ეკონომიკა

შემოსავლების სამსახური, თუ საგზაო პოლიცია?

5 დეკემბერი, 2010 • 1823
შემოსავლების სამსახური, თუ საგზაო პოლიცია?

მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში სახელმწიფო და გადასახადები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. არც ერთი სახელმწიფო არ არსებობს გადასახადების გარეშე და, შესაბამისად, სახელმწიფო “იძულების წესით” “სპეციალური სამსახურის” დახმარებით საკუთარ მოქალაქეებს ართმევს ამ გადასახადებს.

ერთი რამ ფაქტია: ყოველთვის და ყველა ქვეყანაში გადასახადებს იძულებითი ხასიათი აქვს. რეალობაა ის, რომ გადასახადების ნებაყოფლობითობის შემთხვევაში მისგან თავის არიდებას მოქალაქეთა უმრავლესობა დაუფიქრებლად მოინდომებდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს მხრიდან იძულების მეთოდების გამოყენებას საგადასახადო სფეროში შესაძლებელია ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა.

2010 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (საგადასახადო სამსახური) განსაკუთრებით მცირე ბიზნესმენებს ექცეოდა იმგვარად, როგორც 2004 წლამდე საგზაო პოლიცია (ე.წ. “გაი”) მძღოლებს. თუმცა ქცევის ამ ფორმაში ერთი მნიშვნელოვანი სხვაობა და ერთიც კი მსგავსება იყო. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მსგავსება მდგომარეობს შემდეგში: შემოსავლების სამსახური ისევე ჩასაფრებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ბიზნესმენებთან მიმართებაში, როგორც საგზაო პოლიცია –მძღოლებთან მიმართებაში, ანუ ორივე ეს სტრუქტურა აქცენტირებული იყო არა მდგომარეობის შეცვლაზე ან გამოსწორებაზე, არამედ – დასჯასა და დაჯარიმებაზე. ამ ორ ინსტიტუტს შორის სხვაობა კი კორუფციის მაჩვენებელი იყო. კერძოდ, საგზაო პოლიცია მთლიანად “აგებული” იყო ქრთამზე, ხოლო შემოსავლების სამსახურის დადანაშაულება კორუფციაში ძნელი იქნება.

2010 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო გახმაურებული ფაქტი სავაჭრო ცენტრ “კიდობანისა” თუ სხვა ტერიტორიებზე მოვაჭრე ინდივიდუალურ მეწარმეთა მასობრივი დაკავებები იყო. მიუხედავად დაკავების პროცესში გაჟღერებული სხვადასხვა ტიპის მიზეზებისა, ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდათ საშუალება მასობრივ დაპატიმრებამდე, პირველ რიგში, ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ მკაცრი გაფრთხილებით შემოფარგლულიყვნენ და მხოლოდ ფაქტის განმეორების შემთხვევაში მიეღოთ უკიდურესი ზომები. თუმცა, მოცემულ ვითარებაშიც ცხადი იყო, რომ ხელისუფლების ნება არა მდგომარეობის გამოსწორება, არამედ ინდვიდუალურ მეწარმეთა დასჯა და შემდგომში საპროცესო გარიგებების გზით ბიუჯეტში თანხების მობილიზება იყო.

სამწუხაროდ, ერთჯერადი ეფექტები, რომლებიც მეწარმეთა დაშინების გზით ბიუჯეტის შევსების მცდელობას უკავშირდება გრძელვადიან პერიოდში, საპირისპირო, ძალიან ცუდი შედეგის მატარებელია. ვინაიდან ასეთ ვითარებაში მეწარმეთა სრულ უმრავლესობას ეკარგება სტიმული საკუთარ ბიზნესში თანხების რეინვესტირების, რაც, თავის მხრივ, აფერხებს სხვადასხვა ტიპის კერძო ინიციატივებს.

ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესოა მიმდინარე წლის 3 დეკემბერს გამართული საქართველოს პრეზიდენტის   ბრიფინგი. პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი ისეთივე შთამბეჭდავი იყო, როგორც დაახლოებით ერთი წლის წინ პრეზიდენტის მიერვე გაცხადებული “თავისუფლების აქტის” პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტში, თუმცა, იმედია, რომ აღნიშნული ბრიფინგი ძირითადში ისევე დეკლარირების დონეზე არ დარჩება, როგორც ეს “თავისუფლების აქტის” დროს გაცხადებული არა ერთი პოსტულატი, განსაკუთრებით კი გადასახადების რეფერენდუმით ცვლილების თემა.

3 დეკემბრის ბრიფინგზე პრეზიდენტის მიერ გაცხადებული “ახალი კურსი” ითვალისწინებს:

  • ახალი საგადასახადო კოდექსის ამუშავებას, რომელიც შეამცირებს საგადასახადო ადმინისტირების წნეხს მეწარმეზე.
  • დარღვევის პატიებისა და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღებას; ასევე, საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას, რათა მეწარმე უფრო დაცულად გრძნობდეს თავს.
  • დარიცხვის ისეთი მექანიზმის შემოღებას, რომ ბიზნესის შეცდომის გამო, დარიცხულმა თანხამ საწარმოს გაჩერება და დანგრევა არ გამოიწვიოს; მაშინაც კი, თუ საწარმოს მფლობელი შეგნებულად არღვევს კონკრეტულ ნორმებს, საწარმო კი არ უნდა დაიხუროს, არამედ გადარჩეს და მუშაობა გააგრძელოს, რათა კონკრეტული ადამიანები ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩნენ.
  •  ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებას და ძველების გადამზადებას ისე, რომ ყოველი მათგანი იყოს, უპირველესად, ორიენტირებული ბიზნესის წარმატებასა და ხელშეწყობაზე; ისე, რომ მათთან მუშაობა მეწარმისათვის იყოს კომფორტული და გასაგები; ისე, რომ მათგან მოდიოდეს სამართლიანობის განცდა.
  • ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც მკვეთრად გაამარტივებს პროცედურებს და მომსახურებას, შეამცირებს ბიუროკრატიას და მომსახურეობის ვადებს მინიმუმამდე დაიყვანს. მაგალითად, ისე, რომ განბაჟების პროცედურის სრული ციკლის დასრულება მაქსიმუმ ერთ საათში იყოს შესაძლებელი.

აღნიშნული თეზისების მოსმენისას შეუძლებელია პრეზიდენტს არ დაეთანხო. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ თუ ბრიფინგის დროს გაჟღერებული ყველა თეზისი იქნება შესრულებული და ამას დაემატება “თავისუფლების აქტის” წარდგენის დროს გაჟღერებული იდეების რეალური შესრულება, საქართველოში ბიზნესის განვითარების საუკეთესო წინაპირობები შეიქმნება. ასეთ შემთხვევაში ბიზნესის განვითარების წინაპირობებში იგულისხმება არა ბიზნესის ფორმალურად დაწყების პროცედურების სიმარტივე, არამედ ბიზნესის რეალურად კეთების სიმარტივე.

ამასთან, პრეზიდენტის მიერ გაჟღერებული იდეების მოსმენისას ჩნდება მთავარი კითხვა: თუ ხელისუფლება ყველა ამ პრობლემას ხედავდა წლების განმავლობაში, მხოლოდ ახლა რატომ გადაწყვიტა მდგომარეობის შეცვლა? რა აფერხებდა ხელისუფლებას აქამდე?

მიუხედავად ყველაფრისა, ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა 2011 წლიდან იქნება ის, რომ ქვეყანაში მოქმედ ყველა ბიზნესმენს, ასევე, საკუთრების ნებისმიერ მფლობელს ჰქონდეს განცდა სტაბილურობის. არანაირი ტიპის საგადასახადო შეღავათი, არანაირი ტიპის რეგისტრაციის სიმარტივე არ წაახალისებს ბიზნესმენს, განახორციელოს ინვესტირება ან რეინვესტირება იმ შემთხვევაში, თუ მას არ ექნება საკუთრების ფლობისა და განკარგვის, ასევე, საქმიანობის სტაბილურობის განცდა.

გიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი
გიორგი აბაშიშვილი არის ნეტგაზეთის ეკონომიკის განყოფილების რედაქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით, ამავე უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის დოქტორანტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი