ეკონომიკა

ბიზნესი წესების გარეშე

3 დეკემბერი, 2010 • 1932
ბიზნესი წესების გარეშე

ბიზნესში დღეს თამაშის წესები არ არსებობს, ამ წესების გარეშე კი ბიზნესის კეთება შეუძლებელია; ხელისუფლებამ ბიზნესმენებს უკანონოდ წართმეული ქონება უნდა დაუბრუნოს. დღეს არც ერთი ბიზნესმენი არ არის დაცული, შესაძლოა ნებისმიერ დროს დაგიჭირონ –  ამბობს ბიზნესმენი, ზურაბ ცისკარაძე.

„თითოეულ ბიზნესმენს თამაშის თანაბარი წესები უნდა ჰქონდეს. თქვენ მხოლოდ გადასახადების პატიოსნად გადახდა გჭირდებათ…“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 2004 წლის მარტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე, რომელსაც შპს “აირის” დამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ცისკარაძეც ესწრებოდა:  “დიდი იმედი მომეცა. ბევრი ფიქრობდა ჩემსავით, რომ გვეშველა… ივნისში ბათუმის მერიაშიც შეგვხვდა მთავრობა; აჭარის ბიზნესმენთა ასოციაცია ჩამოვაყალიბეთ და პრეზიდენტად ამირჩიეს”.

პრეზიდენტად არჩევიდან რამდენიმე დღეში ცისკარაძე იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა: “მეგობარმა ადვოკატმა და გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანმა მირჩიეს, ქვეყანა დამეტოვებინა, თორემ დამაკავებდნენ”.

ეს მისთვის ბიზნესიდან რიგით მეორე იძულებითი ჩამოცილება იყო. რვა თვის შემდეგ, ფინანსური ამნისტიით ქვეყანაში დაბრუნებული ზურაბ ცისკარაძე, 2005 წელს მესამედ აიძულეს საქმიანობა შეეწყვიტა. ბიზნესმენის ქონების ნაწილი სახელმწიფომ მიისაკუთრა.

იძულება პირველი

“აირმა”  აჭარაში თხევადი გაზის რეალიზაცია 1998 წელს დაიწყო. 2001 წელს კი, როგორც ზურაბ ცისკარაძე ამბობს, აჭარის მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, ფაქტობრივად, აეკრძალათ გაზის აჭარის ტერიტორიის ფარგლებს გარედან შემოტანა. “აირმა” გაზის ექსპორტი 2003 წელს მაინც დაიწყო აზერბაიჯანიდან, რასაც აჭარის ხელისუფლებისგან ზურაბ ცისკარაძის წინააღმდეგ “ზეწოლა, მუქარა და შანტაჟი მოჰყვა. კერძოდ, ჯუმბერ გოგიტიძისგან, რომელიც ერთდროულად იყო ნავთობბაზის დირექტორი, სს  “აჭარგაზის” (“აირის” კონკურენტის) მმართველი, საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტების თავმჯდომარე… მზად ვიყავი, მიმეყიდა ყველაფერი მათთვის, მაგრამ ქონების წართმევა დამიპირეს”.

საგადასახადოსა და აჭარის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა, სასამართლოს ნებართვის გარეშე, დაიწყეს  “აირის”  შემოწმება და ფირმას 666 878 ლარის გადასახადი დააკისრეს. ზურაბ ცისკარაძემ აქტზე (2003 წლის სექტემბერი) ხელი არ მოაწერა: “ყველა გადასახადს ვიხდიდი, მაგრამ არ მქონდა გამოწერილი დღგ-ს სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა და ვერც გამოვწერდი, – აჭარაში არ გვაძლევდნენ ამ დოკუმენტს. დარიცხული თანხის წარმოშობის ძირითადი მიზეზი ეს იყო”. აქტი რეაგირებისთვის ჯერ აჭარის პროკურატურას, მერე საგადასახადოს გადაეცა.

საქმის მასალებიდან: “საგადასახადოს ინსპექტორ ა. კახიძის თქმით, პირველი აქტი დაიწერა აჭარის უშიშროების სამინისტროში ვინმე თოდრიას ხელმძღვანელობით და დაიბეჭდა მათსავე კომპიუტერზე”.

კახიძის ჩვენებიდან: “აღვნიშნავ, რომ ჩემთან ერთად შემოწმებაში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლები და ყველა ციფრი, რომელიც ფიქსირდებოდა, მათ მიერ კონტროლზე იყო აყვანილი” (სსს #1807, ტ.2, გვ. 168).

“აირში” განმეორებითი რევიზია ჩატარდა. მორიგი შემოწმების აქტით (2004 წლის მარტი) ფირმას 549 000 ლარის გადახდა დააკისრეს. ამ დროს ზურაბ ცისკარაძე თბილისშია: “2004 წლის 10 იანვარს იგეგმებოდა ჩემი დაპატიმრება, ამიტომ ბათუმიდან გაპარვა მომიწია”. იგი ბათუმში “აჭარის რევოლუციის” შემდეგ დაბრუნდა.

იძულება მეორე

აჭარის რევოლუციის შემდეგ ზურაბ ცისკარაძემ საქმიანობა განაახლა. 2004 წელს კი მის წინააღმდეგ ხელვაჩაურის რაიონულმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტს გადაეგზავნა. ამის შესახებ ცისკარაძემ ერთი თვის შემდეგ შემთხვევით გაიგო. საქმე, აბაშიძის პერიოდში ჩატარებული რევიზიების აქტებზე დაყრდნობით აღიძრა.

“სასამართლოს ნებართვის გარეშე საგადასახადოს და მითუმეტეს, უშიშროების თანამშრომელთა შესვლა კომპანიაში, თავიდანვე დანაშაული იყო. ამდენად, ყველა შემდგომი მოქმედებაც იყო უკანონო”, _ აცხადებს ზურაბ ცისკარაძე. მან ამჯერადაც დაპატიმრების საფრთხის გამო დატოვა ქვეყანა. იმავე წლის 14 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას პატიმრობა შეუფარდა, გამოცხადდა ბრალდებულის ძებნა. მოსამართლის ბრძანებით “აირისა” და მისი დირექტორის ქონება დაყადაღდა და “ბრალდებული სამუშაოდან გადააყენეს”. საქმე არ გააცნეს და გამოძიების პროცესში არ ჩართეს ზურაბ ცისკარაძის ადვოკატი გივი პაპუაშვილი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით “აირში” ხელახალი შემოწმება (მესამედ) ჩატარდა. თუმცა ზურაბ ცისკარაძეს მიაჩნია, რომ “დამატებითი შემოწმების აქტით და ექსპერტიზის დასკვნით ბიუჯეტისადმი დავალიანების რაოდენობა კვლავ დაუდგენელია”. ამავე აქტში ისიც არის აღნიშნული, რომ “საწარმოზე სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების გაუცემლობა დასტურდება წინა პერიოდის შემოწმების მასალებითაც”.

აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის ცნობით კი “აირს” 2004 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტის მიმართ გასალდოებული (სხვაობა შემოსავლისა და გასავლის ჯამებს შორის) დავალიანება არ ერიცხება.

25 დეკემბერს ამ საქმეზე წინასწარი გამოძიება შეჩერდა, ბრალდებულის დაძებნამდე.

იძულება მესამე

ზურაბ ცისკარაძე საქართველოში თურქეთიდან 2005 წლის იანვრის ბოლოს დაბრუნდა. ამნისტიის აქტის საფუძველზე მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ამავე წლის თებერვალში შეწყდა.

“ამნისტიის შემდეგ, ოთხი თვის განმავლობაში არავის მოუთხოვია გადასახადები. გასაჩივრების ვადა გაატარეს და შემდეგ მითხრეს, ფული გაქვს გადასახდელიო. რახან ამნისტია შემეხო, მეგონა, იმ ძველ ფინანსებს აღარ მედავებოდნენ… ძველი ჯარიმების გადახდა გავასაჩივრე”, _ აცხადებს ზურაბ ცისკარაძე.

სისხლის სამართლის საქმე “აირის” დირექტორის მიმართ შესაბამისი კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე შეწყდა. ზურაბ ცისკარაძე კი სასამართლოსგან ითხოვდა, ამავე კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე “აირის” მიერ ბიუჯეტთან ანგარიშსწორება შესრულებულად ჩათვლილიყო:

“არც დამალაპარაკეს, _ ფული გაქვს გადასახდელი და უნდა გადაიხადოო… პარალელურად “ბათგაზი” შევქმენი. არ გასულა ერთი თვე, შემოვარდნენ (2005 წელს) ნიღბიანები და 120 ათასი ლარით დამაჯარიმეს _ არ გადაიხდი და დაგიჭერთო. ფინანსურმა პოლიციამ მოგონილი მიზეზით _ თითქოს უხარისხო გაზს ვყიდდი, ყველაფერი დალუქა. ვერ დამიმტკიცებდნენ, მაგრამ სასამართლოში დავას აზრი აღარ ჰქონდა. მივხვდი, რომ არ უნდა მემუშავა, არ უნდა ვყოფილიყავი ბიზნესში. ეს თანხა გადავიხადე და იძულებული გავხდი, საქმიანობა შემეწყვიტა”.

“აირს” ჩამოერთვა თხევადი გაზის ჩამოსასხმელი სტაციონალური სადგური (ბათუმში, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში), ასევე ხელვაჩაურში, ქარხანა “ნარინჯის” ტერიტორიაზე არსებული თხევადი გაზის შესანახი ტერმინალი სარკინიგზო ჩიხით, გაზის გადასატანი ოთხი ავტომანქანა და ბათუმში, იმავე მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთი.

 

ხელისუფლების საბედისწერო შეცდომა

ზურაბ ცისკარაძეს მიაჩნია, რომ ამ ხელისუფლებამ დაუშვა საბედისწერო შეცდომა, როცა კერძო საკუთრებას შეეხო: “შეიძლება შეძლებული კაცი არ იყოს მორჩილი, ყველაფერზე თავი არ დაგიქნიოს, მაგრამ ბიზნესმენი, ვისაც საკუთარი შრომით რაღაც შეუქმნია, არ შეიძლება იყოს მეამბოხე. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც ჩემი ხელით არის შექმნილი, დავიბრუნო. რატომ არ მაძლევ თავისუფალი ბიზნესის კეთების უფლებას?”

“აირის” საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. ზურაბ ცისკარაძე იმის დადგენას ითხოვს, თუ რის საფუძველზე არ მისცეს აჭარის საგადასახადო დეპარტამენტმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგის ბიურომ “აირს” დღგ-ს სპეციალური ანგარიშ-ფაქტურები.

ბიზნესმენი ამბობს, რომ საკუთარ გამოცდილებაზე ისწავლა, როგორ უნდა დაიცვას თავი მეწარმემ. იგი ბიზნესმენთა უფლებების დაცვის საზოგადოების ჩამოყალიბებასაც აპირებს: “ჩვენ მათ არა მარტო სახელმწიფო რეკეტისგან დავიცავთ, არამედ ვასწავლით კიდეც წესებს. თუ ამ წესებს დაიცავენ, მაგრამ სხვა რაღაცას დაუძებნიან, გვერდით დავუდგებით. თუ ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ვიღაცას გადაუხდის ქრთამს, ან არჩევნებზე დააფინანსებს სახელისუფლებო გუნდს და არ შეაწუხებენ, არ არის ასე. იმედია, ნამდვილი ბიზნესმენები შეეცდებიან, თავიანთი უფლება და საქმე დაიცვან. შევეცდები, პირველი ნაბიჯები გადავადგმევინო მათ ამ კუთხით, თუნდაც ანონიმურობის დაცვით…”

შიში, მონოპოლია და გაზის ფასი

“რატომ არ საუბრობენ ღიად ბიზნესმენები თავიანთ პრობლემებზე? _ გაიხსენეთ აბაშიძის დრო, როცა თითქოს ყველას უსმენდნენ და ყველგან სათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული. მაშინ რომელი ბიზნესმენი იტყოდა _ ძირს დიქტატორი აბაშიძე, ანდა რას შეეწინააღმდეგებოდა. _ ახლა იგივე მთელ ქვეყანაში ხდება. ეს ეტაპი მე, სხვებსაც გამოვლილი გვაქვს. იმის შესაძლებლობა, რომ თითქოს ყველას უსმენენ, არ აქვთ, უბრალოდ, აწყობთ ასე, რომ ხალხი დათრგუნული იყოს”, _ ამბობს ზურაბ ცისკარაძე და მიიჩნევს, რომ ბიზნესში ხელისუფლების უხეში ჩარევის შედეგად დაუცველნი არიან მეწარმეები, არის შიში, ბაზარზე მონოპოლია და მომსახურების სიძვირე. მისი აზრით, დღეს საქართველოში “სოკარ-ჯორჯია გაზია” მონოპოლისტი: “აზერბაიჯანიდან გაზს ვერ შემოიტან, გეტყვიან, რომ თბილისში არის “სოკარ-ჯორჯია” და იქ იყიდე… “სოკარს” არ უნდა ჰქონდეს 30-პროცენტზე მეტის შემოტანის უფლება… და გაზიც გაიაფდება. დღეს 30 ლარი თუ ღირს თურქული ბალონი, მაქსიმუმ 18-20 ლარი უნდა ღირდეს. ანუ 1 კგ გაზი 3 კი არა, 2 ლარზე მეტი არ უნდა ღირდეს”.

ზურაბ ცისკარაძე ამბობს, რომ “ნებისმიერი ბიზნესმენი შესაძლოა ნებისმიერ დროს დაიჭირონ. უბრალოდ, საგადასახადო კოდექსი იძლევა ამის საშუალებას. არც იმას აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, დღგ-ს გადასახადი 18 პროცენტი იქნება თუ _ 30, მთავარია ვიცოდე, ამ 30-ს რომ გადავიხდი, სხვა საშიშროება აღარ დამემუქრება. ამას ვგულისხმობ, როცა თამაშის წესებზე ვლაპარაკობ”.

ზურაბ ცისკარიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი