ეკონომიკა

რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ისევ იზრდება

16 ნოემბერი, 2010 • • 1010
რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა ისევ იზრდება

2010 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 86.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.1 მლნ აშშ დოლარით, ანუ 7.5 პროცენტით მეტია 2009 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5.5 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (1.6 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (1.0 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე, ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ოქტომბერში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 89.4 პროცენტი მოდიოდა.

უფრო კონკრეტულად, რუსეთიდან 50,1 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, აშშ-დან 6,1 მლნ აშშ დოლარი, საბერძნეთიდან 5,3 მლნ აშშ დოლარი, იტალიიდან 5 მლნ აშშ დოლარი, უკრაინიდან 4,4 მლნ აშშ დოლარი, თურქეთიდან 3,1 მლნ აშშ დოლარი, ყველაზე ნაკლები რაოდენობის ფულადი გზავნილი კი ისრაელიდან შემოვიდა – 1,1 მლნ აშშ დოლარი,

2010 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 8.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.5 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის ოქტომბერში.

რაც შეეხება გასულ თვეს, სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 84.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 5.5 პროცენტით მეტია 2009 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამ პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა რუსეთიდან (5.7 მლნ აშშ დოლარით), თურქეთიდან (0.9 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (0.6 მლნ აშშ დოლარით), აგრეთვე ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან.

 

2010 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.2 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, ნაცვლად 6.3 მლნ აშშ დოლარისა გასული წლის სექტემბერში.

მასალების გადაბეჭდვის წესი