთის თავისუფალ ტურისტულ ზონებში არსებობს, ვიდრე მიწის სიმბოლური ფასი.

კიდევ ერთი თემა, რომელიც მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა, კონკრეტულად სვანეთს არ ეხებოდა და განიხილავდა მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევების საპასუხო ნაბიჯების შემუშავებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. პრემიერის პასუხი კი “მსოფლიო წნეხის შემცირებაზე” იყო ელ.ენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერების მომზადება იანვრის ბოლოსათვის. მოსალოდნელ კრიზისს რომ ელექტროენერგიის ოცლარიანი ვაუჩარი ვერ დაუპირისპირდება, ეს ერთი თემაა, თუმცა როდის უნდა მოვიდეს დრო, როდესაც საქართველოს “ლიბერალური ეკონომიკის მხარდამჭერი” მთავრობა მემარცხენე-სოციალისტურ მეთოდებზე იტყვის უარს, ეს ცალკე განსახილველი თემაა. თუ მთავრობას მიაჩნია, რომ ელ.ენერგიის გადასახადი მაღალია მოსახლეობისათვის, ამის საპირისპიროდ, მას ელ.ენერგიაზე დამატებული ღირებულების გადასახადის მოხსნა შეუძლია და არა თანხის ჯერ ამოღება და შემდგომ მოწყალების სახით უკან გადაცემა.

რეალობა ისაა, რომ ყოველთვის, როდესაც საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას მიმოიხილავ, გიჩნდება ორი მთავარი კითხვა: სად არის თანმიმდევრულობა და რატომ არიან ლიბერალები სოციალისტები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი