ეკონომიკა

საქართველოს უმსხვილეს ინვესტორებს შორის ნიდერლანდები ლიდერობს

14 დეკემბერი, 2010 • • 1527
საქართველოს უმსხვილეს ინვესტორებს შორის ნიდერლანდები ლიდერობს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის წინასწარი ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2010 წლის III კვარტალში 160 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 12,8 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია.

2010 წლის III კვარტლის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილეს ინვესტორებს შორის ლიდერობენ: ნიდერლანდები, რომლის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 26 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიური კვარტლის მაჩვენებელზე 25,1 მლნ აშშ დოლარით მეტია,   აშშ 21,7 მლნ აშშ დოლარით, რომელიც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15,7 მლნ აშშ დოლარით ჩამორჩება, რუსეთი 18,7 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული მაჩვენებელი 12,1 მლნ აშშ დოლარით აღემატება 2009 წლის III კვარტლის მონაცემს, საერთაშორისო ორგანიზაციები 18,1 მლნ აშშ დოლარით. ჯამში,  2010 წლის  III კვარტლის მონაცემებით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების 72 % შეადგინა.

2010 წლის III კვარტლის მონაცემებით,  პირდაპირ უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: საფინანსო სექტორი–49,7 მლნ დოლარი(31%), ტრანსპორტი და კავშიგაბმულობა 40,5 მლნ აშშ დოლარი(25%), უძრავი ქონება–33,6 მლნ აშშ დოლარი(21%), ენერგეტიკა–16 მლნ აშშ დოლარი(10%), 36,6 მლნ აშშ დოლარი,–მთლიანი რაოდენობის 13% კი დანარჩენ სექტორებზე ნაწილდება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მიერ გამოქვენებული წინასწარი ინფორმაცია მომზადებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი