ეკონომიკა

”საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობის შესახებ

16 ნოემბერი, 2010 • • 1000
”საერთაშორისო გამჭვირვალობა” საქართველოს ბიუჯეტის გამჭვირვალობის შესახებ

 

საერთაშორისო გჰამჭვირვალობა–საქართველომ კვლევის შედეგება წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში  “ღია ბიუჯეტის ინდექსის” განსასაზღვრად ჩატარდა. ინდექსი იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ რამდენად გამჭვირავალეა ქვეყანაში საბიუჯეტო დოკუმენტაცია.

 

საქართველოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსი პირველად 2006 წელს განსაზღვრეს. პირველი გამოკითხვის დროს საქართველომ 100-დან მხოლოდ 34 ქულა მიიღო; 2008 წელს – 53, ხოლო წლევანდელი მონაცემებით, ეს რიცხვი გაუმჯობესდა და 55-ს აღწევს. ამ მონაცემებით, საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა და მას რუსეთი  5 ქულით უსწრებს.

ინდექსი გამოითვლება რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტისგან, როგორებიცაა– წინასაბიუჯეტო განაცხადი, საბიუჯეტო კანონპროექტი, დამტკიცებული ბიუჯეტი, ბიუჯეტი მოქალაქეებისთვის, კვარტალური ანგარიშები, წლიური შუალედური ანგარიში, წლიური საბოლოო ანგარიშები და აუდიტის ანგარიში. აღნიშნული დოკუმენტებიდან საქართველო მხოლოდ ამომწურავ წინასაბიუჯეტო განაცხადს, დამტკიცებული ბიუჯეტს, კვარტალურ ანგარიშებს, საბიუჯეტო კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის ნაწილს, მინიმალური ინფორმაციის შემცველ წლიურ საბოლოო ანგარიშსა და აუდიტის ანგარიშს გამოსცემს, ხოლო ორი დოკუმენტი – წლიური შუალედური ანგარიში და „ბიუჯეტი მოქალაქეებისათვის“ 2009 წელს  საქართველოში საერთოდ არ გამოქვეყნებულა.

ანგარიშის შესახებ პრესკონფერენცია ”საერთაშორისო გამჭვირვალება – საქართველოს” ოფისში გაიმართა. მათი შეფასებით, 55 ქულა საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია დემოკრატიული ქვეყნისთვის და საქართველოს მთავრობას გარკვეული რეკომენდაციებიც შესთავაზეს. მათი თქმით, აუცილებელია „ბიუჯეტი მოქალაქეებისათვის“ და წლიური შუალედური ანგარიშის გამოქვეყნება, ამომწურავი ბიუჯეტის კანონპროექტის მომზადება, საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობის მისაღებად საზოგადოებისათვის უფრო ფართო შესაძლებლობათა უზრუნველყოფა, პარლამენტისათვის მეტი ძალაუფლების მინიჭება საბიუჯეტო წლის დასაწყისში ბიუჯეტის კანონპროექტში ცვლილებების შეტანის თვალსაზრისით და კონტროლის პალატის მიერ აუდიტორული ანგარიშების გამოქვეყნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი